20 თებერვალს საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა საპატრიარქოში მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლები მიიღო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მას ერთადერთი საერო პირი ესწრებოდა: მილიარდერი ვადიმ ნოვინსკი - ბიზნესმენი და დეპუტატი, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის აქტიური მოწინააღმდეგეა.
ვადიმ ნოვინსკი მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის დელეგაციაში შედიოდა.
ვინ არის ვადიმ ნოვინსკი?
ვადიმ ნოვინსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მაშინდელი პრეზიდენტის - ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, 2012 წლის 29 მაისს მიიღო. ის უკრაინაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული კომპანიის, "Smart Holding Group"-ის თანამფლობელია. Forbes-ის 2018 წლის მილიარდერთა სიაში ის 2124-ე ადგილს იკავებს $1-მილიარდიანი ქონებით. ნოვინსკი უკრაინის მოქალაქე 2012 წლიდან არის. ის რუსეთშია დაბადებული და გაზრდილი.
2013 წელს ნოვინსკი უკრაინის პარლამენტში შევიდა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ამჟამად რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მანდატით. მაშინ ის ვიქტორ იანუკოვიჩის რეგიონების პარტიას უჭერდა მხარს, რომელიც ახლა აღარ არსებობს.
უკვე 2014 წელს, ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ნოვინსკი კვლავ მოხვდა პარლამენტში, ახლა უკვე ოპოზიციური ბლოკის მანდატით. ესაა ექვსი პარტიის კოალიცია, რომლებიც ევრომაიდანს მხარს არ უჭერდნენ და ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის პარტიის მემკვიდრეებად მიიჩნევიან.
გასული წლის აგვისტოში "უკრაინის საინფორმაციო სააგენტო" იუწყებოდა, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა ნოვინსკის მოქალაქეობის კანონიერებას ამოწმებს. ის კიდევ ერთი გამოძიების ობიექტია - პროკურატურა იკვლევს, მონაწილეობდა თუ არა ნოვინსკი მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის აწ გარდაცვლილი წინამძღოლის იძულებითი გადაყენების მცდელობაში და უკანონოდ აღუკვეთა თუ არა მის პირად ასისტენტს თავისუფლება. ამ ბრალდებას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს.
დღეისათვის უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში ვადიმ ნოვინსკი ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა მათ შორის, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 2018 წლის ივლისში, ახალი ამბების პორტალ BL.ua-სთან ინტერვიუს დროს, ბიზნესმენმა და დეპუტატმა სამოქალაქო ომი იწინასწარმეტყველა იმ შემთხვევაში, თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ტომოსს მიანიჭებდა.
"მე ვუთხარი მის უწმინდესობა ბართლომეს ძალიან ნათლად: თუ რაიმე დოკუმენტი გაიცემა, რაიმე, თუნდაც სულ უბრალო, ყოველგვარი სპეციფიკური გეგმის გარეშე, მაგრამ თუ ასეთი დოკუმენტი საერთოდ იარსებებს, სამოქალაქო ომი დაიწყება ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მან.
ნოვინსკი აცხადებდა, რომ ტომოსის გაცემის შემთხვევაში, დაიწყებოდა "ომი ეკლესიებისათვის ყველა ქალაქსა და სოფელში".
გასული წლის დეკემბერში ნოვინსკი იმ რამდენიმე ათელ დეპუტატს შორის იყო, რომელთაც უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, გაეუქმებინა რადას უმრავლესობის გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოროშენკოს ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ. ხელმომწერები აცხადებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნიდა რელიგიურ თავისუფლებასა და მშვიდობას უკრაინაში, არღვევდა ადამიანთა უფლებებს და წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩარევას ეკლესიის საქმეებში.
ნოვინსკი 2014 წელს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად არ ცნობს. ანექსიის შემდეგ მილიარდერმა დახურა კლუბი "სევასტოპოლი", რომელსაც ფლობდა და აფინანსებდა. ამავე წელს გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყირიმში არსებული თავისი აქტივები გაეყიდა. კითხვაზე, აღიარებდა თუ არა ნახევარკუნძულზე ჩატარებულ რეფერენდუმს, ასე უპასუხა:
"უმაღლეს რადას ის არ უღიარებია და მე რადას დეპუტატი ვარ".
ამავე დროს, 2014 წელსვე, დეპუტატი გამორიცხავდა რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლებლობას და აღნიშნავდა, რომ "ორი მოძმე მართლმადიდებელი ერი არასდროს დაუპირისპირდება ერთმანეთს".
გასული წლის დეკემბერში რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთმა ნოვინსკიც მოაქცია იმ იურიდიულ პირთა სიაში უკრაინიდან, რომელთაც სანქციები დაეკისრებათ. გამოცემა წერდა, რომ "სია ყურადღებას იქცევს იმ ფაქტით, რომ ის მოიცავს არაერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელთაც უკრაინაში პრორუსული რეპუტაცია აქვთ ან ძალიან ზომიერი პოზიცია უკავიათ დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით". სწორედ ამ კონტექსტში მოიხსენიებს "თავისუფლება" ნოვინსკის.
შეხვედრა, რომელზეც ნოვინსკიც იმყოფებოდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში 20 თებერვალს შედგა. საპატრიარქოს ცნობით, მოსკოვზე დაქვემდებარებული უკრაინის ეკლესიის წარმომადგენლებთან უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.