ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს. "2020NEWS“-თან საუბარში ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება დაიცვას ზღვარი, რომლის იქითაც ხაზარაძე იძულებული გახდება, პოლიტიკაში წავიდეს.
"საუბრები იმაზე, რომ ბანკირს პოლიტიკაში წასვლა შეუძლია, არის მანიპულაცია და მეტი არაფერი. ბანკი არის ის სისტემა, რომელიც ყველაზე მეტად ითხოვს სტაბილურობას. არალოგიკურია, რომ ბანკირი განვიხილოთ პოლიტიკურ მოთამაშედ. როგორც კი კითხვის ნიშნები გაჩნდა ხაზარაძის მიმართ (დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი, ამაზე ახლა არ ვსაუბრობთ), ძალიან ცოტა ხანში თავად საერთაშორისო აქციონერებმა სთხოვეს მას, რომ გარიდებოდა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს. არ დაგვავიწყდეს, რომ ხაზარაძე დარჩა აქციების მფლობელად, ამიტომაც ამ ეტაპზე მე არ ვვარაუდობ ხაზარაძის წასვლას პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბანკისთვის იგივე რეაქციის მიმცემი იქნება.
მეორეც - მან დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სურს მთელი ენერგია თავის მეორე პირმშოს, ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუთმოს. ანაკლიაც ის თემაა, სადაც პოლიტიკურ ინტერესებს არ აპატიებენ. თუმცა ამავე განცხადებაში აღნიშნა, თუ დამცალდა, ამ პროექტს განვახორციელებო, ანუ ვერ გრძნობს სტაბილურად თავს. ანაკლიაში ხაზარაძის გრძელვადიან პერსპექტრივებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ კითხვის ნიშანი დგას. სანამ ის არის ბანკის აქციონერი, სანამ მას აქვს კიდევ რესურსი, რომ იყოს ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, მანამდე მე მის წასვლას პოლიტიკაში არ ველი“, - აცხადებს ლაგაზიძე.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ანაკლიას ჩამოაშორეს ხაზარაძე დიდი ალბათობით პოლიტიკაში არ წავა.
"ანაკლიდან ჩამოშორების შემთხვევაც არ იქნება პირდაპირპროპორციული მისი პოლიტიკაში წასვლის. დასავლეთი, რა თქმა უნდა, ახალი ოპოზიციური ლიდერის მოლოდინშია. მაგრამ ამავდროულად, რამდენად მისაღები და კომფორტული იქნება ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკაში, ორი ძირითადი კონკურენტისთვის "ნაციონალებისთვის“ და "ოცნებისთვის“, საკითხავი ეს არის. "ნაციონალები“ დღეს კი ამბობენ, რომ ხაზარაძის ოპოზიციურ ლიდერად ხილვას მიესალმებიან, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით, თუ ის დააფინანსებს ოპოზიციას და თუ ის დაქვემდებარებულ როლში იქნება "ნაციონალურ მოძრაობასთან“. სხვა როლი "ნაციონალური მოძრაობას“ ხაზარაძისთვის არ ემეტება და შესაბამისად, ხაზარაძეს არ მისცემენ ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშედ ყოფნის უფლებას. აღარაფერს ვსამბობ "ოცნებაზე“, რომელიც ყველანაირად ეცდება, რომ ხაზარაძე დაამთავროს როგორც პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკაში შემოსვლამდე. რადგან მათთვის ეს რეალური საშიშროებაა. მისი ყველა ძირითადი მოწინააღმდეგე ეცდება, ხაზარაძის პერსპექტივები დაასამაროს“.
ლაგაზიძის თქმით, პოლიტიკაში წასვლით იმდენი წინაღობა ელოდება, მის ადგილას ბევრი უარს იტყოდა ამ ნაბიჯის გადადგმაზე.
"ის იყო ბოლო 27 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მხსხვილი ბანკის დამფუძნებელი და მესაჭე. სხვა არაფერი სჭირდებათ. ბანკებისადმი ხალხის დამოკიდებულება საკმარისია იმისთვის, რომ ხაზარაძის პოლიტიკურ რესურს სერიოზული დარტყმა მიადგეს. სწორედ ამაზე გააკეთებს სავარაუდოდ სახელისუფლო და არასახელისუფლო პიარი ფსონს, თუ ამის საჭიროება დადგა. მე არ ვამბობ, რომ ხაზარაძე არ არის რესურსული ფიგურა, მაგრამ იმდენი რამ შეიძლება მის წინააღმდეგ აამუშაონ, რომ მას ძალიან უნდა უნდოდეს პოლიტიკაში შემოსვლა, რომ ეს გააკეთოს. იმდენი წინაღობა ელოდება, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მის ადგილას უბრალოდ უარს იტყოდა ამ გზაზე. მის მაგივრად გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად გაწირავს საკუთარ თავს ამ მძიმე ბრძოლისთვის.
მგონია, რომ ამ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ აბსოლუტურად განკულაკებული იქნება და სხვა გამოსავალი აღარ დარჩება. არ მგონია, რომ საბოლოოდ მიაყენონ ხაზარაძე კედელთან, რომ მას პოლიტიკისკენ უბიძგონ. ხელისუფლება ხომ კარგად აცნობიერებს, რომ ხაზარაძე პოლიტიკაში გაცილებით მძიმე ოპონენტი შეიძლება იყოს, ვიდრე სააკაშვილი ჰოლანდიაში. ამიტომ ხელისუფლება დაიცავს ზღვარს, რომლის იქითაც ხაზარაძე შეიძლება პოლიტიკაში წავიდეს“, აღნიშნავს ლაგაზიძე.