მიხეილ სააკაშვილი - „გივი თარგამაძე იდეალურად პასუხობს დღევანდელ ვითარებას“

მიხეილ სააკაშვილი - „გივი თარგამაძე იდეალურად პასუხობს დღევანდელ ვითარებას“

(იბეჭდება შემოკლებით)

ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, მიხეილ სააკაშვილთან.

დღეს თქვენ დროშა აკურთხებინეთ. რას იტყოდით ამ ცერემონიალთან დაკავშირებით?

- პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სიმბოლიკა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც ფორმას დიდი მნიშვნელობა და ტრადიცია აქვს. საქართველოს დღევანდელი სახელმწიფო დროშა რეალურად სოციალ - დემოკრატებისაა, რომლებიც ახლოს იყვნენ იდეოლოგიურად ბოლშევიკებთან.

დღევანდელი სახელმწიფო დროშის შეცვლა მიმაჩნია უმნიშვნელოვანეს ამოცანად. ახალი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობა უნდა დაიწყოს ახალი დროშით და ეს დროშა უნდა იყოს უფრო ღრმა ისტორიული ფესვების მქონე ვიდრე ის, რაც დღეს გვაქვს. როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, თეთრი წითელჯვრიანი დროშა იქნება ქვეყნის ოფიციალური სიმბოლიკა.

ახლა ბოლო დროს უკვე გაცვეთილი თემის შესახებ. თქვენ იყავით შვიდი წელი შევარდნაძესთან. როდის და რატომ მიხვდით, რომ ამ კაცთან მუშაობა აღარ შეიძლებოდა?

- მაშინ, როდესაც აღმოვჩნდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, დავინახე, რომ ის პირადად ლობირებს კორუმპირებულ კონტრაქტებს, რომელსაც კავშირი აქვს მის ოჯახთან და მის გარემოცვასთან. სანამ კონკრეტულ ფაქტებს არ შევეხეთ, სანამ პარლამენტში ვიყავი, შევარდნაძე მაღალმხატვრულად გვიყვებოდა პირად და საჯარო შეხვედრებზე, თუ რა რეფორმებია ქვეყანაში გასატარებელი. რაღაც ეტაპზე, მე მგონი, მან დაიწყო რეფორმებისკენ ნაბიჯების გადადგმა.

შემობრუნება დაიწყო სადღაც 1998 წელს, როდესაც მივიღეთ ბევრად უფრო რეაქციული შევარდნაძე. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მქონდა იმედი, რომ კიდევ ერთი ვადით არჩევის შემდეგ რეალურად დაიწყებდა რეფორმების გატარებას. ამ მიზეზის გამო მაშინ მხარში აქტიურად ვედექი. როდესაც გავხდი მინისტრი, შევარდნაძემ დაიწყო იმ საკითხების ბლოკირება, რომერთათვის ყველა ლოგიკით მხარი უნდა დაეჭირა, თუნდაც მისი გარემოცვის საზიანოდ. მან აირჩია გარემოცვის მხარე. ეს იყო ჩემთვის მოულოდნელი.

ორიოდე დღე დარჩა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებამდე. საბურთალოს რაიონში რატომ დაასახელეთ მაინცდამაინც გივი თარგამაძე?

- მე ვფიქრობ, გივი თარგამაძე იდეალურად პასუხობს დღევანდელ ვითარებას. ჩვენ პარლამენტში უმრავლესობის გარეშე ვერანაირ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ. ჩვენი მიზანია, პარლამენტის ტრიბუნა გამოვიყენოთ, რათა ვამხილოთ ის კორუფციული სისტემები თუ სქემები, რომლებიც ითვისებენ ქვეყნის ქონებას. ამასვე გააკეთებს გივი თარგამაძე პარლამენტში. მით უმეტეს, ანტიკორუფციულ საბჭოში მან ამ მხრივ დიდი გამოცდილება მიიღო.

არსებობს თქვენი ხელშეკრულება თბილისთან. შეძლებთ მის შესრულებას?

- ჩვენ ეს ხელშეკრულება უმრავლესობაში მოსვლის პირობით გავაფორმეთ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხელშეკრულების პუნქტები ბოლომდე შესრულებადია და ჩვენ მას შევასრულებთ.

ეს ეხება კომუნალურ მომსახურებას, ლიფტების, სახურავების, სამედიცინო მომსახურების თუ ყოველ ახალშობილზე ასი ლარის გაცემას და სხვა მრავალ პრობლემას, რომელთა მოგვარების ტენდენციას სულ მალე იგრძნობენ თბილისელები.

ჩვენ ჩამოვაჭრით მოსახლეობას წყლის დავალიანებას და ლეიბორისტებთან ერთად შევიმუშავებთ ახალ ტარიფს. აგრეთვე ლეიბორისტებთან ერთად შევაჯერებთ სამედიცინო პროგრამებს. ეს ის საკითხებია, რომლებიც უახლოეს დროში უნდა მოგვარდეს.