აფხაზეთში შუქისა და წყლის გრაფიკი დაწესდა

აფხაზეთში შუქისა და წყლის გრაფიკი დაწესდა

“რუსეთი ფსოუდან საკმარის ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის - ისევ საქართველოს უნდა ჩაერთოს ამ ამბავში”

„ენგურჰესში" წყლის დონის კრიტიკულმა ვარდნამ ოკუპირებულ აფხაზეთში პრობლემები უკვე შექმნა. 20 თებერვლიდან დენის გრაფიკი შემოიღეს აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. ელექტროენერგიის გრაფიკის გამო კი ასევე იძულებულნი გახდნენ წყლის გრაფიკიც შემოეღოთ.

თუმცა, ეს შეზღუდვები საკმარისი მაინც არ არის და მარტის დასაწყისისთვის შესაძლოა აფხაზეთი სრულად ჩაბნელდეს, ამიტომ დე ფაქტო ხელისუფლება იმედს არ კარგავს, რომ რუსეთი ხელს გაუწვდის და დროებით ელექტროენერგიას მიაწვდის „სტრატეგიულ პარტნიორ - აფხაზეთს", საიდანაც პასუხი იგვიანებს.

2017 წლის შემდეგ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თებერვალში აფხაზეთში დენისა და წყლის გრაფიკი წესდება. 2017 წელს აფხაზეთს თბილისმა, ენერგეტიკის სამინისტრომ, უყიდა ელექტროენრგია რუსეთიდან და უფასოდ მიაწოდა, ახლა კი აფხაზებს იმედი აქვთ, რომ თავად რუსეთი გაუწვდის მათ ხელს და რუსეთიდან მიიღებენ უფასო დენს.

„ენგურჰესის" შესაძლო გაჩერებაზე განცხადება გასულ კვირას „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ გააკეთა და მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდა, ან დენის მოხმარება შეეზღუდათ, ან რუსეთიდან შემოეტანათ დროებით, რადგან წყალსაცავში მხოლოდ 15-20 დღის მარაგი იყო დარჩენილი და 5 მარტისთვის ჰესის გაჩერება იყო მოსალოდნელი წყლის კრიტიკული კლებისა და აფხაზეთში დენის უკონტროლო მოხმარების გამო.

ამის პასუხად სოხუმში აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომპანიის "ჩერნომორენერგოს" გენდირექტორმა ასლან ბასარიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ელექტროენერგიის დეფიციტის შექმნის საშიშროება არსებობს და აფხაზეთი დენის დროებით „გადმოქაჩვაზე" მოლაპარაკებებს მართავს „სტრატეგიული პარტნიორი" რუსეთიდან, პასუხი კი ორშაბათს, 19 თებერვალს ექნებოდათ. ბასარიამ მაშინ ისიც არ გამორიცხა, რომ შესაძლოა რუსეთიდან დადებითი პასუხი ვერ მიეღოთ და გრაფიკის შემოღებაც დასჭირვებოდათ.

„იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ გამოვა, აუცილებელი გახდება გრაფიკის შემოღება,"- თქვა ბასარიამ გასულ კვირას.

რუსეთიდან პასუხის დაგვიანების გამო კი გრაფიკი უკვე დაწესდა.

ჯერ დილით აცნობეს მოსახლეობას, რომ 20 თებერვლიდან მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოველდღიური დენის გრაფიკი წესდება. განცხადება კომპანია „ჩერნომორენერგომ" გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ „ენგურჰესის" წყალსაცავზე წყლის დონე კრიტიკულ დონეზე დაეცა და კლება ისევ გრძელდება, ამიტომ, დენის მთლიანად გათიშვის თავიდან ასაცილებლად, გრაფიკის შემოღება აუცილებელი გახდა.

„ენგურჰესის" სრულად გაჩერება მოხდება თუ წყლის ნიშნული 420 მეტრამდე დავა. ამის თავიდან ასაცილებლად აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე გრაფიკი დაწესდება. 20 თებერვლიდან დენი ყოველდღიურად 11- საათიდან 14-საათამდე გაითიშება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. ეს შეზღუდვა იმოქმედებს მანამდე, სანამ ელეტქროენერგიის მოწოდება არ მოხდება რუსეთიდან," - ნათქვამია განცხადებაში.

შემდეგ კი „წყალკანალის" მთავარმა ინჟინერმა მერაბ ანქვაბმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ყოველდღიური გათიშვის გამო ასევე გაითიშება სასმელი წყლის მიწოდება 11-საათიდან 14-საათამდე.

„აფხაზეთში ყველა სატუმბო სადგური მუშაობს ელექტროძრავებზე, თუ ელექტროენერგია არ არის, შესაბამისად ძრავების მუშაობა შეწყდება, - აცხადებს ანქვაბი.

აფხაზეთს ენგურჰესიდან ელექტროენერგია მუდმივად უფასოდ მიეწოდება, ზაფხულში ჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 40%, ზამთარში - 100%-ივე, თუმცა, ბოლო წლებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე დენის მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, ჰესის წყლის მოცულობა კი მათ გაზრდილ მოთხოვნებს ვერ წვდება. ამიტომაც, უკვე რამდენი წელია აფხაზები თებერვალსა და მარტში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგებიან.

აფხაზეთი ჩაბნელების საფრთხის წინაშე დადგა 2017 წელსაც. ჯერ გრაფიკი ამოქმედდა და მოსახლეობას დღის განმავლობაში 2 საათით, ხოლო ღამით 2-3 საათით ეთიშებოდა დენი. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი „ენგურჰესი" გაჩერდა და აფხაზეთს საერთოდ ჩაბნელება ემუქრებოდა, თუმცა მოსახლეობაც, სეპარატისტული ხელისუფლებაც და იქ განლაგებული რუსული არმიაც ჩაბნელებას ოფიციალურმა თბილისმა გადაარჩინა. ენერგეტიკის სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგია რუსეთიდან იყიდა და უსასყიდლოდ მიაწოდა აფხაზეთს.

„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რუსეთიდან საკმარის ელექტროენერგიას აფხაზეთი ტექნიკურად ვერ მიიღებს, იმიტომ რომ, ელექტროგადამცემი ხაზები ფსოუდან ამის შესაძლებლობას არ იძლევა, ამდენად ისევ თბილისს მოუწევს ამ პრობლემის მოგვარებაში ჩარევა, როგორც ეს 2017 წელს მოხდა.

„რუსეთიდან შემოდის მაღალი გადამცემი ხაზი „კავკასიონი", რომლის მეშვეობითაც საქართველო იღებდა დენს. საქართველო ყიდულობდა ამ დენს დაბალ ფასში რუსეთიდან და აწვდიდა აფხაზეთს. რუსეთიც კარგავდა ფულს, საქართველოც, რადგან აფხაზები საფასურს არ იხდიან და თვითონ „ჩერნომორენერგოც", რომელიც აფხაზეთში განკარგავს ელექტროფიკაციის საკითხს, ისიც ზარალში იყო.

"აფხაზეთის დენით მომარაგების თემა ძალიან რთული საკითხია. კონფლიქტის შემდეგ ჯენტლმენური მოლაპარაკება იყო, რომ „ენგურჰესიდან" გამომუშავებული დენის 40% უნდა წაეღო აფხაზეთს, თუმცა ზამთარში მათ 100% მიაქვთ. აფხაზეთში იმდენად მოძველებულია დენის გადამცემი ხაზები, ექსპერტთა შეფასებით, 30% ამის გამო იკარგება,

"ასევე, გამრიცხველიანობა არ არსებობს და საფასურის ამოღებაც პრაქტიკულად არ ხდება, მაგალითად, სამხედრო ბაზების ნაწილი იხდის, ნაწილი - არა. ჩვენ შექმნილი გვაქვს სპეციალური ჯგუფი, შვეიცარიელების მიერ დაფინანსებული ქართულ-რუსულ-აფხაზური მოლაპარაკების ფორმატი, რომლის წევრიც ვარ.

"ჩვენ ვხვდებით აფხაზურ და რუსულ მხარეს და ამ მდგომარეობის გამოსავალს ვეძებთ. როგორც ჩანს, აფხაზეთში დაიწყეს გამოსავლის ძებნა, მაგრამ, მათ რუსეთი ფსოუდან საკმარის ელექტროენერგიას ვერ მიაწვდის. ისევ საქართველოს მხარე უნდა ჩაერთოს ამ ამბავში.

"თუ რუსეთიდან დენი სჭირდება აფხაზეთს, ტექნიკურად ელექტროენერგიამ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია უნდა გაიაროს. „ჩერნომორენერგოს" განცხადება, რომ რუსეთიდან ელოდებიან ელექტროენერგიას, ეს შიდა მოხმარებისთვისაა გაკეთებული. აფხაზებს ხომ ვერ ეტყვიან, რომ პრობლემის მოგვარებაში ქართული მხარე ეხმარებათ,"- ამბობს არეშიძე.

გრიგორი მე, აფხაზეთიდან დევნილი, 1კილოვატში ვიხდი 23 თეთრს, ხოლო ისინი, ვინც საკუთარი სახლიდან გამომდევნა, დენს იღებს უფასოდ და საფასურს მე ვიხდი !!!!!!! უბედურება ისიცაა, რომ აფხაზებმა არც კი იციან, რომ მათთვის დენის საფასურსს ქართველი "ფაშისტები" იხდიან ! როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს ?!!!!!!! გვყავს ჩვენ ხელისუფლება ????
5 წლის უკან