სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალირ ქსელში წერს:
უპირველეს ყოვლისა მოგიყვებით, თუ როგორ დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორად, ეს აქამდე არსად დაწერილა. შორენა თეთრუაშვილი შევიდა პატრიარქთან და უთხრა, რომ შენ მოხუცდი, სასწავლებელში ვეღარ დადიხარ და მოდი ისეთი კაცი დავნიშნოთ რექტორად, რომელიც დაგვემორჩილება და ჩვენს პოლიტიკას გაატარებსო, ვინ აბაო, ჰკითხა პატრიარქმა და აგერ ზვიადაძეა კარგი კანდიდატიო, რეკომენდაცია გაუწია შორენამ. დაეთანხმა პატრიარქი, დაიწერა ბრძანება, ხელი მოაწერა პატრიარქმა და ჯერ ეს არავინ არ იცის, დაიბარეს სემინარიის პედკოლექტივი, ყველა ლექტორი საპატრიარქოში და ჰკითხეს, ზვიადაძის დანიშვნას ვაპირებთ რექტორად და აბა რას ფიქრობთო, ანუ წარმოიდგინეთ მზაკვრობისა ხარისხი, კაცი უკვე რექტორია და პედაგოგებს ეკითხებიან დავნიშნოთ, თუ არაო.
გადმოვინაცვლოთ დღვანდელობაში. პროტოპრესვიტერმა, პროფესორ გოჩა ბარნოვზე, რუსთავი ორთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან(გოჩა ბარნოვმა) ქრისტიანული ეთიკის ნორმები დაარღვია და ეს გახდა მისი სასწავლებლიდან გაშვების მიზეზი. სასაცილოა, ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში ჯაშუშობის, ლაქიაობისა და პირმოთნეობის სული დაამკვიდრა. მან საკუთარი უპასუხისმგებლობითა და არამართლზომიერი ქმედებებით მიწასთან გაასწორა სასწავლებლის რეიტინგი. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება სტუდენტთა რაოდენობა. ფარისევლობა, დაბეზღება, ჭორაობა, ცილისწამება და უსამართლობა განუყოფელი ნაწილია სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ყოველდღიურობის.
სიმართლე გითხრათ, დავიღალე უკვე ამ ადამიანზე წერით, მაგრამ ისეც არ გამოდის, რომ მის გულისამრევ პერსონაზე ხმა არ ამოვიღოთ, ვერ ეღირსება იმას, რომ დავიღალოთ. მოდით, ჩამოვთვლი მის საგმირო საქმეებს და ერთად ვნახოთ, აქვს თუ არა მას მორალური უფლება, ისაუბროს ქრისტიანული ეთიკის ნორმებზე:
1- სემინარიის დერეფანში აგინა დეკანოზ იაკობ ჩიჩილაძეს.
2- მუშტები დაუშინა ზურგით მდგომ გიორგი ტიგინაშვილს, რომელიც სიახლეების აბრას ეცნობოდა და პროტოპრესვიტერი ვერ შეამჩნია.
3- კახაბერ ჩხიკვაძეს, იმის გამო, რომ საკუთარ მეუღლეს (საღვთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტს) ლექციათა შორის შესვენებისას ქარვასლის წინ ესაუბრებოდა, სახალხოდ (ცოლის თანდასწრებით) მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი ჰკრა, თმებში წვდა და ყური აუწია.
4- დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს სემინარიის დერეფანში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და გამოლანძღა სტუდენტების თანდასწრებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ დეკანოზი თეიმურაზი საღვთისმეტყველი საგნების სწავლებას ანიჭებდა უპირატესობას, თავად პროტოპრესვიტერი კი ფილოლოგიაზეა ჩაციკლული.
5- გააძევა სასწავლებლიდან მსოფლიო ისტორიის შესანიშნავი სპეციალისტი, დეკანოზი გიორგი საბიაშვილი, ის ამას უზომოდ განიცდიდა და მალევე გარდაიცვალა გულის შეტევით.
6- პირადად მე მომაყენა შეურაცხყოფა, მიწოდა სულიერად ავადმყოფი და გამომლანძღა დეკანის თანდასწრებით იმის გამო, რომ კიბეების ბოლოში არ ჩავირბინე და დალოცვა არ ვთხოვე.
7- სტუდენტების თანდასწრებით უყვირა და გალანძღა ზურაბ ეკალაძე, რომელსაც, მისი აზრით, ეცვა დასაუთოვებელი პერანგი.
ზოგადად მსგავსი უტაქტობით პროტოპრესვიტერი ყოველთვის გამოირჩეოდა და ადამიანთა მსგავსი ფორმით დამცირება მისთვის ყველაზე სასიამოვნოა.
8- სემინარიის ბიუჯეტიდან აღებული თანხით(60 000 ლარი) შეიძინა ძვირადღირებული ავტომობილი.
9- არაერთხელ შეუჩერებია ღრიალით საღმრთო ლიტურგია და ღვთისმსახურება, გამოულანძღავს მედავითნეები და მრევლი. ქაშუეთის მრევლს ახსოვს როგორ ეცა ზაფხულის სიცხით გატანჯულ ქალს, რომელმაც მარაოთი განიავება გაბედა და სცემა მას.
10 – ფაქტობრივად გააძევა სიონის ტაძრიდან მგალობელთა რეგენტი, რომელიც სიონში 1979 წლიდან მსახურობდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას და საცემადაც გაიწია, მაგრამ შეაჩერეს, ამ ინციდენტის შედეგად რეგენტმა და მთელმა მგალობელთა გუნდმა დატოვა სიონი პროტესტის ნიშნად.
11 – ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სიონის შერეული გუნდის რეგენტ, მარიამ მძევლურს.
12- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე თითქმის არასდროს შედის საკუთარ ლექციებზე, სისტემატურად აცდენს, სალექციო საათებში კი ფულს იღებს.
13- შვილმკვდარი დედა გამოლანძღა სიონში, აბსოლუტურად უადგილოდ და უმიზეზოდ, ტაძრიდან გასვლისას დაინახა ეს ქალი, ეტყობა თვალში ვერ მოუვიდა და ეცა შეშლილივით.
14- სამეცნიერო საბჭო აქცია უფუნქციო ორგანოდ, რომლის ერთპიროვნული მმართველიც თვითონაა და მას იყენებს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დასატერორებლად, შემდეგ კი კომფორტულ ღიმილში დამალული, მათკენ იშვერს თითს.
ყველა ამ სიკეთესთან ერთად, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე არის მშიშარა, ფლიდი, პატარა ადამიანი, რომელიც წესიერ და გაუბედავ ქრისტიანებს ჩაგრავს და ყველანაირად ზედ უვლის, ხოლო ამა ქვეყნის ძლიერთ ფერხთით ეგება. გაბოროტებული, ყველაფრის მკადრებელი და მზაკვარი პიროვნებაა, რომელიც ყველაფერზე წავა, ყველაფერს იკადრებს საკუთარი კომფორტული ადგილის შესანარჩუნებლად – აი ასეთი სუბიექტი გვესაუბრება ქრისტიანულ ეთიკაზე.
“უღირსი მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართან არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან”