"თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი "თიბისი ბანკის" საქმის მთავარი პერსონა მამუკა ხაზარაძე ალაპარაკდა.
"მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა მოხდა და ხდება“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ საზღვრიდან 4 კილომეტრშია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რისკების პარალელურად, "ანაკლიის პორტი შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების“.
"ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი ... რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარსად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ, ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნულმა ბანკმა 13 თებერვალს "თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ბანკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით იურიდიული უფლებები გაეყინათ. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას "თიბისი ბანკი" არ ეთანხმება და ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში შეიტანა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს. თადუმაძის უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებას ედავება.