მოსკოვში ჩეჩენ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის გასულ კვირას დაწყებული მასშტაბური დაპირისპირება, რომელსაც სისხლისღვრა მოჰყვა, ასეთივე მასშტაბური შერიგებით დასრულდა. თუმცა, ამისათვის კონფლიქტში ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლების ჩართვა გახდა საჭირო და ამის მიუხედავად, ძნელი სათქმელია საბოლოოდ მოგვარდა თუ არა პრობლემა.
დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ვინმე ალიხანი, ეროვნებით ჩეჩენი, შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა ზოგადად აზერბაიჯანელებს და კონკრეტულად კი მოსკოვში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ გარობ ოგუჯოვსა და მისი „ბრიგადის" წევრებს.
თავად ორუჯოვი, მოსკოვში რამდენიმე სავაჭრო ცენტრსა და რესტორანს აკონტროლებდა, ხოლო მისი „შტაბ-ბინა" კაფე „ნეოლითი" იყო. ალიხანი აზერბაიჯანელებმა „საქმის გასარჩევად" სწორედ კაფე „ნეოლითში" დაიბარეს.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს „როსბალტი" საკუთარ წყაროსზე დაყრდნობით წერს, რომ ალიხანს ფსიქიკური პრობლემები აქვს:
„მასთან ურთიერთობის ერთი წუთი სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ მიხვდეთ -ადამიანი სრულ ჭკუაზე არაა. საუბარია მძიმე დაავადებაზე. ასეთებთან საქმის გარჩევა საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს," - განაცხადა წყარომ „როსბალტთან" საუბრისას.
მისი ცნობით, როდესაც ალიხანი „საქმის გასარჩევად" დაიბარეს, ის მარტო მივიდა, რის შემდეგაც სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემეს, მანქანის საბარგულში ჩასვეს და „ავტორიტეტ" გარიბ ორუჯოვთან მიიყვანეს. იქ რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდნენ, ვიდეოზე იღებდნენ და აიძულებდნენ არა მხოლოდ ბოდიშის მოხდას თავისი ქმედებისთვის, არამედ, როგორც წყარო აცხადებს, „საერთოდ მიუღებელი რაღაცების თქმას". ამის შემდეგ ჩანაწერებიდან „ყველაზე რბილი" ვერსია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. წყაროს ცნობით, ეს ყველაფერი გარიბ ორუჯოვის ხელმძღვანელობით ხდებოდა.
მას შემდეგ, რაც ალიხანის წამების ამბავი გახმაურდა, უკვე ალიხანის თანამემამულეებმა „საქმის გასარჩევად" აზერბაიჯანელებს შეხვედრა დაუთქვეს 14 თებერვალს, გვიან საღამოს, კაფე „ნეოლითში".
სპეციალურად ამ შეხვედრისათვის ჩეჩნეთიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვიდა. ასევე იყვნენ მოსკოვში მცოხვრები ჩეჩნებიც, უმთავრესად მოჭიდავეები, რომელებიც უთანაგრძნობდნენ ალიხანს.
სხვადასხვა მონაცემებით, „ნეოლითში" „საქმის გარჩევაზე" მისული ჩეჩნების რაოდენობა 30-დან ან 100-მდე იყო. მაგრამ უშუალოდ კაფე „ნეოლითში" დაახლოებით 12-მდე ადამიანი შევიდა და იქიდან „საქმის გასარჩევად" გამოიყვანეს დაპირისპირებისათვის უკვე მომზადებული აზერბაიჯანელები, რომლებიც არ ელოდნენ, რომ გარეთ ამდენი ოპონენტი დახვდებოდათ. მანქანებიდან კიდევ გადმოვიდნენ ჩეჩნები და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. ცნობილია, რომ ჩხუბისას ტრავმატული იარაღიც იყო გამოყენებული.
ამ დროს გარიბ ორუჯოვმა თავისი მანქანით გაქცევა სცადა, თუმცა მას რამდენიმე მანქანით გაეკიდნენ და დაეწივნენ ჩენჩები, რომლებმაც ზურგში 5 გასროლილი ტყვიით მოკლეს გარიბ ორუჯოვი.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, იური ტიტოვის განცხადებით, 14 თებერვალს 22:40 საათზე დაახლოებით 20 მოქალაქეს შორის, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. იმისთვის, რომ დაპირისპირება გაეჩერებინა ერთერთ პოლიციელს ჰაერში სრლა დასჭირდა.
ინცინდენტის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში 18 პირი მიიყვანეს. კონფლიქტის მონაწილეების წინააღმდეგ, ხულიგნობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
როგორც ჩანს, არსებობდა საფრთხე, რომ მომხდარის შემდეგ დაპირისპირება კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა, ამიტომაც მოსკოვში დაწყებული კონფლიქტის მოგვარებაში უკვე ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლები ჩაერთნენ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო ცნობილ აზერბაიჯანელ ბლოგერ გუსეინ გასანოვთან ერთად, რაც შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვარ ჟესტად, რომელიც ჩეჩნებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე მეტყველებს.
ბაქოში, მომხდარი ინცინდენტი, გამოაცხადეს ყოფით ნიადაგზე მომხდარ კრიმინალურ გარჩევად. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ალი გასანოვმა აღნიშნა, რომ მომხდარი კონფლიქტი ვერ მოახდენს ზეგავლენას ერების კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე:
„მსგავსი ფაქტები ვერ დააზარალებს აზერბაიჯანისა და ჩეჩნეთის ერებს შორის ისტორიულად არსებულ მეგობრულ და ძმურ ურთიერთობებს", - თქვა ალი გასანოვმა.
ჩენჩენთის რესპუბლიკის იჩქერიის კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა და ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა საიდ ემინ იბრაგიმოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" პირდაპირი ჩართვის ტრანსლირებისას განაცხადა, რომ არავის აქვს ეროვნული ნიშნით ადამიანის შეურაცხყოფის უფლება და ამგვარ პროვოკაციაზე ისეთი დაახლოებული ერები, როგორებიცა არიან აზერბაიჯანელი და ჩეჩენი ხალხი, არ უნდა წამოეგონ:
„ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამგვარ პროვოკაციას. მე ძალიან მიყვარს აზერბაიჯანელი ერი. ომის დროს აზერბაიჯანში აღმოვჩნდი. ჩვენ ვხედავდით აზერბაიჯანელები როგორ ხვდებოდნენ ჩეჩნებს და გული შესტკიოდათ ჩვენ გამო. ჩეჩნები კეთილშობილები არიან და სიკეთეს არასოდეს არ ივიწყებენ", - განაცხადა საიდ ემინ იბრაგიმოვმა.
15 თებერვალს კი მოსკოვის ერთერთ რესტორანში აზერბაიჯანული და ჩეჩნური დიასპორების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც განიხილეს 14 თებერვალს კაფე „ნეოლითთან" მომხდარი დაპირისპირება. მათ მშვიდობასა და შერიგებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ყოველთვის მზად იქნებიან ერთმანეთის დასაცავად გამომდინარე იქიდან, რომ ერთი რწმენა და ფასეულობები აკავშირებთ.