ბელგიის ქალაქ ლიეჟში 10 თებერვალს მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონგრესის სასახლეში ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
"მეც ვიყავი ლიეჟში
რამოდენიმე დღით ადრე გადავწყვიტე წასვლა, რადგან მოულოდნელად დრო გამომითავისუფლდა. განათლების საკითხების კვლევა თავდაპირველად ჩემი ჰობი იყო, თუმცა უკვე სერიოზულ გატაცებად მექცა საქართველოს განათლების სისტემისა და დასავლეთ ევროპული სასწავლებლების შედარება. საჩქაროდ ამოვკრიბე ძირითადი თეზისები, მოვამზადე ყოველი შემთხვევისათვის პოვერ პოინტიც.
თვითმფრინავში ჩემი მეზობლების ცნობისმოყვერე კითხვას, თუ რა ენაზე ვკითხულობდი ფურცლებს, უჟმურად მივუგე: აუფ გეორგიშ, რომ დამატებითი კითხვები აღარ გასჩენოდათ გერმანელ თანამგზავრებს და მე ამორჩეული ოცი გვერდიდან ძირითადი საკითხების გახაზვა და მნიშვნელოვანი პუნქტების ამოკრება-შემოკლება მომესწრო. ბონის აეროპორტში მარი და ორი ოქროს ადამიანი დამხვდნენ.
შესასვლელში სარეგისტრაციოდ მოწყობილ განიერ ჯგუფში დიდი ბოდიშებით გზა გავიკვლიე და პირველად ნანახ ფარნას ასევე უცნობ გიორგისთან შეხვედრა ვთხოვე, რადგან გიორგი ადრე მელოდა. რამოდენიმე უაღრესად საჭირო თემის სადისკუსიო პანელი იყო დაგეგმილი. მათ შორის ჩემთვის ძალზედ საინტერესო სოციალური და განათლების საკითხი იყო. კერძოდ კი- გერმანული პროფესიული განათლებისა, რომლის წყალობითაც გერმანიაში უმუშევრობა პრაქტიკულად აღარ არსებობს, ხოლო სოციალური ეროზიის პრევენციისათვის ის შევედეთმაც კი მაგალითად აიღო, ამასთან, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, იგი ასევე სოციალ-ეკონომიური თანაცხოვრების სასურველ მოდელად აღიარეს და მისი მეშვეობით უმუშევრობას ბრძოლა გამოუცხადეს. საქართველოს განათლების სამინისტრო წლებია ცდილობს გერმანიის სასწავლო გამოცდილების დანერგვას საქართველოში, უფრო ზუსტად კი - მრავალი წელია გერმანია ცდილობს, საქართველოს ამ სექტორშიც გარკვეული დახმარება აღმოუჩინოს, თუმცა წარმატებამდე ჯერ ძალიან შორი გზაა. მიზეზი დიდი ალბათობით საქართველოში ჯანსაღი ეკონომიური სტრუქტურების ჩამოყალიბების განზრახ ხელშეშლაა.
დარბაზში ადრე შევედი. გიორგიმ მითხრა, აქვე, კიდეზე დაჯექი, არსად წახვიდე, რომ როგორც კი დამჭირდები დროულად მოგძებნოო. სახეზე ფურცლებაფარებულმა აიპედში ჩავყე თავი საჭირო რიცხვების გადასახედად და თეზისების კიდევ უფრო შესამოკლებლად. ფარნა და გიორგი დარბაზიდან გარეთ და ისევ უკან შემორბოდნენ უცნაური სახეებით. ჩემი ძმა გამახსენდა, მნიშვნელოვან გამომეტყველებას რომ მიიღებს ხოლმე, პრობლემის გადაჭრამდე და გამეღიმა. საეჭვოდ დიდხანს გასტანა დარბაზში მათ წინ და უკან სირბილმა და თავი ავწიე. უკვე ალაგ-ალაგ ჩოჩქოლიც ისმოდა. ბელგიის ადგილობრივი უსაფრთხოების თანამშრომლებს, ბიჭებს და ზოგიერთ იქ დამსწრეს გარეთ დროდადრო ცალკეული „სტუმრები“ გაჰყავდათ. ვიღაცამ ბოთლიც ისროლა. როგორც კი მიხეილ საკაშვილი დარბაზში გამოჩნდა, ერთმა ჟურნალისტმა გოგონამ პირდაპირ სცენაზე იფრინა. მართალია, მას დარბაზის იძულებით დატოვებამ მოუწია, მაგრამ მალევე დაბრუნდა. ერთმა თეთრთმიანმა, ბრგე ქართველმა მამაკაცმა გინებით აიკლო იქაურობა და საერთოდ ღონისძიების ჩაშლა გადაწყვიტა. არც ისე იოლი აღმოჩნდა მისი გაკავება და დარბაზის დატოვების იძულება. მოგვიანებით გავიგე, მიხეილ სააკაშვილს აგინებდა, სამჯერ დამიჭირა, ფული მიმატანინაო. ფულის მიტანას, ქართველი კაცები, ჩვეულებრივ, ბიუჯეტისგან გადამალული გადასახადების იძულებას ეძახიან.
სამედიცინო საკითხებზე ერთი მოკლე სადისკუსიო პანელითა და ყოფილი და დიდი ალბათობით არჩევნების შედეგად გაყალბებული ვერგამხდარი პრეზიდენტების გამოსვლების შემდეგ შეხვედრა ძალიან მალე დასრულდა. მხოლოდ ორი თუ სამი კითხვის დასმა მოასწრო დარბაზმა.
გარეთ, ჰოლში ჩემს თანამგზავრს ველოდებოდი, როდესაც გავიგე, ვიღაც მეძახდა:
-მანია, შენც აქ ხარ?
მივიხედე და თამარ შალამბერიძე ვიცანი, ბერლინიდან. გადავეხვიე, ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, წლებია აღარ მენახა. გერმანიის ქართველები 2008 წლის ომის დროს გავიცანი, როდესაც რამოდენიმედღიანი ომის დროს პრაქტიკულად ყოველდღე ვიკრიბებოდით სხვადასხვა ინსტიტუციების წინ, ან საპროტესტო მსვლელობებს ვაწყობდით ბერლინის ცენტრალურ ქუჩებზე, რათა ევროპელებს გაეგოთ, რომ რუსეთი საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას დიდ-პატარიანად თავზე ბომბებს აყრიდა. თამარმა ქართულ-გერმანული საზოგადოება „ფესვები“ დააარსა. გერმანიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელებისა და მიგრანტების საზოგადოებაში ინტეგრირებაც. ყოველ დაინტერესებულ ჯგუფს, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე ადამიანისაგან შედგებოდეს, უფლება აქვს ქალაქის ან ოლქისაგან უსასყიდლოდ გარკვეული ფართი მოითხოვოს შეკრებისათვის, სადაც მათ ყოველთვიურად შეეძლებათ ერთმანეთთან ურთიერთობა. სოციალურ შემწეობაზე მყოფი უცხოელების საჭიროებისათვის თარჯიმანის საფასურს ასევე ინსტიტუციები იხდიან, თუკი უცხოელებმა არც ინგლისური იციან.
ერთხელ თამარმა რომელიღაც გერმანულ ინსტიტუციასთანაც მთხოვა შუამდგომლობა თავისი მწირი გერმანული გამო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავეხმარე. მახსოვს, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი. ყავაზეც შევხვდით რამოდენიმეჯერ ერთმანეთს. მგონი მაშინ ვიყიდე ჩემი ცხოვრების მეორე თუ მესამე კოლოფი სიგარეტი, საიდანაც ორი თუ სამი ღერი მოვწიე და მერე ის კოლოფი თამარს მივეცი. არასოდეს მომწონდა სიგარეტის სუნი და გემო…
- მიშიკოს სანახავად ჩამოხვედი, გოგო?
ხელები ჩამომივარდა. უკან გადადგმული ნაბიჯი პირდაპი კიბის საფეხური აღმოჩნდა და რომ არ მიმეხედა, ალბათ კიბეებზე დავგორდებოდი. თამარი მიყურებდა და ეცინებოდა.
როინმა ჩემს დაჯავშნულ სასტუმროში ჩამომიყვანა და ზედ კარებთან გააჩერა მანქანა, თავსხმა წვიმაა და არ დასველდე, გაცივდებიო, თან მიბოდიშებდა, საჭმელად მინდოდა შენი დაპატიჟებაო. საერთოდ არ მშიოდა. ბონიდან ბელგიაში ზაური გზად ისეთი უზარმაზარი ბელგიური ბაგეტებით გაგვიმასპინძლდა, მარის ნუგბარგადაკრული ფრანგული ფუნთუშებიც აღარ გაგვხსენებია. გარდა ამისა, სასტუმროშიც წავიხემსებდი, ისედაც ამხელა გზა დუსელდორფამდე ჩემთვის გამოიარა როინმა.
მეორე დილით, საუზმეზე ჩასულს, რესტორნის შეფი კარებში შემეგება. შენ აირჩიე რაც გინდა საჭმელად და გადი ვერანდაზე, ყავას მე მოგიტან, რომელსაც მეტყვი, ხალხიც თითქმის აღარ მყავსო. მართლაც კანტიკუნტად ისხდნენ სტუმრები შუა დარბაზში.
გარეთ ისევ თავსხმა წვიმა იყო. განიერ ფანჯრებს გვერდით მოვუჯექი და მიღმა ეზოში ხეებს გავხედე. რძიან ყავას ვუყურებდი, შიმშილის გრძნობა საერთოდ არ მქონდა.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა.
- მანია, გამარჯობა, მიშა ვარ, ბოდიში მინდა მოგიხადო გუშინდელი აურზაურის გამო. ძალიან მინდოდა თქვენთვის მომესმინა, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.
ცოტა ხანს ვისაუბრეთ. გაკვირვებული მეკითხებოდა, როგორ შეიძლება ადამიანმა ნორვეგიულად ისაუბროს, მაშინ, როდესაც თავადაც იცხოვრა ნორვეგიაში, მაგრამ, აი ენას, ვერაფერი მოუხერხა.
შევთანხმდით, რომ რამოდენიმე კვირაში ერთმანეთს ისევ შევხვდებოდით, მარისთან ერთად“, - წერს ქართველი ემიგრანტი.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან შემდეგ შეხვედრას რომში გეგმავს.