„ძვირფასო რუსებო, თქვენ შედიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთი ვერ დაგიცავთ”!

„ძვირფასო რუსებო, თქვენ შედიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთი ვერ დაგიცავთ”!

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებზე გახშირებული თავდასხმების გამო მოსკოვში შეშფოთებას არ მალავენ

რუსულ მედიაში არ ცხრება აღშფოთება იმაზე, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებს სასტიკად ავიწროებენ, ართმევენ ბიზნესებს, იტაცებენ და კლავენ და კონკრეტული ისტორიების გახსენების გარდა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს.

როგორც რუსული მედია წერს, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხის გაუარესებაზე წერია დახურულ დოკუმენტში, რომელიც სერგეი ლავროვის უწყებამ შეადგინა და ამ დოკუმენტმა მედიაში გაჟონა.

დახურული დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში ძალიან გაზრდილია ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შენახვა-ტარების, ადამიანთა გატაცების შემთხვევების რაოდენობა და მათ შორის, გახშირდა მკვლელობები და ყაჩაღური თავდასხმები რუსეთის მოქალაქეებზე, რაც მოსკოვის მზარდ შეშფოთებას იწვევს.

„დაუცველად გრძნობენ თავს რუსი მეწარმეები, რომლებმაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადსხვა პროექტებში ინვესტირება განახორციელეს. ზოგიერთ მათგანს მოუწია, ყველაფერი მიეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო. სოხუმში ჩვენი დიპლომატები მუდმივ კონტაქტზე არიან აფხაზურ სამართალდამცველ უწყებებთან ყველა იმ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომლებშიც დაზარალებულად რუსეთის მოქალაქეები ფიგურირებენ,"- ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც რუსულ მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, სხვადასხვა რუსული გამოცემები აქტიურად წერენ იმაზე, რომ აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება და აფხაზეთში კანონები არ მუშაობს. უფრო მეტიც, ერთ-ერთი დაზარალებული რუსი ბიზნესმენი, მიხაილ პანოვი მოსკოვიდან ითხოვს, რომ როგორც დონალდ ტრამპი გეგმავს მექსიკასთან დიდი კედლის აშენებას, ასევე მოსკოვმაც ფსოუსთან, აფხაზეთის შესასვლელში უნდა აიგოს დიდი ღობე, გამაფრთხილებელი წარწერით - „ძვირფასო რუსებო, გაცნობებთ, რომ თქვენ შემოდიხართ ტერიტორიაზე, სადაც კანონები არ მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლება თქვენ ვერ დაგიცავთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენს ახლობლებს".

პანოვი ერთ-ერთი ის დაზარალებული რუსი ბიზნესმენია, რომლის ისტორია გახმაურდა. მან აფხაზეთში პლასტმასის საწარმო ააგო, რომელიც დღესაც ერთადერთი მოქმედი საწარმოა აფხაზეთში და ეს ბიზნესი მას აფხაზებმა წაართვეს.

როგორც პანოვი ამბობს, მას ზღაპრულად გაუმართლა იმის გამო, რომ არ მოკლეს და არ გაიტაცეს.

გატაცებები და მკვლელობები კი აფხაზეთში არც თუ იშვიათი მოვლენაა და სწორედ ბოლო თვეში ორი რუსის მკვლელობის გამო არის ატეხილი რუსულ მედიაში დიდი შფოთი და აფხაზების ლანძღვა-გინება.

მაგალითად, 26 იანვარს გარდაიცვალა მოსკოველი ბიზნესმენი მიხაილ ევალენკო. ევალენკო გაგრის რაიონში წლები ცხოვრობდა. მისი მანქანა 15 იანვარს ააფეთქეს, რა დროსაც ბიზნესმენი სერიოზულად დაშავდა და მოგვიანებით გარდაიცვალა მოსკოვის საავადმყოფოში.

ევალენკოს აფეთქებამდე კი ოჩამჩირის სოფელ ტამიშში მოკლეს კიდევ ერთი რუსი, 41 წლის მიხაილ მასლოვი. მისი მკვლელები, ადგილობრივი აფხაზები უკვე დაპატიმრებულები არიან და მკვლელობის მოტივად ყაჩაღობა სახელდება.

რუსული მედია წერს, რომ მსგავსი შემთხვევებისას „აფხაზეთის ხელისუფების" ჩვეულმა როტორიკამ, რომ რუსი მოქალაქის მკვლელობა „ქართული დივერსიული ჯგუფების მიერ" მოხდა, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავა.

რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთში რუსებზე თავდასხმები არც თუ იშვიათია და რამდენიმე რეზონანსულ საქმეს იხსენებს. მაგალითად, 2013 წელს სოხუმში რუსეთის დიპლომატი დიმიტრი ვიშერნევისა და მისი ცოლის მკვლელობას, ასევე 2012 წელს ბიზნესმენ სერგეი კლემანტოვიჩისა და მისი მდივნის, ოლგა სკარედნოვას მკვლელობას, როდესაც ცხედრები ერთ წელზე მეტ ხანს იყო გადამალული ერთ-ერთი სოფლის ჭაში და თანაც, ამ დანაშაულის ორგანიზატორი ადგილობრივი „პარლამენტის დეპუტატი" აღმოჩნდა.

მკვლელობების გარდა ასევე ხშირია რუსი ინვესტორებისათვის ბიზნესის წართმევაც და ბოლო დღეებია რუსული მედია 2 ასეთ ისტორიაზე აქტიურად წერს. ერთია, მოსკოველი მეწარმე მიხაილ პანოვი, რომელიც ყოფილი სამხედროა და კარგად იცნობს აფხაზეთს. ის სოხუმში სტრატეგიული დანიშნულების რუსული სარაკეტო ძალების ოფიცერი იყო.

მოსკოველი ბიზნესმენი ყვება, რომ 2015 წელს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში პლასტმასის მილსადენის წარმოება დაიწყო, რომელიც ერთადერთი მსხვილი წარმოებაა აფხაზეთში დღესაც, თუმცა, 2-მა აფხაზმა პარტნიორმა ის ქარხნიდან გამოაგდო, მუქარით ფსოუზე წაიყვანა და დაემუქრა, რომ აფხაზეთის მიწაზე რაც არის, ყველაფერი ეკუთვნით აფხაზებს და თუ დაბრუნდებოდა, მას მოკლავდნენ.

პანოვი აცხადებს, რომ ამ საქმეში მხოლოდ მისი ფული, 100 მილიონი რუბლი ჩაიდო, აფხაზებმა - საიდ ლაკობამ და რომან გერიამ კი უსაფრთხოების პირობა მისცეს მცირე მოგების მიღების სანაცვლოდ, თუმცა შემდეგ მთელი ბიზნესის ხელში ჩაგდება მოუნდათ და პანოვი მუქარით გააძევეს.

პანოვი გეგმავს საზოგადოებრივ ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც ორი სია ექნება, იმ რუსების, ვინც აფხაზეთში დაზარალდნენ და მეორე - ყაჩაღი-რეიდერების, ასევე იმ ჩინოვნიკების, ვინც ამ კრიმინალებს მფარველობენ.

პანოვი აცხადებს, რომ რუსეთის სახელმწიფო იძულებული იქნება დაზარალებულ რუსებს პასუხი გასცეს და აფხაზი დამნაშავეები დასაჯოს.

მსგავსია მეორე გახმაურებული ისტორიაც ბიზნესმენ იგორ ვაროვის, რომელიც გაგრაში ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტის „კონტინენტის" მფლობელი იყო. ვაროვის თქმით, მან 2004 წელს ბიზნესში ნახევარი მილიონი დოლარი ჩადო და ე.წ. აფხაზური ტრადიციაც დაიცვა, თანადამფუძნებლად აფხაზი ძმები ალხას და ჯამირ ჩანბები მოიყვანა, მაგრამ ამან მაინც არ უშველა, ისე როგორც „აფხაზურმა მოქალაქეობამ".

სქემა აქაც იგივეა, ფულს მთლიანად რუსი ბიზნესმენი დებს, შემდეგ კი აფხაზები მთელ ბიზნესს ართმევენ. ვაროვს რამდენჯერმე მოუწყვეს თავდასხმა, ციხეშიც ჩასვეს ყალბი ბრალდებით. დღეს „კონტინენტი" აღარ მუშაობს და შენობა ინგრევა, თუმცა ვაროვი არ აპირებს დატოვოს აფხაზეთი, სანამ ბიზნესს არ დაიბრუნებს.

რუსული მედია წერს, რომ ყველა მსგავსი დავის სასამართლოში წარმოებისასაც კი, რუს ბიზნესმენს ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგების არანაირი შანსი არ აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადგილობრივი „პატივცემული" აფხაზური კლანის წარმომადგენელი იქნება.

რუსული მედია ასევე წერს, რომ აფხაზები ასევე სასტიკად მოექცნენ აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილ რუსებსაც კი, როდესაც მათ ომის შემდეგ საკუთარი მშობლიური სახლებიც წაართვეს. რუსული მედიის ცნობით, მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო და აფხაზეთში ბინებწართმეული რუსების მცირე ნაწილს სოჭში გადასცეს ბინები, მეორე ნაწილი კი ყველაფრის გარეშე დარჩა და ახლა კითხვას სვამენ - რას იზამს რუსეთის ხელისუფლება, ისევ ხელს გადააფარებს დამნაშავე აფხაზებს და დაზარალებულ რუსი ბინზესმენებისთვისაც ზარალს რუსეთის ხელისუფლება გადაიხდის?

აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძის თქმით, კრემლის პოლიტიკაა, ოღონდ აფხაზებმა ქართველებისკენ არ გაიხედონ და აფხაზებს ამგვარ რეიდებს „პატიობენ" ხოლმე, ამიტომ ახლაც ასე იქნება - მოსკოვში აღშფოთდებიან, მაგრამ არაფერი შეიცვლება.

„მიუხედავდ იმისა, რომ აფხაზეთში რუსული ჯარი დგას, აფხაზეთში რუსები მაინც დაუცველები არიან და ეს რა თქმა უნდა, რუსებში დიდ აღშფოთებას იწვევს, მაგრამ აფხაზეთში სიტუაცია ვერ შეიცვლება. იქ, სადაც კრიმინოგენული ვითარება ასეთი გართულებულია, მოსკოვი მარტო რუსებს ვერ დაიცავს. რუსები აფხაზებს ელოლიავებიან, რათა ქართველებისკენ არ გამოახედონ და ამის გამო აფხაზებმაც მშვენივრად იციან, რომ რუსეთი მათ ვერაფერს მოსთხოვს,"- აცხადებს კიკნაძე.