ვისზე განაწილდება ივანიშვილის ნდობა, ეს არის მთელი ომის საფუძველი,

ვისზე განაწილდება ივანიშვილის ნდობა, ეს არის მთელი ომის საფუძველი,

„ქართული ოცნების“ რეიტინგი დაბალია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმ ფაქტს, რომ იგი აღმოჩნდეს წარმატების სივრცეში. „ოცნება“ დღემდე აპელირებს „ნაციონალური მოძრაობით“; თითქოს ეს ფაქტორი დიდი არ არის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დიდი ნაწილი მოქმედებს,“ – ასე აფასებს ანალიტიკოს არჩილ გამზარდია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „რეზონანსთან“ საუბრისას.

მისი თქმით, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურში, სამომავლოდაც, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დაბრუნების პერსპექტივით დაიწყებს საზოგადოების დაშინებას.

„ოცნება“ თავს გრძნობს მშვიდ ვითარებაში, სანამ 9 წელზე შეუძლია აპელირება და სანამ საზოგადოება მგრძნობიარეა ნეგატივების მიმართ, სწორედ ამით ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას. ამიტომაც, ჩვენ ვართ პარადოქსულ სიტუაციაში - გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ნდობა, ინარჩუნებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას.

„ეს „ოცნებაში“ კარგად აქვთ გაცნობიერებული და იციან, რაზე უნდა მოახდინონ აპელირება. საზოგადოების სუსტ წერტილებს გრძონობენ. საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ამაზე გაამახვილა ძირითადი ყურადღება და საბოლოო ჯამში, თავისი გაიტანა. ახლაც ისეთივე რიტორიკა წავა საპარლამენტო არჩევნების დროს. წინა ორი არჩევნებისას, ფაქტობრივად, ამ პროპაგანდისტული მეთოდით იქნა გამარჯვება მიღწეული.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ზეაღმატებული სივრცე პასიური დიქტატისათვის. ეს არ არის თითქოს დიქტატის ტიპური ნიშნებით და საბოლოო ჯამში, დიქტატი ეს არის, როდესაც ცალკე დაჯგუფებები თავს ახვევენ საკუთარ ნებას დანარჩენს მოსახლეობას,“ - აღნიშნა გამზარდიამ.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას, მისი თანამოაზრე კოლეგების პოზიციასა და მათ ინიციატივას, რომ 2024 წლამდე მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი შეჩერდეს, გამზარდია ასე აფასებს:

„შესაძლოა მცირე ჯგუფი გამოვიდეს „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ თუ ეს ჯგუფი ისეთი შინაარსის არ იქნება, რომ მათ შემდგომ საძალუფლებო სივრცე შექმნან, უბრალოდ იქნებიან მიმდინარე მოწვევის პარლამენტის ერთჯერადი წევრები და დამთავრდება ამით. ამიტომაც ფრთხილობენ ეს ადამიანებიც „ქართული ოცნებიდან“ გამოსვლას - აცნობიერებენ, რომ არანაირი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ნდობა არ აქვთ,“ - ამბობს გამზარდია.

იგი პრობლემის ორ შესაძლო გადაწყვეტაზე საუბრობს - შესაძლოა პარტია დატოვოს დეპუტატთა გარკვეულმა ჯგუფმა და შექმნას ცალკე ფრაქცია, ან შესაძლოა რაღაც გარკვეული შეთახმება მოხდეს ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის.

„შესაძლოა რაღაც გარკვეული შეთანხმება მოხდეს ძალაუფლების ძირითად ნაწილთან ან უარეს შემთხვევაში მცირე ჯგუფი გამოყონ ხელოვნურად და ამით დასრულდება. ამას რაიმე გადამწვეტი მნიშვნელობა არ ექნება - ამ პროცესით ერთობა პოლიტიკური სპექტრი. ბესელია შესაძლოა ფრაქციიდან გამოვიდეს რამდენიმე ადამიანთან ერთად და ცალკე ფრაქცია შექმნას, მაგრამ შემდგომ როგორ იქნება? შემდეგ რა პოლიტიკური საფუძველით აპირებენ გააგრძელონ?

„მათთვის შიდა სივრცეში დაწინაურება უფრო უპირატესი იქნება და ყველანი მუშაობენ იმისთვის, რომ როგორმე ივანიშვილის ნდობა მათთზე გადანაწილდეს - ეს არის მთელი ომის საფუძველი. ოპოზიციაც კი ცდილობს, რომ ივანიშვილს ნდობა მიიღოს. ივანიშვილი ამ მხრივ ხედავს, რომ მისი მნიშვნელობა გაზრდილია შიდა სივრცეში, თუმცა, საერთო ჯამში, მისი ძალუფლება იმდენად დიდი მაინც არ არის,“ - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.