"ოცნება არ დაიშლება, სანამ ივანიშვილი იქნება; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სასურველი შედეგი თუ არ დაჯდა და ხელისუფლებას დაკარგავს, ივანიშვილი ის კაცი არ არის მომავალში ამ პარტიას აჭამოს, ან საკუთარი ფული კობახიძეს დაახარჯოს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი მმართველ პარტიაში მიმდინარე მოვლენებს.
დავით ზურაბიშვილი: "ოცნების" შიგნით განსაკუთრებული არაფერი ხდება, რადგან ეს პარტია არა არის, ეს არის ერთი ადამიანის მომსახურე ვერტიკალი. ამ ვერტიკალში ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, დატოვება მოუწევს, არ დატოვებს და უკანა პლანზე გადაიწევს. ასე რომ, არაფერი არ შეიცვლება მაშინაც, ყველა რომ გამოცვალონ და ახალი ხალხი მოიყვანონ.
რაც შეეხება შიდა დაპირისპირების არსს, როგორც ჩანს, მოსამართლეების თემა მეტისმეტი აღმოჩნდა "ძველი ოცნებისთვის" და "ახალ ოცნებას" ანუ კობახიძეს შეუტიეს, თითქოს ის ბიძინას მითითებებს არ ასრულებდეს. მერე ძველი გვარდია შეეცადა ბიძინა თავის მომხრედ გადმოეყვანათ. ბიძინა კი როგორც წესი არ ჩქარობს, დრო გაჰყავს და ერთმანეთს აპირისპირებს, ეს მისი მართვის სტილია. ძალიან მიკვირს რატომ ვერ გაიგო აქამდე ამ ხალხმა.
"რ": ეკა ბესელია გამოცდილი პოლიტიკოსია, და ვერ ხვდება ივანიშვილის ამ მანევრს?
დ.ზ: ალბათ ხვდება, მაგრამ რაღაც იმედი კიდევ ჰქონდა, ახლა კი ცდილობს ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს, ამიტომაც ყოყმანობს. ალბათ ბესელიასთან ერთად უმრავლესობას რამდენიმე კაცი დატოვებს, მაგრამ არა მგონია რაიმე სერიოზული ნიშა დაიკავოს, შეიძლება "პატრიოტთა ალანსის" ტიპის ჯგუფი შექმნას. ამით "ოცნება" არ დაიშლება, რადგან ეს პარტია კი არა, ერთი კაცის მომსახურე ვერტიკალია. მანამდე იარსებებს, სანამ ბიძინა ივანიშვილია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სასურველი შედეგი თუ არ დაჯდა და ხელისუფლება დაკარგა, ივანიშვილი ის კაცი არ არის, მომავალში ამ პარტიას აჭამოს, ან კობახიძეს საკუთარი ფული დაახარჯოს.
"რ": რაც შეეხება მოსამართლეების თემას, უმრავლესობის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ივანივშილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადადების საკითხს იზიარებს. საკანონმდებლო ინიციატივითაც კი მიმართა პარლამენტს, რომელსაც 9 დეპუტატი აწერს ხელს.
დ.ზ: ივანიშვილმა ყველაფერი რომ დათმოს, სასამართლოს არასდროს არ დათმობს, რადგან ამ სისტემას მისი ძალაუფლების შემადგენელ ნაწილად განიხილავს.
"რ": თუმცა მარიხუანას თემასთან დაკავშირებით უკან დაიხია, როცა საზოგადოების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა.
დ.ზ: ივანიშვილი არ არის ის ადამიანი, რომ უკან დახევა არ შეეძლოს და გაჯიუტდეს, თუ იგრძნო რომ ძალაუფლებას კარგავს. მარიხუანას პროექტის დაკარგვით იცოდა, რომ არ გაღარიბდებოდა. მაგრამ სასამათრლოს დამოუკიდებლობას არასდროს დაუშვებს. მოსამართლეებს ბოლომდე არ გაწირავს, შეიძლება სიაში რამდენიმე გვარი შეიცვალოს, მაგრამ ძირითადად ის კლანი დარჩება, რომელიც მას ემსახურება. ივანიშვილი სასამართლოზე კონტროლს ხელს არ გაუშვებს, რადგან ამას ხელისუფლების დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს.