რას მიუტანს მოსწავლეებს სასკოლო გამოცდების გაუქმება
მე-11 და მე-12 კლასის გამოსაშვები, ე.წ. კატის გამოცდების გაუქმებაზე განხილვები არ ცხრება და „ასე ერთი ხელის მოსმით" მოსწავლეებისთვის 8 გამოცდის გაუქმების გამო განათლების მინისტრს „ოცნების" დეპუტატების ნაწილიც აკრიტიკებს და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც დიდი კრიტიკაა.
პოლიტიკოსებისგან განსხვავებით კი განათლების სფეროს სპეციალისტების დიდი ნაწილი ამ გამოცდების გაუქმებას მიესალმება და აცხადებენ, რომ „კატი" ვერ ამოწმებდა განათლებას. თუმცა სპეციალისტების ნაწილი ასევე თვლის, რომ ატესტატის მისაღებად სკოლებში აუცილებლად უნდა არსებობდეს სხვა სტილის, უფრი გამართული გამოცდა, ხოლო მეორე ნაწილი გამოცდების საერთოდ გაუქმების მომხრეა.
პარლამენტში გამოსვლისას განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეალურად მე-11 და მე-12 კლასის ალტერნატივა გახდა „კატის" გამოცდებისთვის მომზადება და არა სკოლაში სასკოლო პროგრამების სწავლა და „არ შეიძლება მე-11, მე-12 კლასის, ანუ განათლების ძირითად ბოლო ორ წელიწადში, მიმწოდებელი გახდეს რეპეტიტორის ინსტიტუტი".
განათლების ექსპერტები მხოლოდ იმაში თანხმდებიან, რომ „კატი" კარგი არ იყო, თუმცა რა არის კარგი მოსწავლეების უკეთ განათლებისთვის, ამაში განსხვავებული პოზიციები აქვთ.
განათლების მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ სასკოლო გამოცდების საერთოდ გაუქმება კარგს არაფერს მოიტანს - „კატის" გამოცდები მაინცდამაინც სრულყოფილი და კარგი არ იყო და დაბალ დონეზე ამოწმებდა ცოდნას, თუმცა ამის ხათრით მაინც დადიოდა ვიღაც სკოლაში და ახლა გამოცდების გაუქმებით საერთოდ აღარავინ ივლის.
„გამოცდების გაუქმება ახალი არ არის. ჩვენ გვახსოვს 2005-2006 წლებში, როცა ლომაიას რეფორმა იწყებოდა, სასკოლო გამოსაშვები გამოცდები მოხსნეს. ამან ის შედეგი მოგვცა, რომ ბავშვები საერთოდ აღარ დადიოდნენ სკოლაში, განსაკუთრებით დამამთავრებელ კლასებში და იმავე ხელისუფლების დროს გამოცდები კვლავ დააბრუნეს. ერთ-ერთი დასაბუთება იყო, რომ ბავშვების სკოლაში სიარულის სტიმული უნდა გაჩენილიყო. ასე, რომ წინასწარ ვიცით რა შედეგი მოჰყვება გამოცდების გაუქმებას - ბავშვები სკოლაში საერთოდ არ ივლიან," - აღნიშნავს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, გამოცდები აუცილებლად უნდა იყოს.
„მოსწავლეს, რომელიც ატესტატს იღებს, ელემენტარულ დონეზე ცოდნა უნდა ჰქონდეს. მსოფლიოში რამდენიმე მოდელია, მაგალითად არის, როცა სკოლის გამოსაშვები გამოცდა ხდება უნივერსისტეტში ჩაბარებისას განსჯის საგანი. მე ვთვლი, რომ გამოცდა ცენრტალიზებულად უნდა ჩატარდეს და ჩაატაროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა. სკოლების შიგნით გამოცდების დატოვება კორუფციას და ჩაწყობებს გაზრდის,"- ამბობს ზურაბიშვილი.
მისგან გასხვავებით განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ სწორედ დამამთავრებელ მე-11 და მე-12 კლასებში 4-4- გამოცდის შემოღების გამო არ დადიოდნენ ბავშვები სკოლაში საერთოდ, მთლიანად რეპეტიტორებზე იყვნენ გადართულები და ახლა, ამ გამოცდების გაუქმებით დრო გამოუთავისუფლდებათ და სკოლებს დაუბრუნდებიან.
მისი თქმით, რა მიზანიც გააჩნდა კატის გამოცდებს, ის მიზანს ვერ ასრულებს - ის ვერ ამოწმებს ცოდნას, ამოწმებს მინიმალურ მეხსიერებას - „მეხსიერების შემოწმება კი არ არის ის მთავარი მიზანი, რაც ზოგად განათლებას უნდა ჰქონდეს. რატომღაც უნდა გხსომებოდა რაღაც ფაქტობრივი მონაცემები გავლილი მასალიდან, მაგალითად მე-5 კლასიდან და ეს თანამედროვე განათლების პარადიგმას საერთოდ ეწინააღმდეგება. ასევე თავად პროცესიც არ მიდიოდა ხეირიანად, იყო დახმარებით და კარნახით ხდებოდა ჩაბარება. კი, ამის გამოსწორება შეიძლებოდა, მაგრამ ამით არსებითად არაფერი იცვლებოდა. კატის გამოცდის არსი იყო არასწორი".
აფხაზავას თქმით, „კატის" გამოცდები ბავშვებში უთანასწორობასაც წარმოშობდა - ვისაც ფული ჰქონდა, იმისთვის იყო ხელმისაწვდომი რეპეტიტორები, უფულო ბავშვები კი ვერც რეპეტიტორებთან დადიოდნენ და სკოლაშიც ვერ იღებდნენ განათლებას, რადგან მასწავლებლები რეპეტიტორობაზე იყვნენ ორიენტირებულები (რაც კორუფციასაც აჩენდა) და არა სკოლაში სწავლებაზე, რის გამოც უფულო ბავშვები მარგინალიზებული ხდებოდნენ და ეს ბავშვებში სოციალურ უთანასწორობას აღრმავებდა.
ამასთან, აფხაზავას თქმით, ვინც კი ნორმალური მასწავლებელი იყო, სკოლებში საათებიც შეიმცირეს, რომ რეპეტიტორობისთვის მეტი დრო დარჩენოდათ, ახლა კი კვალიფიციური მასწავლებელი ისევ დაუბრუნდება სკოლას.
„სწავლა სკოლაში უნდა დაბრუნდეს... უნდა განვითარდეს სასკოლო შეფასება, სკოლები წერენ ნიშნებს და ეს მიმართულება უნდა განვითარდეს. ასევე უნდა განვითარდეს გარე შეფასების ინსტრუმენტებიც. ანუ, ეროვნული შეფასება უფრო კომპლექსური გახდეს, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ სკოლების მიხედვით რა აკადემიური მოსწრება აქვთ ბავშვებს. მეტი საგანმანათლებლო პროექტები, მეტი კვლევები უნდა გააკეთონ ბავშვებმა, მეტი აქტიური ცოდნა მიიღონ, არაფორმალურ განათლებაში ჩაერთონ და არა ის, რომ გამოცდისთვის დააზეპირებინოს ბავშვს რაღაც. წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციას უნარები არ აქვს ბავშვებს, იმიტომ რომ რაღაცების დაზეპირებაზე არიან გადასულები, ეს საბჭოთა სკოლა უნდა დამთავრდეს. კვლევები გვაჩვენებს, რომ გამოცდაზე ორიენტირებული სისტემები არაეფექტურია," - ამბობს აფხაზავა.
„კატის" გამოცდები 2010 წელს შემოიღეს, როდესაც განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი იყო.
შაშკინი „რეზონანსთან" ამბობს, რომ კატის გამოცდები იყო საპილოტე პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან უნდა გარდაქმნილიყო - „ჩვენ საატესტატო გამოცდები პილოტურ რეჟიმში შემოვიღეთ. მაშინ ვთქვით, რომ 2013 წლიდან მოხდება სრული ინტეგრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების და საატესტატო გამოცდების, ამერიკული და ევროპული მოდელების მიხედვით".
მისი თქმით, უნდა ყოფილიყო საატესტატო 8 გამოცდა შეცვლილი ფორმატით და პლუს დამატებით უნარების გამოცდა - უმაღლესში მოსახვედრად, რომელიც გრანტის განმსაზღვრელი უნდა ყოფილიყო და გიორგი მარგველაშვილმა ეს რეფორმა გააუქმა.
„ის, რაც 2 წელი სატესტო რეჟიმში უნდა ყოფილიყო, გაგრძელდა 9 წლის განმავლობაში. ამ სასკოლო 8 გამოცდის ფორმატიც იცვლებოდა და იქნებოდა გამოცდები ისეთივე ფორმატის, როგორც არის აშშ-ი და ევროპაში. ეს რეფორმა ზუსტად „ქართული ოცნების" მიერ გაჩერდა. ნაგვის ყუთში გადააგდო მარგველაშვილმა. ეს წლებია მუდმივად ვაცხადებდი, რომ არ შეიძლება საატესტატო რეჟიმში არსებული გამოცდები 9 წელი გრძელდებოდეს,"- ამბობს შაშკინი.
მისი თქმით, თუ კატის გამოცდის ფორმატმა არ იმუშავა, უნდა გააუმჯობესო და არა ის, რომ სკოლაში გამოცდები საერთოდ გააუქმო, რადგან „მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბავშვი ამთავრებს სკოლას გამოცდების გარეშე".
შაშკინის განცხადებით, გამოცდების გაუქმებით სკოლებში სწავლება კიდევ უფრო გაუფასურდება.
„მასწავლებლების სერტიფიცირება რომ ჩატარდა წლების წინ, ფიზიკის მასწავლებლების 85% ჩაიჭრა, 92% ჩაიჭრა ქიმიის მასწავლებლებიდან. ამ პირობებში ვის სჯერა, რომ ამ გამოცდებზე ჩაჭრილი მასწავლებლები სასწავლო პროცესს იმდენად საინტერესოს გახდიან და იმდენად ახალ მეთოდებს შემოიღებენ, რომ ბავშვებს ფიზიკა და ქიმია შეუყვარდებათ?! გამოცდა არის ცოდნის შემოწმების ერთ-ერთი მეთოდი. სრული დემაგოგიაა, რომ სკოლა უნდა გაძლიერდეს და ყველაფერი კარად იქნება. როგორ უნდა შევამოწმოთ, სკოლამ ფიზიკის და მათემატიკის სწავლება გააძლიერა თუ არა. სასკოლო გამოცდების გაუქმებით მივიღებთ იმას, რომ ატესტატებს გაყიდიან ისე, როგორც ჰყიდნენ 1990-იან წლებში. მეორეც, მოკვდება ბავშვების ინტერესი მათემატიკის, ბიოლოგიის, ქიმიის და ფიზიკის სწავლების. ეს საგნები კი 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი საგნებია. ის პიარული სიუჟეტები, რომ კომპიუტერული პროგრამებით ვასწავლით, ბლეფია," - აცხადებს შაშკინი.