(გიგი მესვეტე)
სამშობლოს ღალატი... წარმოსათქმელადაც კი ძნელია. იმდენად ცუდი რამ არის, აი, როგორ გამოვთქვა... ძალიან საზიზღარი რამაა, თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელი. დასაბრალებლადაც ძნელია. ისიც ძნელია, დაიჭირო და გაასამართლო. თუ მართლა უღალატა, ძნელია - დაკითხვები, გაყვანა-გამოყვანები, თვალებში შეხედვები და იძულებითი მისალმებები. და თუ არ უღალატია და აბრალებ? ან, გაიძულებენ, რომ დააბრალო?
კატასტროფა! ადამიანის მოკვლას უფრო აპატიებ ვინმეს (გააგიჟეს, გადარიეს და გაცოფდა. მერე კი მოინანია, მაგრამ...), ვიდრე სამშობლოს ღალატს, რადგან შეუძლებელია სამშობლომ რამე დაგიშავოს. შენ შეგიძლია დაუშავო, სხვას შეუძლია დაუშავოს, მაგრამ სამშობლო არაფერს დაგიშავებს.
''მე არ ვუყვარვარ საქართველოს, მე ამას ვხვდები'' - ეს სიტყვები ერთ თანამედროვე ქართველ პოეტს ეკუთვნის და ცხელ გულზე, სიყვარულისა და სიგარეტის დეფიციტის დროს არის დაწერილი. საქართველოს უყვარს ქართველი და ირლანდიასაც უყვარს ირლანდიელი. აი, სომხ... ეს იმათი პრობლემაა. ყველამ თავის ქვებს და ლოდებს მოუაროს.
სამშობლოს ღალატი შეუძლებელი რამ არის. ეს შენ თვლი, რომ მან სამშობლოს უღალატა, თორემ ის, სინამდვილეში, უსამშობლო ადამიანია. მან შენს სამშობლოს უღალატა და არა თავისის. ჰოდა, მაგის...
ახლა, უკვე, სისხლის სამართლის კოდექსში ''სამშობლოს ღალატი'' ''სახელმწიფოს ღალატმა'' შეცვალა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ''დათა თუთაშხიაში'' სანდრო კარიძე ამბობს: ''ხალხი არის ერი დღეს''. ჰოდა, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო არის სამშობლო დღეს.
სერიალივით მიეწყო: ჯერ ბათიაშვილი, შემდეგ ტალახაძე და ძმანი მისნი; ჟორჟოლიანი და კონსერვატორნი (მონარქისტნი) მისნი; სარიშვილი არა, მაგრამ სარგადაყლაპულნი მისნი. ასევე, მაია ნიკოლეიშვილი და პათანატომების საკბილო, მკვდრადშობილი ''ანტისოროსი'' მისი.
რა ვქნა, თუ გინდათ მომკალით, მაგრამ მაგათ მოღალატეობას ვერ დავიჯერებ. მე ეგენი უფრო იდიოტები მგონია. ეს რაც შეეხება წვრილფეხობას, ხოლო მსხვილფეხობა... იგორ გიორგაძის მსხვილფეხა მომხრეები ერთი ჩვეულებრივი უსაქმური ხალხია. ფუფუნებას მიჩვეულები არიან, მაგრამ შრომა ეზარებათ. პლუს, არც რამე ხელობა იციან, წვრილფეხობისთვის წვრილ-წვრილი კუპიურების დარიგებას, მცირერიცხოვანი თეატრალიზებული აქციების ორგანიზებას, იგორას თვალში ქულების ჩაწერას და ჯიბეში ფულის ჩაჩხრიალებას თუ არ ჩავთვლით.
ისე, ეგეც ხელობაა. შენ იხუმრე და ამხელა კაგებეშნიკ კაცს პატარა ბავშვივით აგოიმებენ.
ეგეთები ყოველთვის იყვნენ: აბსანძე, ომანიძე... აგერ, რაღა შორს მივდივართ - ბოლო 15 წელია ბესო ჯუღელი სხვას კი არაფერს აკეთებს?! ეგეთები ყოველთვის იქნებიან: ბიძინა იზრდება, რატი იზრდება და სხვათა შორის, მიშა მაჭავარიანს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია ზრდა.
ეგრე რომ იზრდები და ეგრე რომ ზრდი, მე მგონი, მგონი კი არა, დარწმუნებული ვარ, სწორედ ეგ არის სამშობლოს ღალატი, სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, ქვეყნის ინტერესების შელახვა და ბევრი რომ არ გავაგრძელო და მოკლედ რომ გამოვთქვა, ელემენტარული და ყველაზე ვულგარული “კრისობაა“.
მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ წასვლა საქართველოს ღალატის ტოლფასია. ასევე, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გატრადიციულების მცდელობა. ასევე, 14!%-იანი ინფლაციის პირობებში ძვირი და უგემოვნო შადრევნების კეთება. ასევე... ბევრი ასევე!
ყველას ვერ დაიჭერ და არც უნდა დაიჭირო, თუ რა თქმა უნდა, არჩევნები არ არის კარს მომდგარი და თუ შს მინისტრი (სახელმწიფოს ხერხემალი) არ არის გასაპიარებელი.
მერაბიშვილს კიდევ ბევრჯერ გააპიარებენ (ამ პიარს საბოლოოდ პრეზიდენტის პიარი შეეწირება), კიდევ ბევრი არჩევნები იქნება და კიდევ ბევრს დაიჭერენ - ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურია.
არადა, ტიპები იგორას წეწავდნენ და ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, რომ უმალ ნილოსი დაიწყებს აღმა დინებას, ვიდრე პანტელეიმონოვიჩი საქართველოში თეთრ ცხენზე ამხედრებული დაბრუნდება. გადატრიალება არა, კვერცხი!
არა, ერთი ეგ მითხარით, ამდენი სერიალების ჩვენება და ყურება ღალატი არ არის?
ეს დაჭერებიც სერიალივით მიეწყო. შემდეგი სერიები სასამართლო პროცესებს მიეძღვნება, მერე, პოლიტპატიმრების თემას და წავიდა ჰეეე, ის ცხოვრება აღარ არის!
სადღაც ამოვიკითხე: ''საზოგადოებრივი რადიო და ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრი გვთავაზობს ახალ სერიალს ''დაღლილი ანგელოზის სამი ბუმბული''.
გვინდა ჩვენ ბუმბულები?!