2011 წლის 9 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების შექმნას გულისხმობს - „იმ პერიოდში სულ სხვა მოცემულობა იყო, რუსეთი უნდა შესულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში და ის მოთხოვნები უნდა დაეყმაყოფილებინა, რა მოთხოვნებიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა. მაშინ დაინტერესებული იყო აშშ-ს ადმინისტრაცია და ევროკავშირიც, რომ რუსეთი ამ გაერთიანების წევრი გამხდარიყო," - აღნიშნავს ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
„რითი იყო გამოწვეული ეს ინტერესი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ეს მაშინდელი მოთხოვნა იყო და საქართველოს ხელისუფლება დაყვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოთხოვნას - ფაქტობრივად, ნება დართო მომხდარიყო ტვირთების შემოტანა საქართველოში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რომ რუსეთი შესულიყო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში," - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
საქართველო რუსეთის მხრიდან მორიგი დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა, - ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით - „საქართველო მზად არის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საბაჟო კონტროლის პუნქტები გახსნას, რადგან შეთანხმება აიძულებს საქართველოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიაროს," - ამის შესახებ რუსულმა „კომერსანტმა" რუსეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით დაწერა.
რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნულ ინფორმაციას რუსული დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესა და რეალობასთან შეუსაბამოა.
„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს რუსული მედია და მას მხარს უჭერენ ჩვენი ოპონენტები, ოპოზიციონერები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. კატეგორიულად მიუღებელია ასეთი მსჯელობა, რადგანაც მას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და სინამდვილესთან.
„მოგეხსენებთ, რომ შეთანხმება გაფორმდა 2011 წელს და წარმოადგენს, მხოლოდ ორ მხარეს შორის - რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას. ის ითვალისწინებს სატრანზიტო კორიდორების მონიტორინგს. არანაირი საუბარი არ არის რაიმე სახის საბაჟო ტერმინალების განთავსების თაობაზე. ყველაფერი არის ხსენებულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში, ისევე, როგორც ეს იყო ხელმოწერილი 2011 წელს და დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე და სპეკულაციები," - განმარტა მინისტრმა.
ჟენევაში, 8-9 თებერვალს სამმხრივი, - ქართულ-რუსულ-შვეიცარიული ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტული დეტალები განიხილება იმის შესახებ, შვეიცარიელი მებაჟეები პირველი მარტიდან თუ როგორ გააკონტროლებენ ტვირთბრუნვას საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით.
ქართული მხარიდან შეხვედრაში შემოსავლების სამსახურის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქმით, ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრები აღნიშნულთან დაკავშირებით გაგრძელდება:
„ჩვენ ველით, რომ მოხდება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც იქნება განხილული ყველა ტექნიკური საკითხი. საქართველოს დელეგაციაში იქნებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და ჩვენი ეს პოზიცია ძალიან მკაფიოდ იქნება გაჟღერებული ამ შეხვედრაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი საერთო ამ დეზინფორმაციას არ ააქვს რეალობასთან.
"არ მომხდარა არანაირი რევიზია დადებული შეთანხმების და არც იგეგმება ყველაფერი ხორციელდება 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში და არანაირი საბაჟო ტერმინალების განთავსება არ განიხილება საერთოდ შეთანხმებული კორიდორების მიღმა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა," - განაცხადა დავით ზალკანიანმა.
ვახტანგ მაისაიას განცხადებით, იმ პერიოდში რუსულ და ამერიკულ მხარეს შორის თანხმობა არსებობდა, თუმცა, დღეს ვითარება შეცვლილია, - მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წევრობით, პუტინი „აღფთოვანებული არ არის" და დღეს აშშ-ის დამოკიდებულება და საგარეო კურსიც განსხვავებულია.
„თანხვედრა ამერიკისა და რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადეგენლების მხრიდან არსებობდა, თუმცა, ახლანდელი სიტუაცია შეცვლილია, - ხელშეკრულების მიხედვით რომ ვილაპარაკოთ, როკის იქითა და აქითა მხარეს შვეიცარული კომპანიის წარმომადგენლები უნდა დადგნენ და ტვირთების რაოდენობა აღნუსხონ. შესაბამისად, კორიდორი გაიხსნება, როგორც ჩრდილოეთ სომხეთის, ასევე ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც.
„ეს უკვე მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა ხდება, რადგან დასავლეთის მხრიდან არის გამოცხადებული ეკონომიკური სანქციები რუსეთის მიმართ და პუტინიც მაინცდამაინც დიდად არ არის აღფრთოვანებული მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებით. ამ ხელშეკრულების ამოქმედება და შესრულება დაკავშირებული იყო იმ რეალობასთან, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა," - აღნიშნა მან.
ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას განმარტავს იმას, თუ როგორ გაკონტროლდება ტვირთბრუნვა საქართველოს სამ დერეფანზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით.
„ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ირიბ აღიარებაზე, - გააჩნია სად დადგებიან უშუალოდ საბაჟო სამონიტორინგო ჯგუფის წარმომადგენლები, რომელსაც შვეიცარული კომპანია გააკონტროლებს. თუ ისინი დადგებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საზღვარი გადის, როკის გვირაბის მიღმა, - ფსოუზე, გარკვეული ნაწილი შესაძლოა დადგეს გორში და ზუგდიდში, წმინდა პროფილაქტიკის მიზნით.
„საუბარია სად დადგებიან საბაჟო კომპანიის წარმომადგენლები და რა ფუნქციები ექნებათ მათ ამ ტვირთების მონიტორინგის საქმეში, - ამის გაკონტროლებაზე პასუხისმგებლობას ალბათ, შვეიცარული კომპანია, აიღებს. ასევე, შვეიცარიის მთავრობა, როგორც ამ პროცესის შუამავალი," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.