"მეეჭვება, რომ ოპოზიციამ ამ პროცესში საზოგადოების მასობრივი ჩართულობა მოახერხოს, რადგან საზოგადოებას დღეს ნაკლებად აინტერესებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი და პარლამენტის მოდელი"- აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ერთიანდება; ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ამ პროცესში საზოგადოების მასობრივად ჩართვას აანონსებს.
არჩილ გამზარდია: მეეჭვება, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულ დონეზე მოახერხოს საზოგადოების მასობრივი ჩართულობა, რადგან საზოგადებას დღეს ნაკლებად აინტერესებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი და პარლამენტის მოდელი.
რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას, დროებითი მდგრადობა ასეთ გაერთიანებებს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ როდესაც საქმე ძალაუფლების განაწილებაზე მიდგება, ასეთი გაერთიანებები იშლება, პროცესების არევა შიგნით იწყება.
დღეს ჩვენ პური და სანახაობის პრინციპით ვერთობით, რადგან შედეგობრივად არაფერი იცვლება, მხოლოდ ეპიზოდები, ნაწარმოების ძირითადი სიუჟეტი კი ერთი და იგივეა. დრო და დრო ალიაქოთი და შიდა პროცესები ამოტივტივდება, როგორც "ოცნებაში" ისე "ნაცმოძრაობაში", შემდეგ ჩაწყნარდება. ეს ფორმულა რჩება, რომ აქცენტი ორ პოლუსზე იყოს.
"რ": მმართველ გუნდში შიდა პროცესები ჩაწყნარდა?
ა.გ: რეალობას მოკლებული იყო, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს, რომელიმე დაპირისპირებლი მხარის ინტერესები დაეცვა. ანუ ვიღაცას მხარი დაუჭირა, ვიღაცას თავში ჩაუკაკუნა.
რამდენადაც მე ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ და მქონია საშუალება ასე შეხვედრებს დავსწრებოდი, იგი არასდროს ღია სივრცეში თავის პოზიციას ცალსახად არ გამოხატავს და მედიატორის როლში არის.
რაც შეეხება გუნდურობას, ვერ ვიტყვი რომ ეს არის გუნდურობა, უფრო კოლექტივიზმის მოდერნიზებული ფორმა აქვს. როცა ინტრიგები და ჭორები, რომელიც ყოველთვის არის, ზემოქმედებს ნეგატიურად, მაშინ ერთვება ბიძინა ივანიშვილი და შეიძლება კოლექტივიზმის აზრი გაითვალისწინოს.
ამიტომ, ეკა ბესელიამ უნდა იყოჩაღოს და ეს ინტრიგები ისე მართოს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ შეწუხდეს, რადგან იყო შემთხვევები "ოცნებაში", როცა შემწუხებელი უნდა გავიდეს.
"რ": ანუ "ოცნებას" დაშლა არ ემუქრება?
ა.გ: რაც შეეხება "ოცნების" დაშლას, შიდა თამაშები ალაბთ იქნება, მაგრამ სერიოზული პრცესები არ მოყვება; არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის გაერთიანებამ, ან საპროტესტო აქციებმაც რაიმე ავნოს.
მიუხედავად, ყველა გამოკითხვაში ურაყოფითი შეფასებებისა, "ოცნება" მაინც პირველია. ასე რომ, "ოცნება" შესუსტდეს ან 2020 წელს, ძალაუფლება დაკარგოს, ამის პერსპექტივა არ ჩანს.