ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კარაკასში გამართულ აქციაზე, თავისი მომხრეების წინ სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში შექმნილი კრიზისის აღმოსაფხვრელად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დააანონსა, რომელსაც ვენესუელაში 2020 წლის ნაცვლად 2019 წელს ჩაატარებენ. ამის შესახებ „როიტერსი" იუწყება.
მიტინგზე გამოსვლისას მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელის ეროვნულ საკონსტიტუციო ასამბლეაში გაჟღერებულ ინიციატივას, ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, მხარს უჭერს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, ქვეყნის საკონსტიტუციო ასამბლეაში სწორედ მადუროს მხარდამჭერები არიან:
„არჩევნები უნდათ? ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს ჩავატარებთ", - დასძინა მადურომ 2 თებერვალს მომხრეების წინ სიტყვით გამოსვლისას, რის ტრანსლაციაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში" მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა, კანადამ, საქართველომ, ისრაელმა, ავსტრალიამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, ჩილემ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, პანამამ, პარაგვაიმ და პერუმ აღიარეს მადუროს მმართველობის არალეგიტიმურობა და მხარი დაუჭირეს ხუან გუაიდოს, როგორც ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ 2019 წლის 26 იანვარს ნიკოლას მადუროს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა.
კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ 8 დღის განმავლობაში მადურო არ დააანონსებს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია, დაუჭერენ მხარს ხუან გუაიდოს და აღიარებენ მას ვენესუელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მადუროსთვის მიცემული ვადა დღეს იწურება.
თავად გუაიდომ იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები არაუგვიანეს მომავალი 6-9 თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
თუმცა, მეზობელი ქვეყნების გარდა, ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტ მადუროს ქვეყნის შიგნით აქვს განსაკუთრებული პრობლემები. იმის ფონზე, რომ ათასობით ადამიანი მის წინააღმდეგ საპროტსტო აქციებს მართავს ქვეყნის დედაქალაქში, მადუროს ვენესუელის ჯარის ერთერთი უმაღლესი ოფიცერიც განუდგა.
კერძოდ, კვირას ვენესუელას სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალმა, ფრანსისკო ესტებან იანეს როდრიგესმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მადურო დიქტატორია და რომ ქვეყნის შეაიარაღებული ძალების 90% მადუროს მხარს არ უჭერს. გენერალმა როდრიგესმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ „პატრიოტისა და დემოკრატის სიამაყით" აღიარებს გუაიდოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად და მზადაა, რომ მისი ბრძანებები შეასრულოს.
მალევე ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ გენერალი ფრანსისკო ესტებან იანეს როდრიგესი მოღალატედ გამოცხადდა.