(გიგი მესვეტე)
რა ხდება, ექსპერიმენტებს ატარებენ? სვიმონიშვილი თბილისელებს არქიტექტორად თუ ვერ გამოგვადგა და ქართველებს - სოფლის მეურნეობის მინისტრად, ვითომ გურულებს გამოადგებათ გუბერნატორად? არა მგონია, კახელები ცისკარიშვილს ვაზის ცრემლებით აცილებდნენ და არც ის მგონია, რომ ბეგაშვილის დასახვედრად სახელდახელოდ ქსოვდნენ წითელ ხალიჩას. ჩოგოვაძე? ოოო! გოჩას ბიჭი გაზის კაცად აქციეს.
ყველაზე საინტერესო მაინც ირაკლი ოქრუაშვილის ოდისეაა. ეგ კაცი ან ძაან მაგარია და ან ძაან სუსტი. აბა, აკაკის „ჩემი თავგადასავალი“ რა მოსატანია ირაკლი ოქრუაშვილის თავგადასავალთან? რობინზონ კრუზო ერთი საწყალი მეოცნებეა, ათოსს, პორთოსს, არამისს და დ"არტანიანს ოქრუაშვილი ადიუტანტებადაც კი არ აიყვანდა. მაგარია, როგორც პრეზიდენტი ამბობს და სუსტი, როგორც მე მგონია. სახლში ძველი, ნივთი რომ გაქვს, შთამბეჭდავი, მაგრამ უფუნქციო, გადასაგდებად რომ გენანება და ხან რომელ თაროზე შემოდებ და ხან სად შეჩურთავ. ეგეთი ნივთები ბოლოს, როგორც წესი, ბავშვების საკბილო გახდება ხოლმე.
ასე დაარბენინებენ ოქრუაშვილს თაროდან თაროზე და კაბინეტიდან კაბინეტში. ეგ რომ მართლა მაგარი იყოს, ამდენ ხანს მიშას ჭკუაზე (ხოშზე, მუღამზე, დილიხორზე...) არ ირბენდა. პაპაჩემი თავის ნაგაზს (ალექსანდრეს ვეძახდით, კავკასიური ნაგაზი იყო) ხან სად გადააბავდა და ხან - სად. სხვებს ეშინოდათ, პაპაჩემს თვალებში შეჰყურებდა, არავისთვის უკბენია, სულ დაბმული იყო.
მაგრამ, აბა მე ვინ ვარ? 19 წლის „06“-ით დავდივარ და 9 წლის „ერიკსონ 628“-ით ვარ შეიარაღებული, ეს არის და ეს. ჩემი აზრი ვის რაში აინტერესებს? როგორც პრეზიდენტი იტყვის, ისე იქნება.
ერთ პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. ახლობელმა ფსიქოლოგ-სოციოლოგმა მომიყვა: „1991 წელია. ფოთში ვართ, გამოკითხვებს ვატარებთ. ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო - „რა აზრის ხართ ქორწინებამდელ სქესობრივ ურთიერთობებზე?“. ჩვენი მეგობრის ბებიას შევავსებინეთ და ამ კითხვამდე რომ მივიდა, ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდნენ და გვითხრა, როგორც ზვიადის უნდა, ისე ჩაწერეთო“.
ჰოდა, როგორც პრეზიდენტი იტყვის, ისე იქნება. მაგარია - მაგარია, სუსტია -სუსტია. პრეზიდენტმა ბრძანა (თქვა, მოხია, დაახეთქა...): „დღეს მხოლოდ ბრიყვები ვერ დაინახავენ იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეკონომიკაზე გადის“. და დაამატა (ატაჩმენტი გაუკეთა): „მხოლოდ პრიმიტივებს და გონებაშეზღუდულებს შეუძლიათ იფიქრონ ის, რომ ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლეს მისი განცხადების გამო, რომელიც 1 იანვარს ცხინვალში შეხვედრას ეხებოდა“.
ძალიან ბევრი, მათ შორის მეც, დიდი ხანია დარწმუნებულია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ეკონომიკაზე გადის და არა ღიპიანი ბეგაშვილის, ჭირიანი ბრეგაძის და „ინტელექტუალი“ ბექაურის რეზერვისტობაზე. ჩვენ, ვინც აქამდეც ვხედავდით, ბრიყვები ვართ. ვინც ხუთშაბათს დილით მიხვდა და პარასკევს, საღამოს გაახმოვანა - ჭკვიანი.
რადგან მე ბრიყვი ვარ (და მგონი პრიმიტივი და გონებაშეზღუდულიც), სჯობს რთულ და გონიერ პრეზიდენტს მოვუსმინოთ, რომლის სიტყვებითაც ისე გამოდის, რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ ერთი კაცია ისეთი, რომელსაც წარმატებით ხელეწიფება გუბერნატორობაც, გენერალური პროკურორობაც, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრობაც, ეკონომიკის მინისტრობაც და საერთოდ, ყველაფრის მინისტრობა, დირექტორობა, სამეთვალყურო და სამეურვეო საბჭოების თავმჯდომარეობაც და რა ვიცი კიდევ რა! ერთი სიტყვით, ყველაფერი, სადაც საქართველოს უჭირს. და სადაც საქართველოს უჭირს,
ოქრუაშვილიც იქ გაჩნდება. გააჩენენ.
სად უჭირს საქართველოს? ეეეჰ, სად არ უჭირს!
პირველ რიგში, აგერ, დღეს (11 აგვისტოს) რაგბია და სამმეოთხედელებში ვერ გვაქვს საქმე მთლად კარგად. მერე, შოთა არველაძე ნაკრებიდან მიდის და თავდასხმაში პრობლემა ჩნდება. მეკარის საკითხიც გასარკვევია და არც ტოპმიოლერი მომდის თვალში. კალათბურთში ერთი კარგი გამთამაშებელი გვინდა. აუცილებლად თეთრკანიანი, სასურველია - ქართველი და შეძლებისდაგვარად - ქართლელი, ტყვიავიდან. ქალთა ჭადრაკში პოზიციებს ვთმობთ, ჩიბურდანიძე ოქრუაშვილმა უნდა შეცვალოს. ეს, რაც შეეხება სპორტს (ო, სპორტო, შენ მშვიდობა ხარ). გადავიდეთ დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.
მოგწონთ ახალაია? მეორე ახალაია? მესამე ახალაია? რომელიმე ბურჯანაძე და ერთადერთი ნოღაიდელი?
ჩვენ მოგვწონს ოქრუაშვილი, კაცი - პანაცეა, კაცი - ხსნა, კაცი - რთველი, კაცი - რეკლამა, კაცი - „ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდეს“.
მოგწონთ საქართველოში ჩატარებული რომელიმე არჩევნების შედეგები? მოგწონთ ცენტრალური საარჩევნო კომისია? მოგწონთ ქართველი ამომრჩეველი? მოგწონთ პარლამენტი? მოგწონთ პრეზიდენტი? მოგწონთ ოპოზიცია?
ჩვენ მოგვწონს ირაკლი ოქრუაშვილი, კაცი – ელექტორატი, ცეესკო, პარლამენტი, პრეზიდენტი, ოპოზიცია.
ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ერთი გუნდი.
ჩვენ ერთი კაცი ვართ.