დავით ბეჟუაშვილი - „მამაჩემის ქონება ჩუმად დავაგირავე“

დავით ბეჟუაშვილი - „მამაჩემის ქონება ჩუმად დავაგირავე“

(იბეჭდება შემოკლებით)

„გაზავიკი“ დავით ბეჟუაშვილი მხოლოდ 31 წლისაა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით, ბევრ ბიზნესმენს ჯიბეში ჩაისვამს.

დაიბადა დაბა მანგლისში. დედამისი მეორე სკოლის დირექტორია, მამამისი კი რაიკავშირის ექს-თავმჯდომარე, ანუ, შეძლებული ოჯახის ბიჭია.

რა პუტკუნა ხართ, ბავშვობაშიც ასეთი ხორციანი იყავით?

- არა, იცით რა გამხდარი ვიყავი, ჯარში გავსუქდი და იმის მერე წონა ვერ დავაგდე.

თუ შეიძლება მასწავლეთ, როგორ კეთდება მილიონები?

- მაშინ კარგად უნდა მომისმინოთ.

გისმენთ.

- ჯარიდან რომ ჩამოვედი, მაშინ იწყებოდა კომერციული საქმიანობა. ვცდილობდი, ბიზნესის სფეროში ჩემი ადგილი მეპოვა. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, მამაჩემს ფული ვესესხე. თუმცა მამა ვერ რისკავდა ფულის მოცემას. მაშინ ხუთი ათასი მანეთი დიდი თანხა იყო და მთელი ერთი თვე ვემუდარე, ვეჭიდავე, დედაჩემიც ჩავრიე და ფული მაინც გამოვართვი, დავიჟინე, ქარხანა უნდა ავაშენო-მეთქი.

რისკიანი ყოფილხართ...

- რა თქმა უნდა. მაშინ ძალიან კარგი ოპერაცია მოვიფიქრე. აგროსამრეწველო ბანკიდან კრედიტი ავიღე, მამაჩემის მთელი ქონება დავაგირავე ჩუმად.

„კოსმონავტიც“ ყოფილხართ...

- იცით, ეს ამბავი როგორ გასკდა? ბანკიდან სახლში დარეკეს და ბებიაჩემს ჰკითხეს, ოთახის ფართი რამდენიაო, არასწორედ ეწერათ, ეტყობა. ბებიაჩემი გადარეულა, რაში გაინტერესებთო. ჰოდა, მათაც - თქვენი ბინა დაგირავებულიაო. მაშინ ბებიაჩემმა კინაღამ ინფარქტი მიიღო. იმ ფულით დავიწყე რუსთავის ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნების ნედლეულით მომარაგება. კიევში ჩემს ძმასთან რომ დავდიოდი, პატარა ნაცნობობა გამოვიყენე და ასე ავეწყე.

მოგვიანებით ტომსკის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დავიწყე მუშაობა და იქაც იგივეს ვაკეთებდი, რასაც რუსთავის ქარხნებში. ნედლეულით ქარხნის მომარაგების საქმე იმდენად კარგად გამომივიდა, რომ ყოფილი სსრკ-ის ქარხნების გაზით მომარაგებაზეც გადავედი.

ტომსკგაზტრანსის გენერალური დირექტორის მოადგილე გავხდი. ცენტრი მოსკოვში გადავიდა და როგორც მოსკოვის წარმომადგენელი, საცხოვრებლად იქ გადავედი. 1996 წელს, როცა საქართველოში ეკონომიკამ წინსვლა დაიწყო, ფიქრი დავიწყე აქ ჩამოსვლაზე. თავდაპირველად მამაჩემს ტაივანიდან პოლიეთილენის ქარხანა ჩამოვუტანე და დავუმონტაჟე. 1997 წელს აუქციონზე „რუსთავცემენტის“ აქციები ვიყიდე. 1998 წელს კი გაზის მეურნეობებიც ვიყიდე და საბოლოოდ საქართველოში ჩამოვედი.

როგორც კი ფინანსური გავლენა მოიპოვეთ, პოლიტიკაში გადასვლის მადა გაგეხსნათ...

- ფინანსური გავლენა გაზის გარეშეც პრობლემა არ იყო, საქართველოში არ არის იმდენი ბიზნესმენი, იმდენი ფინანსები, რომ ვიღაცას სერიოზული კონკურენცია გაეწია.

როგორც გავიგე, ამბობთ, რომ თქვენ იმდენი ფული გაქვთ, ბევრს რომ არ დაესიზმრება?

- მე ვამბობ, რომ გავლენა გაზის გარეშეც მექნებოდა. უბრალოდ, გაზის საკითხებმა დამაახლოვა პოლიტიკასთან, კერძოდ, ურთიერთობა მქონდა პოლიტიკოსებთან და მინისტრებთან.

საქგაზს თქვენი სახით და მეგობრების წყალობით უკვე ჰყავს მაღალ ეშელონში მფარველი.

- სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემი მფარველობაც ხშირად ვერ უშველის, იმიტომ, რომ არაჯანსაღი კონკურენციაა. სხვათა შორის, არც ჩემს მეგობრებს არ ვაწუხებ.

ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე, რომ გაზის ბიზნესშია, საიდან გაჩნდა ეს ვერსია?

- ძალიან გამიკვირდა თვითონაც, როცა ამ აზრმა გაიჟღერა. ალბათ, ურთიერთობიდან გამომდინარე... მიშა ჩემს ძმასთან სწავლობდა კიევში, მისი მეგობარია, მიშასაც ჰყავს მტრები და, ეტყობა, უნდოდათ მიშას გაზთან დაკავშირება, რადგან გაზთან ცუდად ჩამოყალიბებული პოზიციები იყო. პოლიტიკოსის საქგაზში მოღვაწეობა აბსურდია.

თეთრიწყაროს მაჟორიტარებისთვის რამდენი დახარჯეთ?

- არ დამითვლია. მე არც ვფიქრობდი დეპუტატობაზე, რაიონში ჩვენი დახმარებით უამრავი საქმე გაკეთდა, ძალიან ბევრს დავდივარ, რაიონში თითქმის ყველას ვიცნობ. მოსახლეობამ შემომთავაზა, კენჭი მეყარა. ძალიან მონდომებული იყო რაიონი.

ბატონი დავითი არ ამხელს, რამდენი დაუჯდა მაჟორიტარობა - 100, 200 თუ 300 ათასი. თუმცა, ბოროტი ხმები ამ უკანასკნელ ციფრზე მიანიშნებენ.