NDI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია

NDI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია

NDI-ს კვლევის შედეგები პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია. ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. ლაგაზიძის თქმით, კვლევებმა სამი ფუნდამენტური შედეგი აჩვენა, რომელიც პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია.

"კვლევებიდან სამ ფუნდამენტურ საკითხს გამოვყოფდი. პირველი, საზოგადოებაში აბსოლუტური იმედგაცრუებაა პოლიტიკური სპექტრის მიმართ. კვლევებში პირდაპირ წერია, რომ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 13 პროცენტს აქვს განწყობა, რომ პარტიები იღწვიან საზოგადოებისთვის. დანარჩენს აქვს განცდა, რომ პოლოტიკაში ადამიანები მიდიან იმისათვის, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნონ, ან ლიდერებს ემსახურონ. ეს შედეგი სასიკვდილო განაჩენია პოლიტიკური სპექტრისთვის. რაც რეალობაა, ის გადმოვიდა კვლევის ამ კითხვაში.

ეს არის პოლიტიკური დიაგნოზი და რომ ვთქვა, იმედი მაქვს პოლიტიკური პარტიები ამ ამბავს გაითვალისწინებენ-მეთქი, მოგატყუებთ, იმიტომ რომ თვითონაც გრძნობენ საზოგადოების ამ განწყობას და ვერანაირად ვერ ახერხებენ ჩაკეტილი წრიდან გამოსვლას. მეორე და ფუნდამენტური რაც გამოაჩინა ამ კვლევამ, არის დემოკრატიისადმი ნდობის დაკარგვა. საზოგადოებაში იმის აღქმა, რომ დემოკრატიისადმი უკუსვლაა, მე იშვიათად მინახავს ქართულ კვლევებში.

ეს ამ შემთხვევაში უკვე ხელისუფლების დიაგნოზია. და თავისთავად არის კიდევ ის, რომ დემოკრატია, როგორც ღირებულება, საზოგადოებისთვის ფასეულია. ეს საგანგაშო შედეგია ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ ამერიკული ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული კვლევაა. მესამე და ფუნდამენტური რაც ამ კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ ხალხის აზრით ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყანაში გაიზარდა. ეს სამი შედეგი რაც ამ კვლევებმა აჩვენა, პოლიტიკური მიწისძვრის ტოლფასია", - აღნიშნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას წარუდგინა. კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.1 პროცენტია.