ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს „დაიბრუნებენ“

ცხინვალის რეჟიმი იმუქრება, რომ ყაზბეგის ტერიტორიებს „დაიბრუნებენ“

ცხინვალის რეჟიმი ბოლო დროს უფრო და უფრო ააქტიურებს მუქარას ყაზბეგის ტერიტორიის დაბრუნების პრეტენზიაზე. ამჯერად, ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აცხადებს, რომ მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თრუსოს ხეობა, კობი და გუდოს ხეობა „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს წარმოადგენს" და ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ.

თბილისში, ტრადიციისამებრ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს მორიგი პროვოკაციული და საღ აზრს მოკლებული განცხადებაა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა კი თქვა, რომ მედოევის ინტერვიუ მისი აბსურდულობიდან გამომდინარე „ნაკლებად იმსახურებს ფართო ტირაჟირებასა და ზედმეტ ყურადღებას", თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენმა საელჩომ გერმანიაში დაამყარა კონტაქტი აღნიშნულ გამოცემასთან, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით.

ცხინვალის რეჟიმის პრეტენზიაა, რომ ოს ხალხს ეკუთვნის მცხეთა-მთიანეთის რიგი ტერიტორიები, თრუსოს ხეობა, კობის ქვაბული და გუდოს ხეობა და ეს არის „აღმოსავლეთ ოსეთი", რომელიც ბოლშევიკებმა ავტონომიების შექმნის დროს ოსი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე უკანონოდ გადასცეს ახლად შექმნილ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას, რაც მათი მტკიცებით, „უკანონო ანექსიას წარმოადგენდა" და „ოსები არასდროს აღიარებენ ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით ბოლშევიკების მიერ 1922 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას".

ეს განცხადება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებას გასული წლის ზაფხულში აქვს გაკეთებული და სწორედ ამ დროიდან იწყება ახლა უკვე მცხეთა-მთიანეთის რიგ ტერიტორიების მიტაცების სურვილი და ახალი პრეტენზიები ცხინვალიდან.

მაშინ „აღმოსავლეთ ოსეთის" კუთვნილების საკითხი ჟენევის დისკუსიებზეც დაისვა. შემდეგ ე.წ. საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა, რომელმაც მუშაობა უკვე დაასრულა და ცხინვალში დაანონსდა, რომ ე.წ. პარლამენტში სულ მალე დიდი განხილვა იწყება, „სამხრეთ ოსეთის კუთვნილი მიწებიდან" რა ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს პრობლემა როგორ უნდა გამოსწორდეს.

ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენელი დიმიტრი მედოევი გერმანულ გამოცემასთან ამბობს, რომ „ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთზე" პრეტენზიას ისინი უკვე დიდი ხანია აყენებენ სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის ჟენევაშიც და „მომავალშიც გააგრძელებენ ოსების უფლებების დაცვას მათი წინაპრების ისტორიულ მიწაზე".

„ეს მტკივნეული საკითხია მთელი ოსეთისთვის. ჩვენი რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების, რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთელი ოსი ერის ნათელი პოზიციაა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები დაგვიბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ", - განაცხადა მედოევმა გერმანულ გამოცემა „ნოიეს დოიჩლანდთან" საუბრისას.

გერმანულ გამოცემასთან მედოევის ინტერვიუზე განმარტება გააკეთა გერმანიაში საქართველოს საელჩომ და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ეს გამოცემა დაბალტირაჟიანია, მემარცხენე-რადიკალური და პრორუსული, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ხოლო თავად ინტერვიუს ავტორი არის ორგანიზაცია „რუსეთის ხალხების ბერლინელი მეგობრების" წევრი და აქტიური მხარდამჭერი.

შერიგების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „აღმოსავლეთ ოსეთი" ბუნებაში არ არსებობს, თუმცა, წლებია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაზე პრეტენზიას აყენებენ ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლები და ამ ტერიტორიას ბოლო წლებია უწოდეს გამოგონილი სახელი - „აღმოსავლეთ ოსეთი".

„თრუსოს ხეობის თემა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და დუშეთის სოფლების ნაწილის თემა, ყოველთვის არსებობდა, მაგრამ „აღმოსავლეთ ოსეთი" - ეს ახალი გამოგონილი ტერმინია. ბუნებაში არც სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, კომუნისტებმა შექმნეს.

"არანაირი საფუძველი არ არსებობდა ამ ტერიტორიაზე ყოფილიყო ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული. ამ არასწორად, ხელოვნურად შექმნილ ამ ტერიტორიის ფარგლებშიც კი, არსად, არანაირ კონტექსტში არ იგულისხმებოდა თრუსოს ხეობა.

"თუმცა, ოსები სადისკუსიოდ ამბობდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ ოსები და ის უნდა ყოფილიყო სამხრეთ ოსეთის ნაწილი, რომელიც თავისთავად უკანონო იყო. ასე რომ, ამაზე საუბარი პირველად არ ხდება, ეს გრძელდება მუდმივად, რომ დაძაბულობა შექმნას, იგივე ქართულ საზოგადოებაში მღელვარება და საპასუხო განცხადებები იყოს.

"ეს რუსეთიდან ჩამოწოდებული თემაა მუდმივად, რათა არსებობდეს განცდა მსოფლიოში, ყველა დონეზე, ვინც ამ სფეროზე მუშაობს, რომ კონფლიქტის არეალი უფრო ფართო ხდება, ვიდრე ისაა, რაც დღეს გვაქვს. ეს ერთგვარი პიარ-კამპანიაა, სადაც კონფლიქტს ამძიმებენ მოგონილი ლეგენდებით და მითებით,"- აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში მაინც, ყაზბეგისა და დუშეთის მიმართულებით რაიმე შეიარაღებული პროვოკაციები მოეწყოს.

„ეს განცხადებები თავისთავად პროვოკაციის ნაწილი. დღევანდელი გადასახედიდან, არ მგონია, რომ იქ შეიარაღებული პროვოკაცია დაიწყოს. ეს არავის ინტერესებში არ შედის. მე მგონი, ეს უფრო პიარ-კამპანია და პროპაგანდაა, რომ ამით კვებონ საკუთარი საზოგადოება და უცხოური საზოგადოებაც, რომ მათ პრეტენზიები აქვთ.

"მთავარია, მოქმედებებში არ ავყვეთ ვინმეს. რისკები არის, მაგრამ, შეუქცევადი საფრთხე არ არის. ამაზე მუდმივად მშვიდი პასუხებია საჭირო, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს რეალობა არ არის.

"წარმოვიდგინოთ, რომ ყურადღება საერთოდ არ მივაქციოთ, არ კი გამოჩნდებოდა ეს საკითხი. ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვპასუხობთ და ამით ხდება თემის, როგორც ვირუსის, გავრცელება. მათი ინტერესიც ესაა, რომ მუდმივად საფრთხის და დაძაბულობის ქვეშ ამყოფოს ქართული საზოგადოება,"- აღნიშნავს ზაქარეიშვილი.