კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციამ ილია მეორესა და 4 ქართველ ეპისკოპოსთან შეხვედრა გამართა, თუმცა ეს ვიზიტი ისევ შედეგის გარეშე დასრულდა და ისევ გაურკვეველი დარჩა, დაუჭერს თუ არა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს საქართველოს ეკლესია.
პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა თქვა, რომ კონსტანტინოპოლში „სრული გაგებით ეკიდებიან საქართველოს ეკლესიის აუჩქარებლობას" და სამწუხარო უწოდა საქართველოში არსებულ განწყობებს, რომ საპატრიარქოს დუმილი რუსული გავლენის შედეგია.
ხოლო საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, „არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს" და ვიზიტები ვერ შეცვლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სინოდი მიიღებს.
როდის იქნება სინოდის მომდევნო სხდომა, ეს შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია საქართელოში საფრანგეთის მიტროპოლიტის, ემანუელის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გამართა.
2-საათიან შეხვედრას პატრიარქი ილია II და 4 ეპისკოპოსი ესწრებოდა. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს".
მისი თქმით, მსჯელობა იყო უკრაინის ეკლესიისთვის გადაცემულ ტომოსზე და მათი მიზანი ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.
"შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხის დეტალებზე ინფორმირება და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და იმ დეტალებზე საუბარი, რაც წერია ტომოსში.
"ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის," - განაცხადა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა თქვა, იმის გამო არ ჩამოსულან, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში არსებობს რაიმე პრობლემა ურთიერთობის.
„ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური, კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის", - განაცხადა მეუფე ემანუელმა.
პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა ასევე განმარტა, რომ მას საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა არ ექნება და პლუს, თქვა, რომ მსოფლიო საპატრიარქო სრული გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის ამ ეტაპზე აუჩქარებელ პოზიციას.
„წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, მრავალი შეკითხვა სინოდში. ასე რომ, ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება,"- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მიტროპოლიტმა ვერ დაასახელა სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი. ხოლო კითხვაზე, აქვს თუ არა რუსულ ეკლესიას ქართულ ეკლესიაზე გავლენა, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამგვარი განწყობები სამწუხაროა.
„სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენ პოზიციას. როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან,"- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.
ის, რომ მსოფლიო საპატრიარქოდან დელეგაცია ჩამოდიოდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს".
„რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას,ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, სინოდალური მსჯელობის შემდეგ მიღებს.
„ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესიის არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული,"- განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ.
განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში და არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან.
„უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს,"- ნათქვამია განცხადებაში და საპატრიარქო ყველას მოუწოდებს ამ საკითხზე საუბრისას კორექტულები იყვნენ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის მოუწოდა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას დაუჭირონ მხარი.
უკრაინა და კონსტანტინოპილი ახლა უკვე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მხარდაჭერას ელოდებიან.
უკრაინის ეკლესიის გარდა მართლმადიდებელ ოჯახში კიდევ 14 ეკლესიაა. საქართველო რიგითობით მეექვსეა და საქართველოს საპატრიარქოში პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების ერთ-ერთ არგუმენტად იშველიებენ იმასაც, რომ ჯერ საქართველოზე წინმდგომ სხვა ეკლესიებს, რა თქა უნდა კონსტანტინოპოლის გარდა, არ დაუფიქსირებიათ პოზიცია.
საქართველოს ეკლესიაში აზრი ორადაა გაყოფილი, რამდენიმე ეპისკოპოსი აცხადებს, რომ უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, თუმცა, მეორე ნაწილის მტკიცებით, უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა არ უნდა ჰქონდეს და ჩვენ ეკლესიების დაპირისპირებაში არ უნდა ჩავერთოთ.