შიდა დაპირისპირების ახალი თემა

შიდა დაპირისპირების ახალი თემა "ოცნებაში"

გადავადდება თუ არა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე

რამდენად რეალურია, რომ "ქართულმა ოცნებამ" უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე შეაჩეროს? მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის ბოლო შეკრებაზე იყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ჯერ გარკვეული არაფერია.

2024 წლამდე უვადოდ დანიშვნების გადავადებას მხარს ის დეპუტატები უჭერენ, ვინც მოსამართლეთა უკვე გაწვეული 10-კაციანი "შავი სიის" გამო მკვეთრ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, თუმცა გადავადების კატეგორიული წინააღმდეგია ე.წ. ახლების გუნდი. "ოცნებაში" ასევე არიან დეპუტატები, რომლებიც "ახლებისა" და ე.წ. ძველების დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას იჭერდნენ, თუმცა მათ შორისაც ამ საკითხზე პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის.

დიდი ალბათობით, გადამწყვეტი მაინც ის იქნება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

იმ ფონზე, როდესაც უზენაესში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების თემა დიდი დაპირისპირების საგანი გახდა თავად "ოცნების" გუნდშიც და პლუს, სამოქალაქო სექტორის დიდი პროტესტიც არ ცხრება, სიტუაციის მცირედით განმუხტვისა და ტემპერატურის დაწევისათვის ერთ-ერთი გამოსავალი 2024 წლამდე უვადოდ დანიშვნების გადადებაა, თუმცა "ოცნებაში" ამ საკითხს მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს და მათი ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მოსამართლეების ნაწილი უვადოდ უკვე გამწესებულია და ახლა მეორე ნაწილისათვის რაღაც ბარიერის შექმნა უსამართლობაა.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე გადავადების თემა უმრავლესობის დიდ შეკრებაზე თავად ეკა ბესელიამ დასვა და, მისი თქმით, ივანიშვილის პოზიცია იყო დადებითი.

"შევეხეთ უვადო დანიშვნის პრობლემასაც. მე დავაყენე საკითხი და ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო დადებითი. ამაზე კიდევ ვიმსჯელებთ, რომ 2024 წლამდე კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩავწერეთ, რომ უვადო დანიშვნები შეგვიძლია არ გამოვიყენოთ. ამიტომ, უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნა იქამდე, ვიდრე ჩვენ რეფორმას არ განვახორციელებთ", - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილიც აცხადებს, რომ აუცილებელია, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე შეჩერდეს და ამის საშუალებას მათ კონსტიტუციური ჩანაწერი აძლევთ. მისივე თქმით, ამ საკითხს უმრავლესობის შეკრებაზე დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა.

"ამ საკითხს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ბევრი კითხვის ნიშანი არ დასმულა... ამის უფლებას გვაძლევს კონსტიტუცია და ფორმალური და არაფორმალური შეთანხმება ვენეციის კომისიასთან. ეს სისტემა უნდა დაიტესტოს. ვნახოთ, როგორ მოიქცევიან მოსამართლეები, ვინ როგორ გამოიჩენს თავს. მოსამართლისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი უნდა იყოს მორალური მხარე და რეპუტაცია", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

10-კაციანი "შავი სიის" მოწინააღმდეგეთა პოზიცია გასაგებია - ისინი მხარს უჭერენ 2024 წლამდე გადავადებას. ასევე უკვე ითქვა, რომ ამ წინადადებას მხარს არ უჭერენ "ახლები", თუმცა ამ გუნდიდან "რეზონანსთან" საუბარი ამ თემაზე უმეტესობამ არ ისურვა.

"რეზონანსთან" საუბრისას დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების შევსება ახლა უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში 2024 წელს რეალობა უფრო მძიმე და მწვავე იქნება.

"თუ ჩვენ დღესვე არ ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ეს პროცესი პერმანენტულად იყოს წარმართული და პერმანენტულად მოხდეს სასამართლო კორპუსის შევსება, მათ შორის - უვადოდ დანიშნული მოსამართლეებით, არსებული რეალობა 2024 წლისათვის ვფიქრობ, უფრო მძიმე და მწვავე იქნება და ეს გამოწვევა უფრო აქტუალურად იდგება დღის წესრიგში", - ამბობს იონათამიშვილი.

პოზიციები ჩამოყალიბებული არ აქვთ არც ე.წ. ნეიტრალებს.

ნუკრი ქანთარია, ვინც არც ერთ დაპირისპირებულ გუნდს არ მიეკუთვნება, აცხადებს, რომ როდესაც მოსამართლეების ნახევარი დანიშნულია, მეორე ნაწილისათვის კარის ჩაკეტვა უსამართლობის შეგრძნებას აჩენს.

"ამ თემაზე საუბარი ნამდვილად იყო, მაგრამ გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ერთი მხრივ, ამ წინადადებას საფუძველი აქვს და შეიძლება, ეს გამოსავალი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსამართლეების ნახევარზე მეტი უკვე უვადოდაა დანიშნული და ახლა უცებ კარის ჩაკეტვა ხომ არ გამოიწვევს, რომ, აი, ვინც შეასწრო - შეასწრო და ვინც ვერა - დარჩა გარეთ. ეს რამდენად იქნება სამართლიანი?! ჩემი შეგრძნება ასეთია.

"ეს ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. პირველი მაინც არის ის, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს საზოგადოებისათვის მისაღები, მაღალი რეპუტაციის მქონდე ადამიანებით", - ამბობს ქანთარია.

მისი თქმით, შეკრებაზე ამ საკითხის დასმის შემდეგ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ზოგი აცხადებდა, რომ ეს აუცილებელი იყო, ზოგს ეჭვი გაუჩნდა.

"პარტიის თავმჯდომარეს არც უარი უთქვამს და არც თანხმობა. მიაჩნია, რომ ამაზე მსჯელობა შეიძლება", - დასძენს ქანთარია.

მაჟორიტარი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ მას ჯერჯერობით ჩამოყალიბებული აზრი არ ქვს.

"ჩამოყალიბებული აზრი, რა სჯობს ჩვენი ქვეყნისათვის, არ მაქვს. სამაგიეროდ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ მოსამართლეები - ამის მკვეთრად წინააღმდეგი ვარ. ამ ლოგიკით, მაშინ მთავრობაც უნდა ჩამოვიყვანოთ. მე კონსულტაციები მექნება მოსამართლეებთანაც, ქალბატონ ეკასთანაც, სხვა მოსაზრებებსაც მოვისმენ და ჩამოვყალიბდები", - აცხადებს ოქრიაშვილი.

პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს ასევე დეპუტატ ზაზა ხუციშვილს.

"ვერ გეტყვით, განხილვები და არგუმენტები მჭირდება ასაწონად, რომ გადაწყვეტილება მივიღო. ისე, ლოგიკასთან ახლოს არის, იმიტომ, რომ 2024 წლიდან არის ვალდებულება, თუმცა როდესაც ადრე ვსაუბრობდით, რომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა ყოფილიყო, ამაზე სერიოზული პროტესტი იყო და ახლა, ასე უცებ ვერ გეტყვით პოზიციას. განხილვებში მინდა ჩავერთო, მოვისმინო ვარიანტები, რისკები უნდა ავწონოთ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება", - აღნიშნავს ხუციშვილი.

მისი თქმით, უმთავრესი ისაა, რომ ღირსეულ ადამიანებს დაუჭირონ მხარი და 2024 წლამდე გადავადებაზე მეტად პრინციპულია, თუნდაც დროებით, ის მოსამართლეები არ გამწესდნენ უზნაესში, ვის მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს.

"მთავარია, პროცესი იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე საზოგადოებისათვის. თითოეული კანდიდატის ბიოგრაფია თავიდან ბოლომდე უნდა იყოს შესწავლილი და ამ ადამიანებმა უნდა უპასუხონ ყველა კითხვას, რომლებიც მათ მიმართ არსებობს. თუ მათი პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იქნება და ეჭვი გაჩნდება, ასეთი ადამიანების არც დროებით გამწესება შეიძლება და მით უმეტეს, არც უვადოდ", - დასძენს ხუციშვილი.