"მარკას" ინფორმაციით, მარსელომ "რეალს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. როგორც ამბობენ, ბრაზილიელი მარცხენა მცველი, რომელიც თავის პოზიციაზე მსოფლიოში უდავოდ გამორჩეულია, "იუვენტუსისკენ" მიიწევს. იქ მას ელოდება კრიშტიანო რონალდო, ვისთანაც დღემდე ჩინებული ურთიერთობა აქვს.
30 წლის მარსელოს "იუვენტუსში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ხმები ჯერ კიდევ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე აგორდა. "იუვენტუსი" ეძებს კვალიფიციურ ფეხბურთელს დაცვის მარცხენა ფლანგზე და ეს გასაგებია "ბებერი ქალბატონის" საევროპო ამბიციებიდან გამომდინარე.
ადვილად შეიძლება აიხსნას თავად მარსელოს პოზიციაც. ფაქტია, დღეს "რეალი" ვეღარ არის ისეთი ძლევამოსილი, როგორიც ზინედინ ზიდანის დროს იყო. "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა კი ისეთ გუნდს აშენებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეეძლება.
თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად მოესწრება ტრანსფერი ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე. ალბათ, უფრო ზაფხულისთვის უნდა ველოდოთ მარსელოს ტურინში გადაბარგებას.