ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ პროფესიონალური ჩოგბურთის ასოციაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი 22-ე პოზიციაზეა.
აქამდე ქართველი ATP-ის რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებდა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობდა, სადაც 1/16-ფინალურ ეტაპზე 20 წლის ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა, ნიკოლოზის მძლეველი კი 3 პოზიციით დაწინაურდა და დღეის მდგომარეობით მსოფლიოს მე-12 ჩოგანია.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს - საუკეთესო ისევ ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რაფაელ ნადალი დაამარცხა, მეორე პოზიციას კი კვლავ ეს უკანასკნელი იკავებს.
მესამე პოზიცია დათმო როჯერ ფედერერმა, რომელიც ამ დროისთვის მე-6 ჩოგანია, მისი ადგილი კი გერმანელმა ალექსანდერ ზვერევმა დაიკავა.