(გიგი მესვეტე)
მხოლოდ პირველი, 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო, ხელისუფლებას წინასწარვე რომ ჰქონდა წაგებული, თორემ მას შემდეგ მუსიკას ყოველთვის ის უკვეთავს, ვინც ფულს იხდის – მმართველი პარტია და „საყვარელი“ მთავრობა. ასე რომ, უკვე 16 წელია საქართველოში არჩევნები კი არ ტარდება, არამედ იმის დადასტურების პროცედურა, რომ დედამიწის ღრმა პროვინცია ვართ და ჯერ კიდევ მრავალი შემოდგომა და გაზაფხული ჩაივლის, სანამ ჩვენში დემოკრატიული სინდისი გაიღვიძებს.
„5 ოქტომბერს, ხუთშაბათს შემოხაზეთ 5-იანი და ყველაფერი ხუთიანზე იქნება.“ არავინ იფიქროს, რომ უბრალო დამთხვევა მოხდა. არავის ეგონოს, რომ არჩევნები ჯერ დაინიშნა და ვიღაც შედარებით (ყველაფერი შედარებითია) ნიჭიერ ნაციონალს მხოლოდ ამის შემდეგ მოუვიდა თავში ეს მოწოდება. გაცილებით მარტივად იქნებოდა: „დეკემბერში არ ივარგებს, რადგან პესიმიზმი, სკეპტიციზმი და ყველა უარყოფითი „იზმი“ პიკს ამ დროს აღწევს. ესე იგი, უნდა გადმოვიტანოთ. როდის? როდის, როდის, როდის... ევრიკა! ოქტომბერში. პიარისთვის უკეთეს დროს ვერ მოიფიქრებ, მაგრამ, რომელ ოქტომბერს? ჰა-ჰა-ჰა, მაგას რად უნდა ფიქრი - 5 ოქტომბერს. 5 ოქტომბერს შემოხაზეთ ხუთიანი. ვნახოთ რა დღეა... კვირა არ არის... ხუთშაბათი ყოფილა. კიდევ უკეთესი“.
ასე იქნებოდა. და, არჩევნების დღე უქმედ გამოცხადდა. ყველაფერი მათ ხელშია და რასაც უნდათ იმას გამოაცხადებენ, უქმედან დაწყებული, 24-საათიანი სამუშაო დღით დამთავრებული. თუმცა, სად არის სამუშაო? ყველა დღე უქმეა.
რამდენიც არ უნდა იძახონ ლეიბორისტებმა, არჩევნები ჩვენ მოვიგეთო, ყველაზე უკეთ თვითონ უწყიან, რომ ტყუილია. რაც არ უნდა იწუწუნონ დავითაშვილებმა, ხიდაშლებმა და ბერძენიშვილებმა, 10 პროცენტი მოგვპარესო, გულის სიღრმეში მაინც აღიარებენ, რომ ასე არ არის, არც სალომე ზურაბიშვილია გულწრფელი და თოფაძე - მრეწველებსაც ის ურჩევნიათ, პრობლემა საკუთარ თავში მოძებნონ.
ხალხს უყვარს ხელისუფლება, რადგან ხალხი ბრბოა. ჩვენს ხალხს ყველა ხელისუფლება უყვარს, რადგან არჩევნების წინ ყველა ხელისუფლება არიგებს ფქვილს, შაქარს, სასუქს და ქვიშას ოცნების კოშკების ასაგებად. ჩვენი ხალხი, სხვა ხალხებზე მეტად არის ბრბო, რადგან არც ერთი ის ხელისუფლება არ გამოადგა, რომელსაც ხმა მისცა და ვერც ერთი ვერ გადაირჩია არჩევნებით.
ამდენმა არჩევნებმა და ამდენმა იმედგაცრუებამ სულ გამოაბრბოვა ხალხი, მაგრამ რა ქნას ხალხმა - ჯერ 115, შემდეგ კი სამოცდაათი წელი და პლუს ამდენი „ცნობილი“ მოვლენის კიდევ უფრო მეტი უცნობი დეტალები...
დეტალებშია საქმე, ოღონდ, საქმის დეტალებში. ის კი არა, რომ, დავუშვათ, პარიზში მორიგი სტუმრობისას, მაგალითად, ბესო ჯუღელი სახსრებმა შეაწუხა, არამედ ის, თუ რაში აბანდებს სახსრებს ცნობილი ქართველი „კანონმდებელი“ იმისათვის, რათა უსახსრობამ არ შეაწუხოს. რაში და – ხელისუფლების არჩევნებში. ცნობილი ხერხია: ორ ბოთლს გაუგზავნი - ოთხს გამოგიგზავნიან. ფეხზე მდგარი შესვამ მათ სადღეგრძელოს - შენს დანახარჯს ისინი გადაიხდიან.
ეს ხერხი ყოველთვის ამართლებს. ერთადერთი, მემარჯვენეებს არ გაუმართლათ. დიდხანს იდგნენ ფეხზე და დიდხანს ამბობდნენ ბადრი პატარკაციშვილის სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით, მაგრამ ბადრი ინგლისშია, ხოლო ინგლისს ერთ დროს იოანე უმიწაწყალო მართავდა. მეფეს უწოდეს „უმიწაწყალო“. ერთმა პრემიერმა „წილოსანის“ მეტსახელი იმ ქვეყანაში დაიმსახურა, სადაც სალ კლდეებს უკვდავების ხეზე არ ცვლიან.
ასეთია ჩვენი არჩევანი, ასეთია ჩვენი არჩევნები და... შეგვეკითხეთ, თუ გინდათ.
რა, ვერ ჩაუსხდა ოპოზიცია ერთმანეთს წილში?!
ხუთი ოქტომბრის საღამოს, როცა კანადაში ჯერ დილა იყო და მარიო ლემიე უკვე ღებულობდა დაბადების დღის მილოცვებს, ოპოზიციური პარტიები „საპატიო“ (მესამე, მეოთხე და მეხუთეადგილოსნების თვალში) მეორე ადგილზე ოცნებობდნენ. ხმები ჯერ არ იყო დათვლილი, პარტიის გენერალურ მდივნობამდე დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტი თანაპარტიელებს გამარჯვებას ულოცავდა. თანაპარტიელებს უკვე მოესწროთ და აბორდაჟით აეღოთ „პეროვსკაიაზე“ განლაგებული ყველა დაწესებულება. ნიკოლაძის და ქიაჩელის კუთხეში ნახევარმსოფლიოშემოვლილი და მრავლისმნახველი მამუკა მეტრეველი ჩაცუცქულიყო, „ნაბეღლავს“ წრუპავდა და ყბაჩამოვარდნილი ათვალიერებდა ხალხის რჩეული ნაციონალების 70000-დოლარიან ეროვნულ ჯიპებს.
ერთი ოცნება მაქვს და ჯერ-ჯერობით ვერ ავისრულე - არჩევნებზე ხელისუფლებას მინდა მივცე ხმა. ანაც, ჩვეულებრივად, ოპოზიციას ვემხრობოდე და დარწმუნებული ვიყო, რომ ღირსები არიან.
უმალ ჟურნალი „მაქსი“ გახდება „საქართველოს რესპუბლიკის“ დამატება.
5-ის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, არც ხუთშაბათის და არც ოქტომბრის, რომელიც მეათე თვეა. ათი ხუთზე იყოფა და უდრის ორს, მაგრამ ხუთიანებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ გაყოფენ საზოგადოებას ორად.