(იბეჭდება შემოკლებით)
ყველაფერი ალალი პროტესტის გამოხატვა იქნებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აზვირთებული ხალხის ტალღა მიაწყდებოდა, როცა სტუდენტებს პოლიციელებმა ხელები შეუკრეს და სამინისტროში შეყარეს, „კმარას“ ლიდერის, თეა თუთბერიძის კმაყოფილი და გახარებული სახე რომ არ ენახათ ტელევიზიით. რა არის გასახარელი, როცა გაკავებენ და სამინისტროში შეგათრევენ?
„კმარა“ „ნოემბრის რევოლუციის“ დროს არ არსებობდა, მოგვიანებით ყალიბდება. თავდაპირველად, ეს მოძრაობა ახლანდელი ლიდერის, თეა თუთბერიძის გარეშე არსებობდა.
როგორ „შეიქმნა“ თეა თუთბერიძე? უკეთესი იქნება ვთქვათ, რომ საკუთარი სახელი მან თავადვე შეიქმნა. „ნოემბრის რევოლუციის“ დროს, „რუსთავი - 2“ - მა მიკროფონი სტუდენტ რესპოდენტებს ჩამოუტარა, თუთბერიძე იმდენად ომახიანად გამოვიდა, რომ ყველას ყურადღება მიიპყრო. ეს მისი პირველი გამოსვლა იყო.
აქციის დროს, ღამით ყველა სტუდენტი სახლში წავიდა, მხოლოდ თუთბერიძე დარჩა, მიკროფონთან მივიდა და ხალხს მოუწოდა - მე აქ ვარ, არსად წავალ და მთელი ღამე თქვენს გვერდით გავათენებო. დილით მას ხმა საერთოდ აღარ ჰქონდა, იმდენჯერ იყო მიკროფონთან მისული. ასე გახდა მყვირალა ფიგურა თეა თუთბერიძე. მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა ნეიტრალური, უფუნქციო სტუდენტური მოძრაობა, თუმცა მისი აქცენტი მაინც „ნაცმოძრაობისკენ“ იყო, წევრებმა ეს დაინახეს და ორგანიზაცია დაიშალა. მათ ოფისი ვაკეში ჰქონდათ და იქ ნაციონალური მოძრაობის დროშაც ეკიდა, რომელიც ერთ-ერთი აქციის დროს პოლიციამ დაატყვევა. მოგვიანებით ეს დროშა მათ დაიბრუნეს.
აუცილებლად ცალკე აღსანიშნავია თეა თუთბერიძის ენერგია და აზარტი, რომელიც უკვე ეგზალტაციაშია გადასული. აქციებზე სტუდენტები, როგორც წესი, ღლაბუცობენ, კარტსაც თამაშობდნენ და ერთობოდნენ, აბა მთელი დღეების მანძილზე მიკროფონიან ლიდერებს რა აიტანდა. აი, თუთბერიძე კი მთლიანად ჩაფლული იყო მასობრივ ფსიქოზში.
თეა თუთბერიძე უნივერსიტეტში ფასიან განყოფილებაზე სწავლობს, მას უფასოზე გადაბარება უნდოდა, მაგრამ რექტორატიდან უარი მიიღო, რაც გაასაჩივრა და ეს პროცესიც დიდ შოუდ აქცია. თუთბერიძე როინ მეტრეველის რექტორად არჩევის დროსაც აქტიური ფიგურა იყო.
მისმა აქტიურობამ და დაუზოგავმა ენერგიამ ის „თავისუფლების ინსტიტუტთან“ დაამეგობრა. იგი მუშაობას იწყებს „სამართლიან არჩევნებში“, მას მერე, რაც იქ „ხავერდოვანი გადატრიალება“ თვითმმართველობის არჩევნების წინ მოახდინეს „თავისუფლების ინსტიტუტმა“ და „ნაცმოძრაობამ“. თუთბერიძე იქ საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტს იღებს - თბილისის კოორდინატორი ხდება. ხელფასი 200 დოლარამდე აქვს. პარალელურად, „კმარას“ აქტივისტი და ლიდერი ხდება.
„კმარა“ მაქსიმუმ 20-25 წევრს ითვლის. თეა თუთბერიძეს ამ მოძრაობის წევრებში დიდი ავტორიტეტი აქვს, მართალია, მოძრაობა „კმარას“ ოფიციალური ხელმძღვანელი არ ჰყავს, მაგრამ თეა თუთბერიძე ერთპიროვნულად ლიდერობს. მას ლიდერობის უზომო ამბიცია აქვს, რაც კარგად გამოსდის კიდევაც, მაგრამ გარშემომყოფებს აღიზიანებს.
„ალიამ“ გაარკვია, რომ სოროსის საქართველოს ოფისიდან „კმარას“ არანაირი დაფინანსება არ მიუღია. მათ რაღაც განაცხადი კი შეიტანეს, მაგრამ დაუკონკრეტებელი იყო და უარი ეთქვათ. არსებობს ასევე სოროსის ფონდის წარმომადგენლობა ბუდაპეშტში და ცემტრალური ოფისი - ნიუ-იორკში. შესაძლოა, „კმარას“ დაფინანსება პირდაპირ იქიდან მოდიოდეს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.
პოლიტიკურ შეხედულებებს რაც შეეხება, „კმარა“ არც მალავს, რომ ჟვანია - სააკაშვილის მხარესაა და ხელისუფლების დანახვა არ უნდა. ამ თემაზე საუბრისას მათი წევრები ხშირად ასეთ არგუმენტს იშველიებენ: „ერთიც ნაგავია და მეორეც, მაგრამ უფრო დიდ ნაგავს, მეორე, მცირე ნაგავი გვირჩევნიაო.“
„კმარას“ პოლიციასთან შეტაკების პირველი ფაქტი საგარეჯოში მოხდა. იქ ჯერ მათი ოთხი წევრი ჩავიდა და თხუთმეტიოდე იქაური დახვდა, მაგრამ იქაურობის მოხატვა მათ პოლიციამ არ დაანება. არადა, ასფალტი ეხატათ, ვის რას უშლიდნენ. ამასობაში, პოლიციელი ნაკბენი და თუთბერიძე - საღებავგადასხმული დარჩა. თუთბერიძე ამბობს, რომ პოლიციელმა ძირს დააგდო, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და იმიტომ უკბინა. პოლიციელი ამბობს, რომ თუთბერიძემ საღებავიანი ვედროს წართმევის დროს უკბინა და საღებავი მას ამიტომ გადაესხა. თავიდან „კმარას“ წევრები მაგრად დაიჩაგრნენ, მაგრამ ერთ საათში 6 ავტომანქანით საგარეჯოს პოლიციასთან გაჩნდნენ „თავისუფლების ინსტიტუტის“ თუ სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და პოლიციის კორდონი სულ ადვილად გაარღვიეს. ყველანი პოლიციის ეზოში შევიდნენ და იქაურობა სულ ცისარტყელას ფერებში მოხატეს. მარტო პოლიციის მანქანები კი არა, პოლიციელებიც გააფერადეს.
პოლიცია ამ ფაქტით შეურაცხყოფილი იყო. ჯერ აღშფოთებული კობა ნარჩემაშვილი გამოვიდა და არ ვაპატიებთო, განაცხადა. „არ გვაპატიებთ“ კი არა, „კმარას“ წევრები მივიდნენ და ლამის ნარჩემაშვილს მოუხატეს ცხვირ-პირი, პირდაპირ შსს-ს ეზოს გაფერადება დაიწყეს. მარტივი და კანონიერიც იყო, ეს ახალგაზრდები შსს-დან გამოეყარათ და თუ მათი დასჯა სურდათ, ადმინისტრაციული წესით წასულიყვნენ, მაგრამ იფიქრეს, ამათ ვასწავლით ჭკუასო და შენობაში შეყარეს.
როცა მინისტრი ამბობს, არ ვაპატიებო და მეორე დღეს ახალგაზრდები იმ სამინისტროს მოსახატად მიდიან, განა ეს პროვოკაცია არ არის? განა თავად არ გინდა, რომ „ჭკუა გასწავლონ“? ჰოდა, პოლიციაც მარტივად წამოეგო ამ პროვოკაციაზე.
სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძვრა. ეჭვმიტანილ სტუდენტთაგან ყველამ დუმილის უფლება გამოიყენა და გამოძიებას ჩვენება არ მისცა.
„კმარას“ ეჭვმიტანილი წევრები არიან: თეა თუთბერიძე, ქეთევან კობიაშვილი, გიორგი ონიანი, აკაკი მინაშვილი, მიხეილ ნერგაძე, კარინა გრეგორიანი, გიორგი (ლაშა) ზაქაიძე, მარიამ ჯანჯალია, ასაკი - 16-დან 22 წლამდე და ყველაზე საკვირველება - მათი დაკავების სცენა არაერთ არხზე გადაიცა და არც ერთი მათგანის მშობელს შსს არ შეუწუხებია.
ცოტა ხანში ბავშვები გაანთავისუფლეს. 30 დღის მანძილზე მათ ან ბრალი უნდა წაუყენონ, ან - ეჭვმიტანილად ცნობის დადგენილება ავტომატურად უქმდება.
თავად „კმარას“ წევრები ენერგიულები და ენთუზიასტები არიან, მაგრამ რეგიონებში სიარულს და საღებავების შეძენას თანხები სჭირდება. კმაყოფილი მილიონერის შვილი „კმარას“ არც ერთი წევრი არ არის, თორემ აქციების ნაცვლად, აუზებში იჭყუმპალავებდნენ. ერთი ცალი საღებავიანი ბალონი ელიავას ბაზრობაზე 3-4 ლარი ღირს, წარწერების გაკეთებას ბლომად საღებავი სჭირდება. გარდა ამისა, სტუდენტურ დღეებში მათ საჰაერო ბურთებით უზარმაზარი წარწერა „კმარა“ ააფრიალეს. როგორც სააგენტოში გვითხრეს, მხოლოდ ამ წარწერის დამზადება 150 დოლარზე მეტი ჯდება. გარდა ამისა, ისინი ბიულეტენებსა და ბუკლეტებსაც ბეჭდავენ, რაც იაფი არ ღირს. მხოლოდ საქართველო - რუსეთის მატჩზე მათ უთვალავი პატარა დროშა გაავრცელეს წარწერით „კმარა“. ეს ალმები თვითნაკეთი არ ყოფილა, საწარმოო წესით იყო დამზადებული. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, იმ თანხებს მივიღებთ, რაც უბრალო ოჯახიდან გამოსული სტუდენტის ჯიბეში არ უნდა იყოს.
თეა თუთბერიძე:
„სოროსის“ დაფინანსება რეალობაა თუ ზღაპრები?
- ნამდვილად არ არის... წინასაარჩევნოდ, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად და დემოკრატიულად ამ ქვეყანაში, როგორც სოროსის ფონდი, ასევე ევრაზიის ფონდი და მთლიანად...
აფინანსებენ პროექტებს და „კმარაზე“ თუ არის რაიმე პროექტი დაფინანსებული?
- არანაირი, არც დაფინანსებულია და არც არაფერი, ეს არის ჭორი.
რა თანხებით ყიდულობთ „სახატავ მასალას“?
- პირადად მე ვმუშაობდი და ახლა აღარ ვმუშაობ, ასევე ჩემი რამდენიმე მეგობარი მუშაობს, მათ აქვთ თავისი შემოსავალი, თარგმნიან რაღაც სტატიებს და ამაში აქვთ ჰონორარი. გვირჩევნია, ეს თანხები დაიხარჯოს იგივე რაღაც საღებავების ყიდვაში, ვიდრე...
„კმარადან“ ყველაზე აქტიური 8 წევრი იყო დაკავებული. „ალიამ“ გაარკვია, რომ არც ერთი მათგანი არ მუშაობს და შესაბამისად ვერც მათი ნაოფლარით იქნებოდა აქციები ორგანიზებული.
თავისთავად, ცუდი არაფერია იმაში, რომ ახალგაზრდები პროტესტს გამოხატავენ. ანალოგიური სურვილი საქართველოს მოსახლეობის 99%-ს აქვს. არც იმაშია ცუდი რაიმე, თუკი პოლიტიკური ძალა ამ უშრეტ ახალგაზრდულ ენერგიას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. უბრალოდ, ჯობს ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.