დღეს "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
ღრმა კრიზისის შემდეგ, რომელშიც მმართველი პარტია აღმოჩნდა, დღეს "ქართული ოცნება" პირველად შეიკრიბება. შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას ესწრებოდა ეკა ბესელია, რომელმაც ამ სხდომაზე დასწრებისთვის სტრასბურგში ვიზიტი შეწყვიტა. ერთი თვის წინ დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, თანაგუნდელების თანდასწრებით ეს ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ბესელიას პირველი შეხვედრა იყო. შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეთა საკითხი იყო.
იურიდიულ საკითხთა ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შედეგიანი შეხვედრის იმედი აქვს.
"ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს სამუშაო განწყობა და მოლოდინი, რომ გაიმართოს შინაარსობრივი და არგუმენტირებული მსჯელობა. მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ მაქვს ეს პოზიცია. იმედი მაქვს, რომ ძალიან შედეგიანი შეხვედრა იქნება. მინდა, დავიტოვო იმედი, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე, საერთოდ არ ვფიქრობ გამრიცხავენ თუ არა “ქართული ოცნებიდან“, - განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, ძირითადი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის საკითხი იქნება.
გოგიჩაიშვილის თქმით, სხდომაზე მისი და ეკა ბესელიას ან სხვა მათი თანამოაზრის გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ დადგება.
"არ მგონია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იყოს, თუმცა გეტყვით, რომ უკან დახევას არ ვაპირებთ. შევეცდები, ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, კოლეგები დავარწმუნო, რომ სასამართლო არის ამ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ მაღალი ზნეობის მატარებელი მოსამართლეები.
ჩვენ გვჭირდება სასამართლო, რომლის მიმართაც მომავალი 30 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ნდობა. ის სია, რომელიც იყო წარმომადგენელი, არის შეურაცხმყოფელი პარლამენტისთვის“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სიმონ ნოზაძის განცხადებით, მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ დღეს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, პარტიიდან დეპუტატებს გარიცხავდნენ.
ნოზაძის თქმით, გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს, რომ ვინმე უნდა გაირიცხოს პარტიიდან.
"არ მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე დეპუტატს დღეს უმრავლესობის დატოვება მოუწევს. გააჩნია, როგორი იქნება ეკა ბესელიას პოზიცია. მე არ ვარ ჩახედული ღრმად ამ საკითხში, ამიტომ მნიშვნელოვანია მოვისმინო ეკა ბესელიას პოზიცია. რამდენი აზრთა სხვადასხვაობა იქნება, ყველაფერზე დეპუტატების გარიცხვა ვერ მოხდება. გუნდი იმიტომ არის გუნდი, რომ იქნება მსჯელობა და იქნება განსხვავებული აზრიც. გარდა ამისა, ეს ჩემი პირველი დასწრებაა უმრავლესობის დიდ შეკრებაზე. მე სხვა შეკრებებს არ დავსწრებივარ, ამიტომ ვფიქრობ, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება, რა უნდა გაკეთდეს 2019 წელს იმისთვის, რომ პარტია გაცილებით უფრო გამართული იყოს და უმრავლესობამ ამომრჩევლის მოლოდინი გაამართლოს", - განაცხადა ნოზაძემ.
სხდომის დაწყებამდე ყველა საპარლამენტო უმრევლესობის წევრს, რომელსაც მოსამართლეთა პრობლემური სიის წინააღმდეგი იყო, იმედი ჰქონდა, რომ დღეს იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თანამდებობას დატოვებდნენ.
"იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
სხდომა დაახლოებით 4 საათი მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმებას როგორც ჩანს, ვერ მიაღწიეს, პარტიიდან არავინ გარიცხულა, მაგრამ ვერც მოსამართლეების საკითხი ვერ გადაწყდა და შეხვედრა ხვალისთვის გადაიდო.
როგორც მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე მხოლოდ სასამართლოსთან დაკავშირებული თემა განიხილეს.
"დღეს გარიცხაზე არ გვილაპარაკია. ვიმსჯელეთ სასამართლოს თემაზე. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება, რადგან დღეს დრო არ გვეყო. ბესელიას ცალკე ნუ გამოვყოფთო, რადგან ისიც გუნდის წევრია. ბატონი ბიძინა დღეს იქცეოდა ისე, როგორც გუნდის გამაერთიანებელი ლიდერი“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ ყველა ელოდებოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვას აღმოჩნდა, რომ ბესელიას წასვლასთან დაკავშირებით სხდომაზე დღეს საკითხი არ დასმულა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი პოზიციები დაეფიქსირებინა, რადგან მისთვის დღეს ბიძინა ივანიშვილთან საუბარი ადვილი აღმოჩნდა.
"მგონია, რომ ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრა იყო. მე არ მქონდა იმის განცდა, რომ რაიმეს თქმა ვერ მოვახერხე. კარგი შესაძლებლობა იყო განსხვავებული აზრები ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა. ჩემი პოზიცია არც დახურულია და არც დამიმალავს თქვენთვის. მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით, რაც აქამდე მქონდა. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ძალიან კარგად უძღვებოდა. ჩემს წასვლასთან დაკავშირებით საკითხი არ დასმულა, ძალიან ადვილი იყო ჩემთვის დღეს ბიძინა ივანიშვილთან და იმ ადამიანებთან საუბარი, ვისაც ინტერესი ჰქონდა, ჩემთვის მოესმინა, მე თუ განსხვავებული პოზიცია მაქვს, შემიძლია, აბსოლუტურად თავისუფლად და დამოუკიდებლად გამოვხატო, ისევე, როგორც ჩემს სხვა კოლეგებს აქვთ ამის საშუალება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდეთ, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ხვალინდელი დღეც, რომ უმრავლესობას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს“, - აღნიშნა ბესელიამ.
ეკა ბესელიას ამ კომენტარს სოციალურ ქსელში "ქრონიკა +“ის რედაქტორი ელისო კილაძე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე მიიჯირყვნა.
სხდომის ხვალისთვის გაგრძელების სავარაუდო მიზეზად მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დასახელდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ, მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ განსხვავებული აზრები არსებობს უმრავლესობის და ივანიშვილის მიზანია, ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს.
"პოლიტიკას და პოზიციებს არ შევცვლით. მეტი თავდაჯერებულობა მოგვეთხოვება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს განსხვავებული აზრები. შესაძლოა, ჯგუფი გაიყოს. დიდი ჯგუფი გამოეყოს მცირეს, ან პირიქით. ფაქტია, რომ ამ პროცესის ჯანსაღად წაყვანა არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. არის საფრთხეები. ეს არის დესტაბილიზაცია, ეს არის ოპონენტების და „ნაცების“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და შემდეგ თავადვე იქნენ ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული და არის მეორე ნაწილი, რომელიც კრიტერიუმებს ეხება და ეს უნდა იყოს ისეთი, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოებას. ბიძინა ივანიშვილი იყო ძალიან პრაგმატული მედიატორი და წამყვანი. განსხვავებული აზრები არსებობს და ჩვენი და ბიძინა ივანიშვილის მიზანია ეს აზრები მაქსიმალურად დაახლოვდეს“,- განაცხადა ვოლსკიმ.
უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო გუნდის კონსტრუქციულ გარემოში შეხვედრა.
დღეს "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული სხდომა შეაფასა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით. ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყველა პოზიცია მოისმინა და ხვალ შეეცდება, არდაგის მსგავსი ვერდიქტი გამოიტანოს.
როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნებიდან“ არავის არ უნდა წასვლა და შესაბამისად ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ დარჩეს. სახელმწიფოსთვის კი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, გარიცხავენ თუ არა გუნდიდან ეკა ბესელიას.
"ამ სხდომიდან არაფერს არ ველოდი. დაახლოებით წარმოდგენილი მქონდა სცენარი. „ქართული ოცნება“ გახლავთ, პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც პარაზიტირებს ივანიშვილის რესურსებზე. შესაბამისად მკვებავი სხეულიდან მოშორება, არც ერთ პარაზიტს არ უნდა და ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ბესელიას გარიცხავენ, თუ - არა არ აქვს მნიშვნელობა. გაუშვებენ თუ არა ბესელიას, ამით ხომ სახელმწიფოებრივი პრობლემა არ წყდება. „ქართული ოცნებიდან“ რამდენი გვინახავს წასული. პრემიერ-მინისტრები წასულან და საპნის ბუშტებივით გამსკდარან. ბესელია და სხვები იქნებიან თუ არა „ქართულ ოცნებაში“, ამას რა მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკურად არავინ არაფერს არ წარმოადგენს, ფაქტობრივად ყველაფერი ერთ ადამიანზე დგას, მის ემოციებსა და გადაწყვეტილებებზე.როგორც კი ბიძინა ივანიშვილს შორდებიან, მაშინვე საპნის ბუშტებივით სკდებიან. ლიდერების გენერაცია ამ პარტიაში არ მომხდარა. შესაბამისად, რომ წავიდნენ, სად წავიდნენ? ამიტომ ეპოტინებიან ბოლომდე“.
ხუხაშვილის თქმით, კობახიძის გუნდი ჭკვიანურად მოიქცა, დღეს განცხადებები რომ არ გააკეთა.
„ეს ნიშნავს, რომ ჭკვიანურად მოიქცნენ. ახლა დაელოდებიან ბიძინა ივანიშვილის ვერდიქტს. მკვებავი სხეულისთვისაც არ არის კარგი შექმნილი სიტუაცია. მას ესმის, რომ ბაბილონის გოდოლი, რომელიც თვითონაც ძალიან არ მოსწონს, თავზე ენგრევა, რამენაირად უნდა შეინარჩუნოს მადლიერი კონსტრუქცია, ისიც არ მიდის ბოლომდე გამწვავებაზე და მანევრირებს რაღაცნაირად. ჩანდა კომენტარებში, რომ მარევრებს აკეთებს და სიხისტეს არ ავლენს. მან დღეს მოისმინა პოზიციები და და ახლა შეეცდება, არდაგის მსგავსი ვერდიქტი გამოიტანოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება. ხვალინდელ უმრავლესობის შეკრებასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წაუძღვება.