ტრაგედია დიდ დიღომში, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საგნად გადაიქცა. ოპოზიცია და თბილისის მერი კახი კალაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მომხდარ ტრაგედიაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს. დაპირისპირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" კახა კალაძის დაკითხვა მოითხოვა და განაცხადეს, რომ „ყაზტრანსგაზთან" ქალაქის მერია დაკავშირებული და რეალურად კომპანიის არაფორმალური მმართველი ის არის. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძემ ამ ტრაგედიაში თავისი წვლილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
ოპოზიციის ბრალდებებს კი კალაძემ სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. „სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ მერიის და პირდადად ჩემს დისკრედიტაციას, პირდადად მაკავშირებენ აფეთქებასთან," კალაძე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც მისი თქმით, ექსპლუატაციაში მიღებამდე საცხოვრებელ კორპუსებში მოსახლეობის ცხოვრების ფაქტი კორუფციულ სქემას მიაბეს.
დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას" ურჩევს.
„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს," - ამბობს დედაქალაქის მერი.
ის "ყაზტრანსგაზთან" კავშირსა და ბიზნესინტერესებს უარყოფს. ამბობს, რომ არც კომპანიის მფლობელის მეგობარია. კალაძის მტკიცებით, ტყულია ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ის განაგებს "ყაზტრანსგაზს".
„მამუკა კობახიძე, სანამ მე ენერგეტიკის მინისტრი ვიქნებოდი, მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში სხვადასხვა კომპანიაში, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. პოლიტიკური ნიშნით არ ვნიშნავდი და ვათავისუფლებდი ადამიანებს. ყველა ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა, იყო კვალიფიციური," - ამბობს კახა კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, სურდა თუ არა მას 2009 წელს „ყაზტრანსგაზის" წილის შეძენა, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როდესაც სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა „ყაზტრანსგაზში" და გააუბედურა კომპანია."
ბრალდებებს „ნაცმოძრაობაში" პასუხობენ. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე არ იყო მერის განცხადება, ის უფრო დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას ჰგავდა, რომელიც თავის გამართლებას ცდილობს.
„ოღონდ კალაძეს რამე არ დაბრალდეს და ტრაგედიაც საერთოდ დაავიწყდათ. კალაძეს არაფერი არ ეხება და მას მხოლოდ ტაქსების გადაღებვა შეუძლია. ვის ეპატიჟება მთაწმინდიდან გამოსაქანებლად, როცა წინა დღეს გლოვა იყო ქვეყანაში გამოცხადებული. 2 თვის წინ რომ ტრაგედია მოხდა და ჩვილი და დედა დაიღუპნენ, მერიამ რამე პრევენცია მიიღო? მხრების აჩეჩვა და მუდმივად ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება ეს ადეკვატური რეაქციაა? მამუკა კობახიძე, „ყაზტრანსგაზის" დირექტორი, მისი მეგობარია, პირდაპირ რეზიუმეში უწერია, რომ „კალა კაპიტალში" მუშაობდა", - აცხადებს ხაბეიშვილი.
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ კალაძეს ქალაქის მერობა მარტო „ფერარით" სეირნობა ჰქგონია. მისი აზრით, მერმა "პოლიტიკური ცვედნობა" გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა.
„ქართული ოცნებისა" და კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს ვხედავთ, რომ მათი ინსტიქტი მხოლოდ გადაბრალებაა. ვიდრე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, რომელიც სხვას აბრალებს და პასუხისმგებლობას ვერ იღებს, მანამდე წინ ვერ წავალთ და პრობლემები ვერ მოგვარდება. მერმა ხელი გაიშვირა თითქოს 2009 წელს კანონი შეიცვალა, თუმცა ეს კანონი კავშირში არ არის შენობის ექსპულატაციაში მიღებასა და იქ კომუნალური სერვისების შეყვანასთან. კალაძემ როგორც სჩვევია, პოლიტიკური ცვედნობა გამოავლინა და ხელი წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირა. 2009 წელს ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ გაუქმდა, რომლებიც ექსპლუატაცია მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ. თბილისში ასეთი ადამიანი ათიათასობითაა, განსაკუთრებით დევნილები არიან.
კალაძეს ვეკითხები - დევნილებს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში ცხოვრობენ, საკუთარ ფართად ვერ ირეგისტრირებენ და კომუნალური სერვისები ვერ შეჰყავდათ, ამბობთ, რომ ჯარიმა უნდა დააკისრონ? ანუ, ღარიბი კიდევ უნდა გააღარიბო? კანონის აღსრულების პრობლემა არსებობს, რადგან წლების მანძილზე ასეთ შემთხვევაზე არავინ დაუსჯიათ, პრობლემა ეს არის და არა კანონი, რომელიც 2009 წელს შეიცვალა. თუ კანონი არ ვარგოდა, შვიდი წელია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და შეეცვალა. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის ერთადერთი ინსტიქტია, ხელი გაიშვიროს წინამორბედისკენ, ოღონდ, დამნაშავე თავად არ იყოს. კალაძემ პოლიტიკური კინკლაობისგან ერთი დღეც კი ვერ გაძლო", - აღნიშნა უგულავამ.
ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ყაზტრანსგაზის" რეალური მმართველი კახა კალაძეა. ურუშაძე ამბობს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყველას შეუძლია ნახოს თუ ვინ არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი დირექტორი და „ყაზტრანსგაზის" დირექტორი.
მისი თქმით, ამ ორივე კომპანიას ერთი და იგივე მმართველი მამუკა კობახიძე ჰყავს. ურუშიძე ამბობს, რომ ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ მერიაში საკადრო პოლიტიკას თბილისის მერი განაგებს, შესაბამისად სატრასპორტო კომპანიიდან „ყაზტრანსგაზში" კობახიძის გადაყვანა კალაძეს უკავშირდება. ამიტომაც ურუშაძე ამბობს, რომ კომპანია კალაძის საკუთრებაა და მან დირექტორად მეგობარი დანიშნა.
„28 დეკემბრის მონაცემებით, იქ დირექტორად ინიშნება მამუკა კობახიძე, რომელიც დღემდე რეესტრის მიხედვით, ინარჩუნებს თანამდებობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადასტურებს, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ "ყაზტრანსგაზს" ფლობს ოფშორული კომპანია, იქ საკადრო პოლიტიკას აწარმოებს მოქმედი თბილისის მერი. რეესტრის მიხედვით „ყაზტრანსაგზის" 100%-იანი წილის მფლობელი, რომელიც მარშალის კუნძულებზე არის რეგისტრირებული კომპანია „ვოლთ ბეია" ანუ ოფშერული კომპანია, "- ამბობს ურუშაძე „რეზონანსთან".
ურუშაძე ასევე დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას ეხება და ამბობს, რომ როგორც დიღომში, ასევე სხვა უბნებში ჭერის ჩამონგრევა მეტროსადგურ "ვარკეთილში" და სხვა შექმნილი პრობლემები დაკავშირებულია არაკვალიფიციური კადრების დასაქმებით.
მისი თქმით, ეს კომპეტენციის პრობლემაა. სატრანსპორტო კომპანიის მმართველობის ქვეშ, რომლის ხელმძღვანელიც ასევე კობახიძეა, არაერთი უბედურება მოხდა- თუნდაც ჭერის ჩამონგრევა მეტროებში და ავტოსაგზაო შემთხვევები. ეს პრობლემები განპირობებულია კომპეტენციით და იმით, რომ ძირითადად დასაქმებულები არიან არა პროფესიონალიზმით, არამედ პარტიული ნიშნით, ნაცნობობით და მეგობრობით.