რუსული მედია აღშფოთებით წერს, რომ აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს, ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაბრმავდა.
რუსული მედიის ცნობით, ეს არ არის ერთეული შემთხვევები და წლებია აფხაზეთში რუსი ბიზნესმენები თავდასხმებისა და რეკეტის მსხვერპლნი არიან - აფხაზები ან თავს ესხმიან და კლავენ რუს ბიზნესმენებს, ან აშინებენ და აიძულებენ „რესპუბლიკა" დატოვონ და საკუთარი ბიზნესი აფხაზს გადააბარონ.
მოსკოვში თვლიან, რომ აფხაზეთში ბიზნესის დაწყება ძალიან სარისკოა, რადგან ნებისმიერი დავის შემთხვევაში, აშკარაც რომ იყოს აფხაზის მხრიდან ძალადობა და უკანონობა, ადგილობრივებთან მოგების არანაირ შანსი რუს ბიზნესმენს არ აქვს, რადგან მეორე მხარეს მუდმივად ადგილობრივი „პატივცემული" აფხაზური კლანის წარმომადგენელი დგას.
„სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, რუსული მედიის პრეტენზია გასაგებია, რადგან აფხაზეთში რუსულ ბიზნესს თუ აფხაზური გავლენიანი კლანი არ ჩაუჯდა წილში, მუშაობის შანსი არ აქვს და ზოგჯერ, წილში ჩაჯდომაც არ შველის.
„აფხაზეთში პარადოქსული სიტუაციაა. წესით, აფხაზური საზოგადოების ინტერესში უნდა იყოს ბიზნესის შემოსვლა და ხელშეწყობა, რომ ეკონომიკას რაღაც კვალი დაატყოს და მეორეც, მათ ინტერესში უნდა შედიოდეს რუსეთის თვალში პრესტიჟის შენარჩუნება, თუმცა ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. იმ ტოტს იჭრიან, რომელზეც სხედან. რომ ვთქვა, რომ ვიღაც მესამე ძალაა ჩართული და სპეციალურად აკეთებს, ეს უსაფუძვლოა. მაგალითად, შესაძლებელია ქართლი სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებულები, რომ აფხაზეთში რუსული ბიზნესი არ განვითარდეს და ამ თვალსაზრისით სიტუაცია იყოს არეული, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთვის ყველა ცნობილ შემთხვევაში, მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო სუპერმარკეტი „კონტინენტის" ამბავი, ცნობილია, რა ტიპის ძალები არიან ჩართულები ამ პროცესში. აფხაზეთში იმდენად ძლიერია კლანური გავლენები, რომ ხაჯიმბამაც ვერ მოაგვარა ეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო და ასეთ ძალებთან ბრძოლის გარკვეული უნარებიც ჰქონდა. კრიმინალური სამყარო ქმნის პოლიტიკას და კლანური მართვის სიტემა არეგულირებს ბაზარს," - ამბობს არეშიძე.
„აფხაზეთში რუს ბიზნესმენებზე ნადირობაა გამოცხადებული", - ამ სათაურით სტატიას „მოსკოვსკი კომსომოლეცი" აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ახალი წლის დღესასწაულის დასრულებისთანავე აფხაზეთში ორი რუსი ბიზნესმენი დაზარალდა.
14 იანვარს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 41 წლის მიხეილ მასლოვი, რომელიც აფხაზეთში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად 5 წლის წინ გადავიდა. მეორე დღეს, 15 იანვარს, გაგრის რაიონის სოფელ ლაძაში, მოსკოველ ბიზნესმენს, 52 წლის მიხაილ ევალენკოს დაესხნენ თავს. გამოძიების ინფორმაციით, პაკეტში მოთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ბიზნესმენის მანქანაში საქარე მინასა და „კაპოტს" შორის იყო მოთავსებული და როდესაც მძღოლმა გადაწყვიტა პაკეტი თავად ამოეძრო, აფეთქება მოხდა. ბიზნესმენი გადარჩა, თუმცა ორივე თვალი დაკარგა და ამჟამად სოჭის კლინიკაშია.
რუსული მედიის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერიოზული პრობლემები ექმნებათ რუსებს, რომლებმაც აფხაზეთში ბიზნესის კეთება გადაწყვიტა და ზოგს რუს ბიზნესმენს კლავენ, ზოგს - აშინებენ და აიძულებენ აფხაზეთიდან წავიდეს და საკუთარი ბიზნესი აფხაზს გადასცეს.
გამოცემის ცნობით, საქმე იმაშია, რომ ადგილობრივი „ტრადიციებით", ბიზნესმენმა, რომელსაც სურს საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს აფხაზეთში, თანადამფუძნებლად აუცილებლად უნდა მოიყვანოს ადგილობრივი აფხაზი, ან უბრალოდ მოგება გაუნაწილოს.
ბიზნესმენებზე თავდასხმის ისტორიებში კი ყველაზე გახმაურებული იგორ ვაროვის ამბავია. ვაროვი გაგრაში ყველაზე მსხვილი სუპერმარკეტ „კონტინენტის" მფლობელი იყო. სავაჭრო ცენტრი უნივერმაღი „გაგრას" დანგრეული შენობის აღდგენის შემდეგ 2002 წელს გაიხსნა. ვაროვმა ე.წ. აფხაზური ტრადიციაც კი დაიცვა და თანადამფუძნებლად აფხაზი მოიყვანა, მაგრამ ამან მაინც არ უშველა, ისე როგორც „აფხაზურმა მოქალაქეობამ". მისი ეპოპეა რამდენიმე წელს გრძელდებოდა - რამდენჯერმე მოუწყვეს თავდასხმა, მის წინააღმდეგ ყალბი პრეტენზიებით სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს და ციხეშიც ჩასვეს.
2012 წელს ვაროვის კაბინეტში მივიდნენ „კონტინენტის" აფხაზი თანადამფუძნებლები - ძმები - საიდ, ალხას და ჯამირ ჩანბები. მასთან ერთად ასევე იყო აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერის, გენადი გაგულიას შვილი ასტამურ გაგულია. აფხაზმა პარტნიორებმა ვაროვს თავში შამპანურის ბოთლი ჩაარტყეს და სასტიკად სცემეს, რაც ვიდეოთვალმაც დააფიქსირა. ვაროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა მხოლოდ რუსეთში. ხოლო აფხაზეთში 2014 წელს „პარტნიორებმა" უბრალოდ ხელში ჩაიგდეს „კონტინენტი", მას შემდეგ, რაც შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიყვანეს. ვაროვი აცხადებდა, რომ კომპანიაში მისი კუთვნილი ქონება გამოიტანა და გადაყარა თავად ქალაქ გაგრის ადმინისტრაციამ, რის შედეგადაც დაახლოებით 50 მილიონი რუბლის ზარალი მიიღო.
ვაროვის ამბავი ჭკუის სასწავლებელია. დღეს, აფხაზეთის წარმომადგენლებისგან მუდმივად ისმის განცხადებები, რომ ეპატიჟებიან რუს ბიზნესმენებს და ასევე ამბობენ, რომ ისინი ინვესტირებით არიან დაინტერესებული. თუმცა, რუსული მედიის მტკიცებით, აფხაზეთში ფულის დაბანდებამდე მეწარმეებმა უნდა შეაფასონ ყველა რისკი და შეისწავლონ ის ფაქტიც, აფხაზურ სასამართლოში დავის შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობასთან მოგების არანაირ შანსი არ აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადგილობრივი „პატივცემული" აფხაზური კლანის წარმომადგენელი იქნება.
მამუკა არეშიძის თქმით, რუსეთს აფხაზეთში სჭირდება თავისი გავლენების რაც შეიძლება გაძლიერება სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით და ამიტომ ბევრს პატიობენ და ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ აფხაზეთში ხშირად თავს ესხმიან რუსეთის მოქალაქეებს, არა მხოლოდ რუს ბიზნესმენებს, არამედ ტურისტებსაც.
„ამ სისტემაში, რაც აფხაზეთში არსებობს, ავტონომიური ბიზნესის განვითარებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. იქ რუსული ბიზნესი სხვა ფორმებით არსებობს, მაგალითად საბანკო სისტემა და მათ ხელს ვერავინ ახლებს, სხვა ტიპის, მაღალი დაცვის ქვეშაა. აფხაზეთში მთავარია ვინ გიცავს, როგორი ტიპის კლანია შენს უკან. მაგალითად რუსი სამხედროები მსხვილი ბიზნესის გვერდში დგანან, მცირე და საშუალი ბიზნესი კი პრაქტიკულად ყველა დაჩაგრულ მდგომარეობაშია. ჩნდება კითხვა, თუ ასეთი წნეხია, რატომ მიდიან რუსი ბიზნესმენები აფხაზეთში? შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა არ არის რეალურად ბიზნესმენი და ზოგი ბიზნესის უკან სპეცსამსახურები დგანან, ამიტომაც ასეთი ბიზნესი არ იჩაგრება, დანარჩენი - კი,"- ამბობს არეშიძე.