(გიგი მესვეტე)
ევროპაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას ყველა ინტერესით ელოდება ხოლმე. საინტერესოა, ვინ სად გადავა და ვინ სად ამოყოფს თავს და ფეხებს. იწყება ხმაურიანი ტრანსფერები, იხარჯება დიდი ფული. გუნდები ცვლიან ტაქტიკას, მაისურების მწარმოებლები ცვლიან სტრატეგიას. სადაც მეტს გადაუხდიან, იქ ითამაშებს, სადაც უკეთეს პირობებში იქნება იქ წავა და იქ გაწვრთნის. საფეხბურთო ევროპა ზაფხულობით ჰიპერმარკეტს ემსგავსება, ქართული პოლიტიკა კი ყოველთვის დეზერტირების ბაზარს წააგავს.
რის ნოსტრადამუსი, რომელი ვანგა?! ქართველებს ისეთი კაცი გვყავდა, პოლიკარპე კაკაბაძე...
„მანამდე ფედერალისტი ვიყავი, მაგრამ პოლიტიკურ კოალიციაში არ შემიყვანეს და ფშტ - გამოვედი“ - ტიტე ნატუტარის ეს „აღიარება“ ყველა დროში, ყველა ქვეყანაში და ყველა ენაზე მეორდება.
აი, ახლაც, ვიღაც, სადღაც, რომელიღაც ოფისში ზის და ისმენს. იმათ თავისი იცოდნენ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ. ბოდიშით და, ეს ჩვენისები მაინც ჩვენები არიან. გაწიე გამოწიე, კარგად რომ გავიკითხ-გამოვიკითხო შეიძლება ელიზბარ ჯაველიძე ჩემი ნათესავი აღმოჩნდეს, ხოლო კობა ბექაური შენი ნათესავი, მკითხველო. ჩვენიანები არიან, ეს არაჩვენნაირები. მართალია, სხვისი კარგი არ მირჩევნია ჩემს ცუდს, მაგრამ ჩემი კარგი... ჩემი კარგი... ჩემი კარგი!
ამ ბოლო დროს, ოპოზიციის სამწუხაროდ და მმართველი პარტიის საბედნიეროდ რამდენიმე ოპოზიციურ პარტიაში განხეთქილებისადამაგვარი მოძრაობები შეინიშნება. მართალია ჯერ-ჯერობით მხოლოდ კუკავასა და გუნცაძის გვარებს ატრიალებენ წაღმა-უკუღმა, მაგრამ ნაპერწკლიდან ალი რომ აინთება, “ლენინური “ისკრის“ პირველ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა.
აქ საქმე იმაში კი არ არის, რომ რომელიმე პარტიის ან ფრაქციის გაძლიერება ან დასუსტება მადარდებს, არამედ იმაში, რომ ქართულ პოლიტიკას, ეროვნული მოძრაობის პირველი დღეებიდან მოყოლებული, წითელ ხაზად გასდევს პოლიტიკური ბლოკების, პარტიების და ცალკეული პოლიტიკოსების უპრინციპობა. ხშირ შემთხვევაში მათთან მიმართებაში პირობითად თუ შეიძლება სიტყვა „პოლიტიკის“ ხმარება, მაგრამ ეგრე ეწოდათ და ეგრე მოვიხსენიოთ.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უცებ მონარქისტულ რელსებზე რომ გადავიდა, მეფის საძებრად, ასლან აბაშიძის ფულით ევროპა რომ შემოიარა და ერთ საწყალ ავტომრბოლზე უკეთესი რომ ვერ შემოგვთავაზა, ეგ შორეულ (არც ისე) 1992 წელს იყო. შემდეგ, ფული რომ გამოელიათ, ქრისტიან-დემოკრატობანას თამაში დაიწყეს და დღემდე თამაშობენ. თუმცა, დარწმუნებული ვარ ამ პარტიის ამჟამინდელი და ყოფილი წევრების 99-მა პროცენტმა არც კი იცის ამ პოლიტიკური მოძღვრების ფუძემდებლური პრინციპები.
ახლა, გუნცაძე ერთდროულად „მრეწველებთანაც“ აწარმოებს მოლაპარაკებას და „დემოკრატიულ ფრონტთანაც“. როგორც რუუდ ვან ნისტელროი - „ბაიერნსაც“ ელაპარაკებოდა და „რეალსაც“. მაგრამ ის ფეხბურთია – დაარტყი, გაიქეცი. თუმცა ეს ტაქტიკა პოლიტიკაშიც ხშირად გამოიყენება.
ერთ დროს მაია ნადირაძეც მონარქისტ-ტრადიციონალისტი იყო, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ყოფილი პარტიის ლიდერი, აკაკი ასათიანი, კონსტიტუციური მონარქიის მადიდებელი პარტიის შექმნიდან ორ თვეში საპრეზიდენტო რესპუბლიკის აპოლოგეტი გახდა.
ბესო ჯუღელი? ეგ განსაკუთრებული შემთხვევაა. პეტრე მამრაძე – უნიკალური, ირინა სარიშვილი – ამაზრზენი, ზაზა ბეგაშვილი და ჯონდი ბაღათურია? არც კი ვიცი, რა დავარქვა. ბექაურს, ბრეგაძეს, კირკიტაძეს და სამყურაშვილს ჭკუა არ მოეკითხებათ და რა პრინციპებზე შეიძლება საუბარი? ჩვენში დარჩეს და, ფიქრია ჩიხრაძემაც ბლომად პარტიები გამოიცვალა.
კინაღამ ნუგზარ მოლოდინაშვილი დამავიწყდა.
რაღა შორს მივდივართ, აგერ პრეზიდენტი, აგერ პრემიერ-მინისტრი, აგერ პარლამენტის თავმჯდომარე.
რომ არა საქართველოს დამოუკიდებლობა, სააკაშვილი ცეკას მდივანი იქნებოდა, ხოლო ნინო ბურჯანაძე – კულტურის ატაშე სოციალისტური ბანაკის რომელიმე წევრი ქვეყნის საბჭოთა საელჩოში (მამა ენაცვალოს). რაც შეეხება ნოღაიდელს, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლით დაიწყებდა და სახლმშენებელი კომბინატის საწყობის უფროსის მოადგილით დაამთავრებდა. სამივეს ექნებოდა გაზეპირებული რომ „საბჭოთა კავშირი მშვიდობის ბურჯია მთელს მსოფლიოში“ და რომ „ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები არ დაუშვებენ ნატოს მზაკვრული მიზნების განხორციელებას“.
მერაბ კოსტავა დღესაც ციხეში იქნებოდა. გიორგი არველაძე წარმატებით გააგრძელებდა სწავლას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში. ვინ იქნებოდა გიგა ბოკერია? ეგ არ ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც კომკავშირელი იქნებოდა და არც კომუნისტი. მართლა დარწმუნებული ვარ.
კარგი გამოთქმაა „ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს“, მაგრამ როცა ცდილობ შენს პირად გზას ქვეყნის გზა დაამთხვიო...
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ნატომდე სულ ცოტაღა დარჩა, მაგრამ არც რუსეთია შორს. მათ შორის დიდი სხვაობაა, მაგრამ არა უპრინციპო კაცისთვის.