პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ბრექსიტის თემასთან დაკავშირებით წერს და აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეი ღამურა აღმოჩნდა, რომელიც არც მიწიისა და არც ცისა და რომელსაც შეხვდა ამოცანა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი ჩანს.
“ტერეზა მეის შეხვდა ამოცანა: კონსენსუსის მიღწევა ბრექსიტის კონკრეტულ პირობებზე, რომლის გადაჭრა პრინციპულად შეუძლებელი ჩანს. მეი აღმოჩნდა ღამურა, არც მიწისაა და არც ცისა: თვითონ ბრექსიტის წინააღმდეგი იყო, მაგრამ მისი განხორციელება მას დაეკისრა.
ბრექსიტის მომხრეებს უფრო რადიკალური ვარიანტი უნდათ, რაც ევროკავშირზე დამოკიდებულებას უფრო მეტად შეამცირებს. თუმცა მეეჭვება, ასეთ რადიკალურ ვერიანტზე ევროკავშირის დაყოლიება შეიძლებოდეს. ლეიბორისტებს და კორბინს პირველ რიგში უნდათ, რომ კონსერვატორები ჩაფლავდნენ და თვითონ მოვიდნენ ხელისუფლებაში – სხვა არაფერი. შოტლანდიელ ნაციონალისტებს უნდათ, რაც შეიძლება ცუდად წავიდეს საქმე, რომ მერე ბრიტანეთისგან გამოყოფის მეტი არგუმენტი ჰქონდეთ. ჩრდილო ირლანდიელ ნაციონალისტებსაც ეს უნდათ, ცხადია, და სერიოზული ლობი ჰყავთ ევროკავშირში ირლანდიის სახით.
სრუტის მეორე მხარეს, ევროკავშირის ხალხს უნდა ბრიტანეთი სამაგალითოდ დასაჯოს ბრექსიტისთვის, რომ ვინმე სხვას რამე ამდაგვარი ოდესმე არ მოუნდეს.
საერთოდ ბრექსიტზე უარის თქმაო, მეორე რეფერენდუმიო, რომ ამბობენ, ადვილი სათქმელია, მაგრამ ესეც სერიოზული კონსტიტუციური პრობლემაა. ესე იგი, რეფერენდუმის მოგება არაფერს ნიშნავდა?
მოკლედ, რაღაც მეეჭვება, აქედან რამე კარგი გამოვიდეს. ისე ჩანს, "დიდი“ შეთანხმების გარეშე გამოსვლა და მერე ცალკეული ტექნიკური საკითხების ცალ-ცალკე მოგვარება ჩანს ყველაზე მოსალოდნელი სცენარი. ცუდია, მაგრამ ისევ ეს გამოდის ნაკლები ბოროტება. ბევრი, პირველ რიგში მეი, კი იყენებს ამ ვარიანტს საფრთხობელად, მაგრამ მგონი აქეთკენ მიდის საქმე”, - წერს ნოდია.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. კენჭისყრა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინის ინიციატივით გაიმართება.
კორბინმა მთავრობის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა არ დაამტკიცა.
ბრექსიტის გეგმაში გაწერილი იყო ის პირობები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.
ბრიტანელი დეპუტატების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში რჩება, თუმცა იზრდება ე.წ. ხისტი ბრექსიტის რისკი, რაც ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთმა, ევროკავშირი შესაძლოა, შეთანხმების გარეშე დატოვოს.