ვინ უნდა მიიღოს ივანიშვილის წერილი გაფრთილებად და ვის უნდა ეშინოდეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის? ხომ არ დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირების შესრულება და პარტიაში სიტუაციის დალაგებას შეუდგა? რა ვალი და პასუხისმგებლობა გაუჩნდა მას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პარტიის ძველ სახეებსა და ე.წ. გვარდიასთან, რომლებიც, სავარაუდოდ, მეორე ტურის მოგებას საკუთარ წარმატებად თვლიან?
ანალიტიკოსები "მთელ კვირასთან" არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილმა პარტიაში ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს და შევარდნაძის მეთოდების გამოყენებით, "ოცნების" შიგნით ბალანსი აღადგინოს, რაც პარტიაში დაპირისპირების მუხტს ჩააქრობს.
თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ, სავარაუდოდ, უკვე განწირულმა ეკა ბესელიამ, პარტიის ლიდერს დაარტყას და მან "ოცნებაში" არსებულ დაპირისპირებების მიზეზებზე საჯაროდ ისაუბროს.
იურისტი და ანალიტიკოსი ლია მუხაშავრია "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მეტ-ნაკლებად სურათი გამოიკვეთა და რეალურად რა ხდება, ნათელი მოეფინა.
"ეკა ბესელია სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანის მანტიას ვერ მოირგებს, რადგანაც მას ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ კანონში ცვლილებებით უზრუნველყო, რათა იუსტიციის საბჭო ასეთი სიით არ წარმდგარიყო. ამ შემთხვევაში ივანიშვილმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და აჩვენა, რომ აპირებს საკონტროლო სასამართლო ხელისუფლების შექმნას", - აცხადებს მუხაშავრია "მთელ კვირასთან".
მისივე თქმით, ყველაზე შემაშფოთებელი ამ ამბავში ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულებას ვერ შევძლებთ და თუ სიტუაცია ასე წარიმართა, კარგის არაფრის იმედი არ უნდა გქვონდეს. იურისტი ამბობს, რომ ასევე გუნდში საკმაოდ დაპირისპირებაა და ჩინჩალაძე-მურუსიძე "ოცნებაში" ახლა არავის აღმოუჩენია. მისი აზრით, ალბათ ეს დაპირისპირების უბრალოდ ერთ-ერთი მიზეზია, რამაც თავი ვეღარ დამალა.
"გუნდური თამაში ამ ადამიანებს როგორ ესმით, ცოტა გაუგებარია. ეს კლანურ ინტერესებს უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე გუნდურ თამაშს. არ არის გამორიცხული, რომ ბესელიას პირადი ამბიციები უფრო წინ წავიდა და მისი დამუხრუჭება, მოთოკვა გახდა საჭირო. ასევე არ არის გამორიცხული, რომ თავად კობახიძესაც ამ მეტისმეტად ამბიციური პარლამენტის წევრების მიმართ წინააღმდეგობა გაუჩნდა.
"ივანიშვილი ისევ თავის ადგილას არის და სიტუაციას აკონტროლებს. მან უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ყველას მისცა საშუალება, რომ თვითლუსტრაცია მოეხდინათ და ახლა ამით კარგად ისარგებლებს. ყველას თავის ადგილს მიუჩენს. თავის საქმეს ისე გააკეთებს, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.
"არ არის გამორიცხული, რომ ბესელიას გარიცხვამდეც კი მივიდეს საქმე. როგორც ჩანს ივანიშვილი მას ურჩობისთვის სამაგალითოდ დასჯის", - აცხადებს მუხაშავრია "მთელ კვირასთან".
ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მმართველ გუნდში შექმნილი ვითარებით რთული დილემის წინაშე დგას. ხუხაშვილის თქმით, ბოლო დროს მას ივანიშვილის ქცევის ახსნა უჭირს და ამის მაგალითად მისი ამ დღეებში გამოქვეყნებული განცხადება მოჰყავს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მას ეს განცხადება კაჭრეთში დაუწერეს და შემდეგ ხელი მოაწერინეს.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პარლამენტში მიმდინარე მოვლენები არ არის. ეს ასევე პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესია და "ოცნება" განწირულია. ხუხაშვილის განცხადებით, მისთვის ნაკლებად საინტერესოა ბესელიას გარიცხავენ თუ არა, სკამს ვინ ვის გადაუხერხავს და კაბინეტს აუჭედავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის ქცევები მის პროგნოზს სცდება, ამიტომაც ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება.
"რა თქმა უნდა, ეს პარტიის შიგნით დაპირისპირებაა და ეს ახლა არ დაწყებულა. ივანიშვილმა მისი დალაგება სცადა, მაგრამ როგორც გამოუვიდა, ვნახეთ. ამ არჩევნებზე მოცემულობა შეიცვალა.
მას გაუჩნდა ვალი ე.წ. ძველი გვარდიის და კონსერვატიული ფრთის მიმართ, რაც მისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს და მის ხედვას აბსოლუტურად ანგრევს. მისი დილემა არის შემდეგში - გადაიხადოს ვალები, რაც საფრთხეს შეუქმნის მის მიერ აგებულ სისტემას თუ დაუჯეროს თინეიჯერებს ანუ ახალგაზრდებს და გადააგდოს თავისი მევალეები, რომლებმაც უზრუნველყვეს მეორე ტურში გამარჯვება. მას არცერთი არ აწყობს.
"თუმცა მისი განცხადებიდან ჩანს, რომ მან კობახიძის ნათქვამი სიტყვა-სიტყვით გაიმეორა. ახალი არაფერი უთქვამს. რაღაცის დალაგებას ცდილობს, მაგრამ მის ქცევის პროგნოზირება აღარ შემიძლია, მისი გადაწყვეტილებების არც მე მესმის", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "მთელ კვირასთან" ივანიშვილის მხრიდან პარტიაში მიმდინარე მოვლენებს მართულს ვერ უწოდებს. მისი აზრით, ივანიშვილი რაც საზოგადოებას მეორე ტურში დაჰპირდა ეს სულ სხვა იყო და ახლა პარტიაში რა პროცესებსაც თვალს ვადევნებთ, ეს მხოლოდ შიდა დაპირისპირებაა. მისი აზრით, ის, რაც ახლა "ოცნებაში" ხდება მას რეფორმებს და პარტიაში სიტუაციის დალაგებას ვერ უწოდებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ შიდა პარტიული ბრძოლებია, რომელში ივანიშვილმა თავისი განცხადებით ჩარევა და სიტუაციის გაკონტროლება სცადა.
"ივანიშვილი ცდილობს სიტუაცია ისე გადაატაროს, რომ ამან პარტიაში კიდევ უფრო მეტი რყევები არ გამოწვიოს, რომელიც შეიძლება უკვე ქვეყანაში სტაბილურობის ფაქტორზეც აისახოს. როდესაც პარტიაში არეულობაა, რა თქმა უნდა, ასეთი პაარტია ქვეყანაში ხელისუფლებას და სიტუაციას ვერ მართავს.
"მე მგონია, რომ პარტიაში დაწყებული რყევები ბუნებრივია და ეს ვინმესგან ხელოვნურად გამოწვეული არ არის. ამის მიზეზები კი კომპლექსურია. აქ არის მსოფლმხედველური და ღირებულებითი პრობლემები. "ოცნება" საკმაოდ ჭრელი შემადგენლობითი პოლიტიკური ორგანიზაციაა.
„ვიცით, რომ ეს გუნდი სახელდახელოდ არის შექმნილი, სადაც სხვადასხვა წარსულის და ღირებულებების ადამიანები არიან გაერთიანებულები. მათი მთავარი მიზანი იყო, რომ ხელისუფლებიდან სააკაშვილი ჩამოეშორებინათ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი კონკრეტულ ჯგუფებს უფრო მეტი ამბიციები და პირადი სურვილები გაუჩნდათ. ამიტომაც აქ რაიმე ხელოვნურ რყევებს გამოვრიცხავ", - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ის, რომ გუნდში ახალ და ძველ თაობას შორის სიამტკბილობა ვერ იქნებოდა, თავიდანვე გამოჩნდა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც 2012 წლებში და მანამდეც დიდი ქარტეხილები გამოიარეს, მოულოდნელად ახალი სახეების მიერ გვერდით ჩაჩოჩებულები აღმოჩდნენ. ხოლო მოწინავე პოზიციები დაიკავეს ადამიანებმა, რომლბსაც ამ ქარტხელილებში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამიტომაც გუნდის შიგნით უსამართლობის შეგრძნება გააჩნდა, რამაც უკვე სიტუაცია დაპირისპირებამდე მიიყვანა.
"ძველ სახეებსა და ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლებს, როგორც მათ ბიძინა ივანიშვილმა უწოდა, საზოგადოებაზე გარკვეული სახის გავლენა აქვთ. ისინი ასევე გარკვეულ ბერკეტებს ფლობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, მეორე ტურში მათ ივანიშვილმა მაშველ რგოლად მოუწოდა. შესაბამისად, ის ამ ხალხთან გარკვეულ ვალშიც არის.
"როგორ მოხდება მათ შორის ურთიერთობების დალაგება, ეს უკვე მათი შიდა პარტიული საკითხია. თუმცა, მგონია, რომ ბესელიასთან მიმართებაში სხვა ფაქტორებიც უნდა არსებობდეს, რომლის გამოც ის ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი წლის წინ, როდესაც პოლიტსაბჭო განახლდა, გახსოვთ ალბათ, რომ ბესელიას ადგილი არ მოინახა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში მის მიმართ გარკვეული მიუღებლობა გაჩნდა", - აცხადებს ანჯაფარიძე.
მისივე აზრით, ყველა ლიდერი, როდესაც მის ხელთ ეკლექტური პოლიტიკური გაერთიანება არის, გარკვეულ ეტაპზე იძულებულია, რომ დაბალანსების პოლიტიკას მიმართოს და ერთიანობა შეინარჩუნოს. ამიტომაც ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი შევარდნაძისეული მეთოდებით შეეცადოს, რომ პარტიაში სიტუაცია ისე დააბალანსოს, რომ დაპირისპირების მუხტი ჩააქროს. პარტიაში იმ ხალხს დატოვებს, რომლებიც ერთმანეთთან რიგდებიან.