პეტრე ცისკარიშვილს კვლავ ციხე ემუქრება

პეტრე ცისკარიშვილს კვლავ ციხე ემუქრება

(იბეჭდება შემოკლებით)

19 ნოემბერი განსაკუთრებით მძიმე დღე იყო საქართველოს პარლამენტში. ყველას ერთად მოუნდა თავპირის მტვრევა და ბოლოს, როგორც მთაში ხატობებზე ხშირად ხდება ხოლმე, ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ უკვე სულ ერთი იყო, ვინ ვის ურტყამდა.

იმ დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტებზე სისხლის სამართლის ოთხი საქმე აღიძრა. დეპუტატები ასე დაწყვილდნენ: ვახტანგ რჩეულიშვილი და ნოდარ გრიგალაშვილი (სოციალისტი ბორჯომის რჩეულს კატასავით მიეპარა და უკნიდან მუშტი ჩასცხო თავში), ედვარდ სურმანიძე და ბორის კაკუბავა (ვიცე-სპიკერმა წიხლი ჩააზილა კაკუბავას), დავით კერესელიძე და პეტრე ცისკარიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და დავით საგანელიძე („ნაციონალისტსა“ და „ახლების“ წარმომადგენელს შორის ორთაბრძოლა საგანელიძის ცემით დასრულდა).

სხვათა შორის, იმავე დღეს ნახევარმა პარლამენტმა იხილა, როგორ მიუახლოვდა ვასილ მაღლაფერიძე ლევან მამალაძის რჩეულს - ვაჟა ლილუაშვილს, ხელი ჰკრა და კიბეებიდან დააგორა. მართალია, ლილუაშვილი ორიოდ კვირა იწვა და თავს იტკიებდა, მაგრამ ისიც კი „შავს მიაწვა“ და ოფიციალურად განაცხადა, ხალიჩაზე ფეხი  დამისხლტა და კიბეებზე თვითონ დავგორდიო. ამ ინციდენტის გამო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავთ. მაღლაფერიძე და ლილუაშვილი კი მაშინვე შერიგდნენ და დღესაც სიამტკბილობენ.

დანარჩენ ოთხივე შეტაკებასთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრა. გამომძიებლებს პარლამენტში სპეციალური ოთახები გამოუყვეს. პროკურატურამაც ძალიან მოიწადინა და გემრიელი საქმეები „გამოაცხო“. ოღონდ, საგანელიძესთან მიმართებაში, პეტრე ცისკარიშვილს ხულიგნობის ყველაზე მძიმე ნაწილი შეურჩია, რომელიც სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენი დეპუტატების ბრალდება ისეთი მსუბუქია, რომ სასამართლო მაშინვე შეწყვეტს საქმეს, ან მხოლოდ ჯარიმით „გამოძვრებიან“. პროკურატურამ ცისკარიშვილის დაპატიმრება მოინდომა, მაგრამ წინ იმუნიტეტი გადაეღობა და 22 ნოემბერს ნუგზარ გაბრიჩიძე პარლამენტის წინაშე წარდგინებით შევიდა, პეტრე ცისკარიშვილს იმუნიტეტი მოუხსენითო.

„ალიას“ ინფორმაციით, სასიკვდილოდ გადამტერებული ცისკარიშვილი და საგანელიძე დღეს შერიგებას ცდილობენ. კარგი იქნება, თუ შერიგდებიან კიდეც, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალთა ცემა-ტყეპა შეიძლება ომშიც გადაიზარდოს. პარლამენტს ცისკარიშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დღემდე არ განუხილავს.

ორი კვირით ადრე ვიდრე ცისკარიშვილი და საგანელიძე იჩხუბებდნენ, ინციდენტი ცისკარიშვილსა და „მემარჯვენე“ დავით კერესელიძეს შორისაც მოხდა. მთელმა საქართველომ ტელევიზიით იხილა - ცისკარიშვილი სიტყვით გამოდიოდა და კერესელიძემ თრევით გაიყვანა ფოიეში, ამ გაწევ-გამოწევაში კი პეტრე ცისკარიშვილს ვიღაცამ სახე დანით დაუსერა. როგორც ცისკარიშვილი ამბობს, ის დავით საგანელიძემ დაჭრა. ამის შესახებ თვით საგანელიძე ასეთ განმარტებას იძლევა:

„პეტრე ცისკარიშვილსა და დავით კერესელიძეს შორის ინციდენტი მოხდა, შეხლა-შემოხლა ფოიეში გაგრძელდა. მეც გავედი, მაგრამ ამასობაში პეტრე და დათო გააშველეს. მერე ჟურნალისტები მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს, მართალია თუ არა, რომ მე პეტრე ცისკარიშვილი დავჭერი. შევწუხდი და ამბის გასარკვევად პეტრესთან გადავწყვიტე დამერეკა. მისი მობილურის ნომერი არ ვიცოდი და დავით გეგეშიძემ დამარეკინა. პეტრეს ვკითხე, მართლა იყო თუ არა დაჭრილი, მან დამიდასტურა, რომ დაჭრილი იყო. ამის შემდეგ ვკითხე, ვინ უთხრა, რომ მე დავჭერი. პეტრემ მიპასუხა, რომ არათუ უთხრეს, არამედ საკუთარი თვალით ნახა. თავიდან მეგონა, რომ ხუმრობდა.“

როგორც ჩანს, ახალგაზრდა „ნაციონალი“ არ ხუმრობდა. 19 ნოემბერს პარლამენტის სხდომა თორმეტ საათზე დაიწყო. პეტრე ცისკარიშვილი და დავით საგანელიძე, რატომღაც, გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ. 10-15 წუთში ისინი ფოიეში გადიან. მათ შორის ჯერ საუბარი იწყება, მერე ცისკარიშვილი მოულოდნელად ურტყამს საგანელიძეს. მათ ირგვლივ ხალხი იკრიბება, პეტრე ცისკარიშვილი კიბეებზე ჩარბის. დასისხლიანებული საგანელიძე მეგობრებს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრი ადგენს, რომ: „დავით საგანელიძის სხეულზე არსებული დაზიანებები, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთის, სისხლჩაქცევის და მარჯვენა მტევნის მეოთხე თითის შუა ფალანგის ფუძის მოტეხილობის სახით, მიყენებული რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.“

დავით საგანელიძე:

„სხდომათა დარბაზში მე და პეტრე ერთმანეთის გვერდით მოვხვდით, ცოტა  ხანში პეტრე ფოიეში გავიდა და მთხოვა, მეც გავყოლოდი. გავყევი, ერთმანეთის გვერდით ვიდექით, პეტრე დარბაზისკენ ზურგით იდგა, მე გამვლელებს ვესალმებოდი, პეტრე ხუმრობდა, მეუბნებოდა, რომ გაარკვია ყველაფერი და დარწმუნდა, რომ მე არაფერ შუაში ვარ. ვიღაცას მივესალმე და უცებ თვალის არეში მძიმე დარტყმა ვიგრძენი, ვვარაუდობ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარი ჩამარტყა, ამის შემდეგ მეორედ ხელზე დამარტყა, უცენზურო სიტყვებით მაგინა და ბოლოს გაიქცა.“

ირაკლი იაშვილი:

„ვალერი კვარაცხელიასთან ერთად სიგარეტის მოსაწევად გავედი, ვნახე, როგორ გამოვიდა დავით საგანელიძე და ფეხდაფეხ პეტრე ცისკარიშვილი გამოჰყვა. ისინი საპირფარეშოს მიმართულებით გაემართნენ. საგანგაშო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა, მახსოვდა პეტრეს განცხადებები, რომ აპირებდა საგანელიძესთან ანგარიშსწორებას, ამიტომ გადავწყვიტე, უკან გავყოლოდი. ბევრი ხალხი იყო შემოხვეული და საგანელიძეს თვალის არედან უკვე სისხლი სდიოდა.“

გიორგი გულიაშვილი:

- კიბეებთან კუთხეში ვიდექი და ვნახე, როგორ ჩხუბობდნენ.

იარაღი ხომ არ შეგიმჩნევიათ?

- არც ერთს და არც მეორეს ხელში არაფერი ეჭირა, ამის დანამდვილებით თქმა შემიძლია. ისინი მხოლოდ ხელით ჩხუბობდნენ.

მხოლოდ პეტრე ურტყამდა?

- დარტყმა არ მახსოვს, მაგრამ ორივე რომ ერთმანეთს იყო შეჭიდებული, ეს ფაქტია.

რეზო ზარანდია, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე:

- ცისკარიშვილის იმუნიტეტის საკითხი პარლამენტმა არ განიხილა. ამიტომ ეს საქმე შეჩერებულია წარმოებით. შეჩერებამდე, მიუხედავად არა ერთი მცდელობისა, ცისკარიშვილმა დაკითხვას თავი აარიდა.

ამის თაობაზე პეტრე ცისკარიშვილი საპირისპირო არგუმენტებს ასახელებს.

რატომ არ მიეცით პროკურატურას ჩვენება?

- ამას პროკურატურა გეუბნებათ? ეს მათი მხრიდან უნამუსობაა, უწყება არ გამომიგზავნეს, რანაირად უნდა მივსულიყავი? ჩემზე რომ გაავრცელეს ხმები, გაიქცა და მიიმალაო, არსად არ გავქცეულვარ, ერთი დღით ვიყავი ქალაქიდან გასული. გამომძიებელს უწყების გამოგზავნა ვთხოვეთ, არ გამომიგზავნეს. გვარამიამ მითხრა, ხელმძღვანელობასთან შევათანხმებო.

ფაქტია, რომ საგანელიძეს რაღაც ჩაარტყით, დაზარალებული ამბობს, რომ იარაღის ტარი იყო...

- მანამდე მე და კერესელიძეს ჩხუბი რომ მოგვივიდა, ვიღაცამ სახე დანით დამისერა. ერთმა დეპუტატმა მითხრა, რომ სწორედ საგანელიძემ დამსერა. ამის შესახებ მერე მე და საგანელიძემ ტელეფონით ვისაუბრეთ, საგანელიძე იგინებოდა, ვინც შენ ეგ ჩემზე გითხრა, მე მაგისიო. იმ დღეს კი სხდომათა დარბაზში ცალ-ცალკე ვისხედით. რამდენიმე წუთში ჩემთან გადმოჯდა და მითხრა, დავილაპარაკოთო. ჯერ ის გავიდა ფოიეში, მერე მე. ჩვენს შორის საუბარი გამწვავდა და მე მას მუშტი ჩავარტყი. წარბს ქვევით სისხლი წასკდა.

საგანელიძემაც ჩამარტყა კეფაში, რახან არაფერს ვამბობ, ეს არ ნიშნავს, რომ მას ხელი არ შემოუბრუნებია. არანაირი იარაღის ტარი და არც სხვა სახის მკვრივი ბლაგვი საგანი არ ჩამირტყამს. მუშტი ჩავარტყი.

და ამის შემდეგ მიიმალეთ?

- არსად არ მივმალულვარ, იქ ვერ გავჩერდებოდი, რადგან საგანელიძე ხელს კიდევ შემომიბრუნებდა, მეც პასუხს გავცემდი და საქმე უარესად გამწვავდებოდა.

სხდომებზე რატომ არ ცხადდებით?

- ჯერ არ მინდა მისვლა, თავს ვარიდებ... შეიძლება პროვოცირება მომიწყონ.

რამდენი ხანი არ მიხვალთ?

- ყველანი ადამიანები ვართ, მართალია, უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

საგანელიძესთან შერიგებას გულისხმობთ?

- ვნახოთ.

მამუკა გვარამია, გამომძიებელი:

- 19-შივე დავკითხე მოწმეები. პეტრე იმ დღესვე გაიქცა. 20-ში დადგენილებით მივედი, მაგრამ ვერ ვპოულობ ვერც სახლში და ვერც პარლამენტში. საპროცედურო კომიტეტში არნოლდ ჟვანიას დახმარებით ტელეფონით ვუკავშირდები პეტრე ცისკარიშვილს, თუ კაცობაა, ეს უნდა თქვას, მითანხმდება, რომ ახლა ქალაქში არ არის და 21-ში დღის პირველ ნახევარში აუცილებლად გამოცხადდება პროკურატურაში ჩვენების მისაცემად. მთელი დღე ველოდებოდი და ბოლოს, 18 საათსა და 20 წუთზე, პოლიციის მაიორთან ერთად, სახლში მივედი. კარი არ გამიღეს და „სპიკერის“ საშუალებით ქალბატონი მელაპარაკა, მითხრა, რომ პეტრე სახლში არ არის და არც მისი კოორდინატები ვიციო.

თუ ცისკარიშვილი და საგანელიძე შერიგდებიან, პროკურატურა ხულიგნობის მძიმე ნაწილს მოუხსნის და იმავე პირობებში ჩააყენებს, როგორც რჩეულიშვილი, სურმანიძე, მაღლაფერიძე და კერესელიძე არიან. მათ კი არაფერი ემუქრებათ. ეს კი იმიტომ, რომ დეპუტატები არიან და პიროვნულად მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ვერ წამოიწყებენ.

ასე რომ, ძვირფასო დეპუტატებო, შეგიძლიათ თამამად ურტყათ ერთმანეთს, მერე შერიგდეთ, მერე ისევ ურტყათ და ა. შ. სანახაობა კარგად გამოგდით.