შაბათს რუსთაველის საზოგადოებამ მესამე ყრილობა მოიწვია. განიხილეს მეორე ანალოგიური საზოგადოების შექმნის საკითხი და მისი უკანონობის თაობაზე რეზოლუცია მიიღეს. შეგახსენებთ, რომ მეორე რუსთაველის საზოგადოება ანალოგიური წესდებითა და მისამართით იუსტიციის სამინისტრომ 2 აპრილს რეგისტრაციაში გაატარა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სხდომაზე ბატონი აკაკი ბაქრაძის გამოჩენა გახლდათ. სამწუხაროა, რომ ბატონმა აკაკიმ დუმილი არც ამჟამად დაარღვია და აქტუალური პრობლემების თაობაზე მხოლოდ კულისებში ისაუბრა.
ყრილობას დაესწრო მეორე რუსთაველის საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი. „ალიასთან“ საუბარში მან კერძოდ შენიშნა:
„16 მარტს, როდესაც რუსთაველის საზოგადოების შეკრება გამოცხადდა, წავედი. ვიფიქრე, ესენი იკრიბებოდნენ. სულ სხვა ხალხი დამხვდა. საინიციატივო ჯგუფის წევრად დამასახელეს. მართალი გითხრათ, გამიკვირდა. მეგონა, ძველებმა მუშაობაზე უარი თქვეს. ახლა აქ მოვედი. დარწმუნებული ვიყავი, ისინი იკრიბებოდნენ.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ ამ საზოგადოებას ვერ გააუქმებენ, ეს გამორიცხულია. დარბაზში საკმაოდ სერიოზული ხალხი შეიკრიბა. მე ილია ჭავჭავაძის საზოგადოება მახსენდება. იქ განხეთქილება მოხდა და ძალიან ბევრი ხალხი გარიცხეს. მაშინ ითქვა: ვინც, პირველად შექმნა და ჩამოაყალიბა საზოგადოება, ილია ჭავჭავაძის სახელიც იმას უნდა ერქვას და თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს, სხვა საზოგადოება შექმნასო. ვფიქრობ, ეს შემთხვევაც ანალოგიურია. მე რუსთაველის საზოგადოებაში ვრჩები, თუ მიმიღებენ, რა თქმა უნდა.“
და, რა თქმა უნდა, ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესის კანდიდატურა დარბაზმა ოვაციითა და ტაშით მიიღო.
მეორე საკმაოდ აქტუალური საკითხი, რომელიც სხდომაზე დაისვა, თურქულ უნივერსიტეტად სახელდებული უმაღლესი სასწავლებელი გახლდათ. საკითხის განხილვას ხელისუფლების მწვავე კრიტიკა მოჰყვა და დიალოგი რუსთაველის საზოგადოების საქმიანობიდან პოლიტიკაში გადაიზარდა.
ქალბატონმა ლუიზა შაკიაშვილმა საზოგადოების ამდაგვარ ემოციურ განწყობას ანტითურქული ისტერია უწოდა.
„თურქულ უნივერსიტეტს“ მომხრეებიც გამოუჩნდნენ. მაგალითად, ყოფილი დეპუტატი კოპალეიშვილი. იგი თავად მუშაობდა ამ საკითხზე, როგორც აღინიშნა ბოლო პროექტს ვიზირება გაუკეთა და ბუნებრივია, იდეას კბილით იცავდა.
- გაიგეთ, ბოლოს და ბოლოს. თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს, - ცხარობდა ყოფილი დეპუტატი.
მოწინააღმდეგე მხარე მას დაბეჯითებით არწმუნებდა, თურქეთმა საქართველოს იდეოლოგიური ბრძოლა გამოუცხადაო.
- თავად განსაჯეთ: კომპლექსი, რომელიც ბაზალეთზე შენდება მეჩეთის არსებობასაც ითვალისწინებს.
- არა, ბატონებო, შეცდომაში ხართ შეყვანილი. მეჩეთი ამოღებულია, - ირწმუნება კოპალეიშვილი.
- მით უარესი, გამოდის, მთელი უნივერსიტეტი მეჩეთი იქნება, - პასუხობს ოპონენტი.
კოპალეიშვილის განმარტებით, დაინტერესებულმა პირებმა საზოგადოებას მარგიანის დროინდელი საბუთები აჩვენეს, რითაც მათი ვნებათაღელვა გამოიწვიეს. არადა, დოკუმენტები ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გააუქმეს და ახალი შეიმუშავეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უნივერსიტეტი საერთოა, ეკუთვნის სახელმწიფოს და მოგება ზუსტად შუაზე იყოფა. ეკონომისტების მოსაზრებით, ასეთი გაყოფა პრაქტიკაში არ არსებობს. თენგიზ სიგუას მონაცემებით, 87%-ს თურქეთი იღებს, 7%-ს დუშეთის რაიონი და დანარჩენი საქართველოს ხელისუფლებას რჩება.
თუმცა, ორივე მოდავე მხარე უსახელონი გახლდათ ერთი მოსაზრების გარშემო. კერძოდ, ქრისტიანულ და მუსულმანურ რელიგიებს შორის ბრძოლა იწყება.
- და ჩვენ ეს უნდა გავაცნობიეროთ - ხმამაღლა, ტრიბუნიდან განაცხადა რუსთაველელმა მწერალმა. აღნიშნა რა მართლმადიდებლური ეკლესიის პასიურობა: სექტები მომრავლდნენ. ეკლესიას მიმართავ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამბობს: ეგ ჩემი საქმე არ არის, სახელმწიფომ მოაგვაროსო. სახელმწიფო, თავის მხრივ, ეკლესიას ავალდებულებს. ამ დროს, სექტანტები თავისუფლად მოძრაობენ და ხალხში რაღაცეებს ქადაგებენ.
მოკლედ, პროექტი, ახალი ვარიანტია ის თუ ძველი, საქართველოს არ სჭირდება და საერთოდ, ჩვენ 237 უმაღლესი სასწავლებელი გვაქვს.
ბატონმა აკაკი ბაქრაძემ კერძო საუბრებში შენიშნა, რომ იგი ამ თურქულ უნივერსიტეტს მხარს არ უჭერს.
თანაც, როგორც მოწინააღმდეგეებმა შენიშნეს, ქართველები იქ მხოლოდ მოსამსახურე პერსონალის როლს შეასრულებენ. ითქვა ისიც, რომ თურქეთი საქართველოში მხოლოდ მამაკაცებს გამოგზავნის... და მათ ქართველმა ქალებმა უნდა მოუარონ?!
რუსთაველის საზოგადოების რეზოლუციაში თურქული უნივერსიტეტის მშენებლობას უარყოფითი შეფასება მიეცა: ჩვენ თურქული და ნებისმიერი უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ, - აღინიშნა დოკუმენტში.