(იბეჭდება შემოკლებით)
თანდათან უკვე გამოიკვეთა კონტურები, ვინ სად იყრის კენჭს, სახელისუფლებო ბლოკის ეგიდით.
ნაძალადევში პარლამენტის ვიცესპიკერი - მერაბ სამადაშვილი იყრის კენჭს, რომელიც პარლამენტარიზმის ისტორიაში უკვე შესულია, როგორც ყველაზე მდუმარე ვიცესპიკერი.
დიდუბეში სახელისუფლოების სახე ფეხბურთელი - რეზო არველაძე იქნება. თავიდან, როცა გავიგეთ, რომ რეზო არველაძე იყრის კენჭს, მართალი გითხრათ, ენერგეტიკოსი რეზო არველაძე გვეგონა. მაგრამ გადავამოწმეთ, გადმოვამოწმეთ და - არაო, ის რეზო არველაძე იყრის კენჭს, ბურთს რომ გემრიელად აგორავებსო.
როგორც სახელისუფლებო ბლოკის კულუარებში ლაპარაკობენ, რეზო არველაძეს საკმაოდ თბილი ურთიერთობა აქვს სახმინისტრ ჯორბენაძესთან, ასევე ვანო ზოდელავასთანაც. დიდუბეში რეზო არველაძის კონკურენტი დემოკრატი გიორგი ბარამიძეა.
ვაკეში სახელისუფლებო ბლოკის ღირსებას ახალგაზრდა რეჟისორი - დათო საყვარელიძე დაიცავს. მან კონკურენცია უნდა გაუწიოს „ახალ მემარჯვენე“ ლევან გაჩეჩილაძეს. სხვათა შორის, დათო საყვარელიძის სიაში ჩასმაზე, ჯერ კიდევ 1999 წელს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე იყო საუბარი. საუბარი მიდიოდა დათო დოიაშვილზე და დათო საყვარელიძეზე. საბოლოოდ ისინი სიაში არ აღმოჩნდნენ. როგორც მაშინ გახმაურდა, მათ სიაში ისეთი ადგილები შესთავაზეს, რომელზეც თავად თქვეს უარი.
მთაწმინდაზე კი მომღერალი - დათო გომართელი იყრის კენჭს, საბურთალოზე - ელგუჯა მეძმარიაშვილი.
შევარდნაძე ტოლერანტულ აგონიაშია, თუ გურჯაანში ნიკა კვეზერელს უჭერს მხარს, ვისაც თავის აფეთქებას აბრალებდა. სამგორში შვილივით გამოზრდილ მიშა მაჭავარიანს ზვიად გამსახურდიას ვაჟი - გიორგი გამსახურდია მიუჩინა. სახელისუფლებო ბლოკის სამგორული სახე გიორგი გამსახურდიაა, ის გიორგი გამსახურდია, რომელიც ჯერ გააპოლიციელეს, ახლა კი მთლად შევარდნაძეს ამოუყენეს გვერდით.
სახელისუფლებო ბლოკი მცხეთაში დერეფანს უკეთებს ბადრი ხატიძეს და გურამ შარაძეს, სანაცვლოდ გლდანს სთავაზობს. შარაძე კი ამბობს - არა, არ მინდაო, მაგრამ კანცელარიაში კედლებსაც ყურები აქვთ და ენაც - კულუარული ინფორმაციით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გურამ შარაძე ელენე თევდორაძესა და კობა დავითაშვილს დაუპირისპირდება.
ზუგდიდში ხელისუფლებას თენგიზ ჯგუშია განასახიერებს. სახელისუფლებო ბლოკი მის მოხტუნავე პოლიტიკურ სხეულზეა ზედგამოჭრილი. ის ჯერ მოქალაქე იყო, მერე „სოციალისტებში“ ისკუპა, მერე კი უკან გადმოხტა. ახლა შეუძლია ბლოკში მშვიდად იყოს - სახელისუფლებო ბლოკში ორივე პარტია ერთადაა, სადაც ის ხტუნაობდა.