ვანო მერაბიშვილი:

ვანო მერაბიშვილი: "ამ დღეებში თქვენ გაიგებთ, ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს თავისი წესრიგის დამყარებას"

პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "ამ დღეებში თქვენ გაიგებთ, ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას".

ამის შესახებ მერაბიშვილმა გუშინ ღამე, ელიას მთაზე განაცხადა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გიორგი ვაშაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა.

"მთავარი არის ის, რომ ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით, ჩემი მეგობრების გვერდით, ამ პოლიციის გამჭვირვალე შენობების გვერდით იყვნენ ადამიანები, რომლებიც უშვებენ ასეთ უმსგავსობას და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი გაკვეთილი, მაგრამ მე მიხარია, ერთი რამ, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმას, ამ ფაქტების გამოვლენას მოჰყვა საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და მოჰყვა ხელისუფლების, მე მგონია, ადეკვატური რეაქცია. ჩვენ შევქმენით ისეთი საზოგადოება, ბატონებო, რომ საქართველოს უკან დაბრუნებას არ შევურიგდებით. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ შეუქცევადი რეფორმები არ არის, რომ თუ ჩვენს შორის, ჩვენს შიგნითაც შეიძლება, მოიძებნონ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, ასეთი რამ გააკეთონ, მითუმეტეს, დიდი ალბათობაა, რომ ჩვენ თუ რეფორმები არ გავაგრძელეთ, შეიძლება, ყველაფერი ერთ დღეში უკან დაბრუნდეს - ის ადამიანები, ვინც იმ ციხეში აწამებდნენ ხალხს, გამოვიდნენ, დაჯდნენ სხვადასხვა თანამდებობეზე, მათ გვერდზე დაუჯდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებს და ტელევიზორში აჩვენებს, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ ძველ დროში დაბრუნებას და ამ დღეებში თქვენ გაიგებთ, ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და როგორ აპირებს საქართველოში თავისი წესრიგის დამყარებას. მე გაძლევთ სრულ გარანტიას, რომ ჩვენ უკან არასოდეს არ დავბრუნდებით და რეფორმებს გავაგრძელებთ", - განაცხადა მერაბიშვილმა.