ზაზა შათირიშვილი :

ზაზა შათირიშვილი :"პენიტენციარული სისტემა ხელისუფლების ვერტიკალის მოდელია"

"პენიტენციარული სისტემა ხელისუფლების ტოტალური კონტროლისა და ძალადობის შეუფარავი გამოვლინებაა. თუ სხვაგან შედარებით რბილი და რაფინირებული სახით იყო უფრო მანიპულაცია, ვიდრე პირდაპირი ძალადობა, ციხის შემთხვევაში საქმე პირდაპირ ძალადობასთან გვქონდა. პენიტენციარული სისტემა გამკაცრებული სახით ხელისუფლების ვერტიკალის მიკრომოდელი იყო", - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შათირიშვილი: პენიტენციარული სისტემა ხელისუფლების ვერტიკალის მოდელია.

"უამრავი გაზეთი წერდა მსგავსი ფაქტების შესახებ და ძალიან ბევრი რამ ვიცოდით, მაგრამ როდესაც ხელშესახებად დავინახეთ, უფრო მწვავედ აღვიქვით. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ ჩამოიშალა რეჟიმი. ის, რაც დღეს ხდება, ხელისუფლების კოლაფსია. როდესაც ასეთი რეჟიმი იქმნება, რასაკვირველია, ამაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებასაც ეკისრება. მსგავს რეჟიმს სწორედ საზოგადოება შობს. მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, აბსოლუტურად სხვა ტიპის მოვლენაა. საქმე გვაქვს ვერტიკალის ჩამოშლის მომენტთან. თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოებისთვის არსებობს ხელშეუხებელი მომენტები. ერთ-ერთ ასეთ მომენტად პატიმრების უფლებების დაცვა ითვლება. მსჯავრდებულების წამება თანამედროვე დასავლური საზოგადოებისთვის ერთ-ერთი მთავარი რამაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ ქართულად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.

"სახალხო დამცველის სასჯელაღსრულების მინისტრად გადაყვანას მარტივად ვუყურებ. ეს სისტემის მარცხის შედეგია. ამ შემთხვევაში გიორგი ტუღუში გარდამავალი ფიგურაა და ესეც ხელისუფლების კოლაფსის ერთ-ერთი სიმპტომია. პირადად მას არ ვეხები. ამ შემთხვევაში მასზე ვსაუბრობ, როგორც განსაზღვრული ტიპის სისტემურ მოვლენაზე. აუცილებლად უნდა დავეთანხმო მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ ეს სისტემური მარცხია. ტუღუში კი ამის ერთ-ერთი სიმპტომია. სწორედ მარცხის შემდეგ მოხდა ის, რაც ვნახეთ: კამერებში შედის მედია და ლამის პირდაპირი რეპორტაჟები გადაიცემა ციხიდან. ეს სულ რაღაც ათი დღის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. პენიტენციარული სისტემა, გარკვეულწილად, ჩვენი ხელისუფლების ვერტიკალის მოდელია, ოღონდ ყველაზე მკაცრი", - განაგრძობს ფილოსოფოსი.

"პენიტენციარული სისტემა ხელისუფლების ტოტალური კონტროლისა და ძალადობის შეუფარავი გამოვლინებაა. თუ სხვაგან შედარებით რბილი და რაფინირებული სახით იყო უფრო მანიპულაცია, ვიდრე პირდაპირი ძალადობა, ციხის შემთხვევაში საქმე პირდაპირ ძალადობასთან გვქონდა. პენიტენციარული სისტემა გამკაცრებული სახით ამ ვერტიკალის მიკრომოდელი იყო. თავისთავად ცხადია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და მას სტუდენტობაც აყენებს ერთ-ერთ მოთხოვნად. სტუდენტობა საზოგადოების ავანგარდია და ეს საკითხი უნდა დადგეს. მეორე მომენტია, როდის, სად და როგორ უნდა განხორციელდეს ეს. სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრის შემდეგ უნდა დადგეს ეს საკითხი, როდესაც ახალი მმართველობა მოვა. ამაზე საუბარს ახლა არ აქვს აზრი. ეს ყველაფერი ერთ-ერთი ქართული მულტფილმის ციტატას ჰგავს: აბა, მე თვითონ ხომ არ მოვიჭრი კუდსო", - დასძენს ზაზა შათირიშვილი და შეკითხვას - "რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა თუნდაც არჩევნების შემდეგ? გვახსოვს მინისტრები, რომლებიც სისტემური ცვლილებისა და ვარდების რევოლუციის შემდეგ მაინც ხელშეუხებელი აღმოჩნდნენ?" - პასუხობს:

"სწორედ აქ გამოჩნდება საზოგადოების სახე - ვინ ვართ და რა შეგვიძლია. მუდმივად ვსაუბრობთ, რომ სასამართლო უნდა გათავისუფლდეს. ეს მართლაც ასე უნდა მოხდეს და ვნახოთ, შემდეგ რა იქნება. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა შეძლებისგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება არჩევნების მშვიდობიანად გამართვის საფრთხეს, რისკი ყოველთვის არის, მაგრამ არ მგონია, ახლა არჩევნების ჩაშლის ან გადადების დიდი რისკი არსებობდეს".