გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ისინი დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენასა და აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
მათი მოთხოვნა დავით კირკიტაძის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებაა და აცხადებენ, რომ თუკი მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების სახით "ნაციონალური მოძრაობის“ წევრს პატიმრობას შეუფარდებს, ქუჩის საპროტესტო აქციებს გააძლიერებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები დავით კირკიტაძეს გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის პირად პოლიტიკურ პატიმარს უწოდებენ.
დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა 17:00 საათზე იწურება. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 საათის განმალობაში უნდა იმსჯელოს.
დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. აღნიშნული მუხლი თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.