„ოცნება“ ბესელიას ვერ ელევა

„ოცნება“ ბესელიას ვერ ელევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მებრძოლი და სამართლიანი ადამიანია.

მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანაგუნდელებს ეკა ბესელიას თანამდებობიდან ჩამოშორება სურთ, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გუნდში ძალიან პოზიტიური განწყობა არის. ბესელია არის მებრძოლი, სამართლიანი და საკითხების ღრმად მცოდნე ადამიანი. რაც შეეხება სალომე სამადაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას, ისევე როგორც "ევროპული საქართველოს“ პოლიტიკას, არის თვალსაჩინო. არავისთვის უცხო არ  არის, რომ მათი სტრატეგიული მთავარი მიმართულება არის, რაც შეიძლება ხმაურიანი დებოში ატეხონ და რაც შეიძლება მეტი დეზინფორმაცია გაავრცელონ. მათი მიზანია, ისეთი ატმოსფეროს  შექმნა, რომელიც არასტაბილურობის განცდას შექმნის. იგივე მოხდა ამ შემთვხევაშიც.  ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს სადღაც,  ვიღაც იხილავს რომელიმე ჩვენი თანაგუნდელის გადაყენების ან დასჯის საკითხს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განუცხადა ვოლსკიმ "2020NEWS"- ს. 

დაპირისპირება ეკა ბესელიასა და სალომე სამადაშვილს შორის გუშინ კომიტეტის სხდომაზე დაიწყო.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა იურიდიული კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლა მოითხოვა.

ბესელიას თქმით, სამადაშვილი სხდომების უმრავლესობას არ ესწრებოდა, შესაბამისად, კანონპროექტების განხილვაშიც არ აქვს მონაწილეობა მიღებული.

დღეს კი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს აღარ სურთ, რომ ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყოს, რადგან ბესელია იდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა.