“უმაქნისი, უსაქმური, კანონების არმცოდნე…” – ეკა ბესელია სალომე სამადაშვილზე

“უმაქნისი, უსაქმური, კანონების არმცოდნე…” – ეკა ბესელია სალომე სამადაშვილზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ტოვებს.  დეპუტატმა კომიტეტის დატოვების თაობაზე განცხადებით ბიუროს უკვე მიმართა. სალომე სამადაშვილმა მოითხოვა, საქმიანობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს.

„მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გადაწყვეტილებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი – იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე. ყველაზე მეტი გაცდენა აქვს (გადახედეთ ციფრებს) და არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი რაც იხილება პარლამენტში.

ან აქამდე რატომ იყო?!

2018 წელს სალომე სამადაშვილს აქვს 5 8 გაცდენა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე… უკომენტაროდ!,” – წერს ბესელია.

გუშინ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე საუბრობდნენ. მათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მოუწოდა, რომ საკითხი დაეყენებინათ რეგლამენტის ჭრილში, რადგან იმ ტიპის განცხადებები არ ჯდება კომიტეტის მუშაობის პროცედურაში. ამის შემდეგ ეკა ბესელიამ სამადაშვილს და კახიძეს მიმართა, რომ ან დაწყნარებულიყვნენ ან სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.