ია მეტრეველი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ია მეტრეველი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

ბუტა რობაძიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, მოკლული ახალგაზრდი დედა, ია მეტრეველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.  მეტრეველის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობა აღდგა, რაც მან საზოგადოებას მიულოცა. ამასთან, მოკლული ახალგაზრდის დედამ ყველა იმ ადამიანს გადაუხადა მადლობა, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თანადგომასა და თანაგრძნობას უცხადებდა.

“ძვირფასო საზოგადოებავ, დღეს აღსრულდა სამართალი ,14 წლის შემდგეგ. გვიან მაგრამ მაინც დადგა ეს ძალზედ მნიშვნელოვანი დღე, არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იმედი მაქვს, დღეიდან დაიწყება სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, რისთვისაც ვიბრძოდით ყველა ერთად ამდენი წლები.

დღეიდან უნდა დაიწყოს ყველა გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეების გამოძიება და დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლე დავით მგელიაშვილს, დიდი მადლობა ახალგაზრდა პროკურორების გუნდს, დიდი მადლობა საინფორმაციო საშუალებებს, ჟურნალისტებს, დიდი მადლობა საზოგადოებას, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ყველას ვინც ჩემს გვერდით იდგა მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული შესტკიოდა ჩემს ტრაგედიაზე. მინდა დაგლოცოთ და ბედნიერი დამდეგი ახალი წელი გისურვოთ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას,  აღარასოდეს განმეორებულიყოს ისეთი ტრაგედიები როგორიც ჩემს ბუტას დამართეს,” – წერს ია მეტრეველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.