ამ ბოლო დროს ჩვენში ძალიან პოპულარული გახდა ფსიქოლოგიური ტესტების შევსება. ადამიანები ავსებენ ტესტებს და იგებენ მათთვის ღრმად დაფარულ ინფორმაციას: რამდენად კომუნიკაბელურები არიან, როგორი მეგობრობა შეუძლიათ, რამდენად შეიძლება ეწოდოთ სექსუალურები და ა.შ. გთავაზობთ ტესტს „რამდენად გათახსირებული ხართ“.
ეს ტესტი შეგიძლიათ შეავსოთ ალალად, შემდეგ კი დახიოთ, დაწვათ ან გოგირდმჟავა დაასხათ. მისი შედეგები მხოლოდ თქვენთვის იქნება ცნობილი. სამაგიეროდ, გეცოდინებათ, რამდენად გათახსირებული ხართ და რამდენსართულიანი აგარაკი და რამდენსართულიანი კარგი მამაპაპური დედის გინება მოგიხდებოდათ.
ტესტი:
1. თუ იყავით კომუნისტური პარტიის წევრი და აქტივისტი ამ სიტყვის ყველაზე უწმაწური გაგებით?
2. 9 აპრილის შემდეგ გახდით კომპარტიის ან კომკავშირის წევრი?
3. თუ იყავით ჯერ კომუნისტი, შემდეგ - სტალინისტი, შემდეგ -ზვიადისტი, შემდეგ ჯაბისტი და შემდეგ - შევარდნაძისტი?
4. აღიარეთ თუ არა ზვიად გამსახურდია თეთრ გიორგად 1991-ში, ხოლო ედუარდ შევარდნაძე მსოფლიო დონის პოლიტიკოსად 1992-ში?
5. დადიოდით თუ არა დუბაიში მაშინ, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა?
6. ბინები და აგარაკები დევნილებისა და გაჭირვებულებისათვის გამოყოფილი უცხოური დახმარებებით ააშენეთ?
7. იყავით თუ არა ცხრა მთავრობის წევრი ცხრა სხვადასხვა პარტიიდან?
8. ოპოზიციაში მას შემდეგ მიდიოდით, როდესაც თანამდებობას აღარ გთავაზობდნენ?
9. თქვენს პარტიულ (ბლოკურ, მოძრაობულ, ფრაქციულ...) კუთვნილებას ორგანიზაციის ფინანსური სიძლიერე განსაზღვრავს?
10. თქვენი დამოკიდებულება თავისუფალი პრესის მიმართ ასეთია: „წერონ და იკითხონ. აი, დარდი. ჩემი პოლიცია მე მიცავს“.
11. თქვენი თანამშრომელი გაჭირვების გამო სისხლს აბარებს, თქვენ კი რესტორნებს ხურავთ, იმ თანამშრომლის გაჭირვებას კი საკუთარ გაჭირვებად ასაღებთ?
12. დაგიწერიათ თუ არა გაზეთში აშკარად ვაზელინით გაჟღენთილი, შეკვეთილი და უნიჭო სტატია ქვეყნის რომელიმე პირველი პირის მამაცობაზე?
13. თანამდებობის შენარჩუნების მიზნით თუ წარმოგითქვამთ ასეთი ფრაზა: „რას მერჩით, ცუდი რა გამიკეთებია?“ ამ დროს კი კარგიც არაფერი გაქვთ გაკეთებული?
14. იმ დროს, როდესაც ადამიანები შიმშილობენ, თქვენ ფრანგული შამპანურით გაჭირვებულების სადღეგრძელოს სვამთ?
15. ორი წიგნი არ გაქვთ წაკითხული, შემოქმედებით კავშირს ხელმძღვანელობთ, ან ხართ რედაქტორი და ამავე დროს ეწევით ბინძურ ბიზნესს?
16. ხშირ ხშირად საუბრობთ რუსულად და ამით საკუთარი არისტოკრატობის დამტკიცება გინდათ? და როდესაც გაჭირვებული მეგობარი მოდის, ეუბნებით, რომ მისთვის არ გცალიათ, „დედლაინი“ გაქვთ და „ლანჩზე“ მიდიხართ?
17. თვლით, რომ შუბლის ძარღვი ზედმეტი ბარგია?
თუ დასმულ კითხვაზე გაეცით დადებითი პასუხი
„კანეშნა“, დაიწერეთ 3 ქულა, თუ უარყოფითი „როგორ გეკადრებათ“ - 0 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ პასუხის გაცემა გიჭირთ, მაგრამ მაინც დადებითისაკენ იხრებით („მამენტ“...) - 1 ქულა.
0 ქულა: თქვენი ადგილი ცაშია. აქ რა გესაქმებათ? ისე, თუ აქამდე მედგრად იდექით და ცხოვრებამ არ გაგაფუჭათ, აწი გვიანიც არის მამაძაღლობა. სახელმწიფო დაგივიწყებთ, შთამამომავლობა - არა.
1-3 ქულა: ერთხელ შეგეშალათ, მაგრამ ნანობთ. რას ნანობთ? ერთხელ რომ შეგეშალათ, თუ მხოლოდ ერთხელ რომ შეგეშალათ? თქვენ ან გზაზე დაბრუნებული კრავი ხართ, ან არშემდგარი გათახსირებული.
4-16 ქულა: ზომიერების გრძნობა გაგაჩნიათ. იცით, როდის რამხელა კოვზით ჭამოთ. არ დაიკარგებით და არ დაგკარგავენ. მუდმივად კარგ ურთიერთობაში ხართ სამართალდამცველ სტრუქტურებთან და არაფერზე ნერვიულობთ.
17-34 ქულა: იმდენად გათახსირებული ბრძანდებით, რომ უკან არაფერზე დაიხევთ. წაქცეულს წიხლს მიაყოლებთ და მიაფურთხებთ. ყველას ხელებში უყურებთ და ხელიდან საბოლოოდ ხართ წასული.
35-51 ქულა: ვინც 0 ქულა დააგროვა, 24 საათი დედას გაგინებთ. ხელისუფლებაში ხართ, მაგრამ მეტი გსურთ. თქვენნაირი გათახსირებული არსებები ჰაერს წამლავენ.
52 ქულა: შე ახვარო...