ამ წუთებში "ლიბერალისთვის" ცნობილი ხდება, რომ გლდანის N8 დაწესებულებას თანამშრომელთა ძველი შემადგენლობა მართავს. ეს ინფორმაცია ციხიდან გამოსულმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მოგვაწოდა.
ის რამდენიმე პატიმარს პირადად ესაუბრა. მისი თქმით ციხეში მდგომარეობა იმდენად უცვლელია, რომ პატიმრებმა, რომლებიც, მშობლებს არ შეხვედრიან, ცვლილების შესახებ არაფერი იციან.
ანგო, ბეშქენა, ქოსა... იმ ზედამხედველთა მეტსახელებია რომლებიც პატიმრებში განსაკუთრებული სისასტიკით არიან ცნობილი, როგორც ჩვენს წყაროს პატიმრებმა განუცხადეს, ეს ზედამხედველები კვლავ დაწესებულებაში არიან, ერთ-ერთი მათგან თავად "ლიბერალის" წყარომ ნახა.
სასულიერო პირი გვიყვება, რომ უცვლელია რეჟიმიც, პატიმრებს დღის საათებში კვლავ არ შეუძლიათ წამოწოლა, საკანში სიარული, საუბარი... ჩამოართვეს რადიოები...
საპატრულო პოლიცია მხოლოდ დაწესებულების ეზოში დგას, ისინი კორპუსებს არ აკონტროლებენ.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა რომ დაწესებულებების შემადგენლობა და რეჟიმი სრულად იცვლება, უნდა გამოიყვანონ ძველი შემადგენლობა და შევიდეს საპატრულო პოლიცია. პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამ ცვლილებებზე პასუხისმგებლობა აიღო.