ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ვიდეომასალა მერაბიშვილის სახელით მიუტანეს

ირმა ინაშვილი ადასტურებს, რომ ვიდეომასალა მერაბიშვილის სახელით მიუტანეს

მედიაკავშირ „ობიექტივის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ პატიმრების წამების შესახებ გავრცელებული სკანდალური კადრები მას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ვანო მერაბიშვილის დავალებით გადასცა:

„ვადასტურებ, რაც გიორგიმ თქვა "მეცხრე არხის" ეთერში. დაახლოებით მაისი–ივნისის დასაწყისში ჩემთან ოფისში მოვიდა ეს ადამიანი, ვანო მერაბიშვილის სახელით პირდაპირ და მთხოვა გავცნობოდი ამ მასალას.“

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ როცა მასალა ნახა, დარწმუნდა, რომ არ შეიძლებოდა ეს კადრები ჩვეულებრივ ადამიანს ჰქონოდა:

„ამ კადრების უკან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იდგა. შესაბამისად, ვიმოქმედეთ მე და "ობიექტივის" ბრიუსელის ბიურომ და სკანდალური მასალა ბრიუსელში ჩავიტანე“.

რაც შეეხება ბედუკაძესთან კავშირს, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მან საქართველოს საზღვარი დატოვა იმავე პერიოდში, როცა მას მასალა გადასცეს:

„ეს არ მოხდებოდა ისე, რომ არ ყოფილიყო ძალოვანი სტრუქტურების ნება. როცა ეს ვიდეომასალა გადმომცეს, არც ვიცოდი, რომ ეს ვინმე ბედუკაძეს ეკუთვნოდა. ეს უკვე მოგვიანებით გავიგე, როცა დამატებითი ინფორმაცია მივიღე.“

ირმა ინაშვილი ბრიუსელში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ის და გიორგი ფოფხაძე ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ.