"ივერონის" ინფორმაციით, პოლიციის მიერ უკვე დაკავებული გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები იმავე საპყრობილეში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდნენ.
ციხის უფროსის პირველი მოადგილის ალეკო ჯანჯღავას მეუღლე მაკა ჯანაშია დაწესებულების კანცელარიის თანამშრომელია და ოფიცრის წოდება აქვს. მეორე მოადგილის ვიქტორ ყაჭეიშვილის მეუღლე თეა ბოლქვაძეც კანცელარიაში მუშაობს. იგივე სამსახურში მოღვაწეობს ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის ლადო გვასალიას მეუღლე თამუნა მენაბდეც. ვაჟა ცხვედიანის მეუღლე კი სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომელია.
"ივერონისთვის" ასევე ცნობილი გახდა, რომ დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე სხვადასხვა თანამდებობაზე მხოლოდ საშუალო ატესტის მქონე პირებს ნიშნავდა. ერთ-ერთი ასეთი ნინო ხოსონაშვილი გახლავთ. "ივერონის" ინფორმაციით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კადრების განყოფილების უფროსი შევარდნაძის მართველობიდან დღემდე მზია კაკალაშვილია, რომელიც ამ სისტემაში კორუმპირებულობით არის ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, კაკალაშვილის დედა "ნაცმოძრაობის" აქტივისტი და კოორდინატორია და მან თანამდებობა სწორედ დედის დახმარებით შეინარჩუნა.
"ივერონს" წყარომ ასევე დაუდასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხათუნა კალმახელიძე ღამის 2-3 საათზე სასჯელაღსრულების დაწესებულებას საკმაოდ ხშირად სტუმრობდა და პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ფაქტებს თავად ესწრებოდა. წყაროს სახელს და გავარს "ივერონი" გასაგები მიზეზების გამო არ ასახელებს, თუმცა ვიტყვით, რომ ის წლების განმავლობაში #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობდა.