"ქამელეონის უნარი, სწრაფად შეიცვალოს სხეულის შეფერილობა, განპირობებულია როგორც გარეგანი (მტრისგან თავის დაცვა), აგრეთვე, შინაგანი ფაქტორებით (შიმშილი, შიში და სხვ.). გაბრაზებული ან შეშინებული ქამელეონი ელვისებურად იცვლის ფერს და ჰარმონიულად შეეფერება გარემოს, რაც მას მრავალრიცხოვანი მტრისა და ხიფათისგან იცავს. სააკაშვილის გასაოცარი უნარი, ვითარებიდან გამომდინარე, სწრაფად იცვალოს პოლიტიკური ფერი, შეიძლება მხოლოდ ქამელეონს შევადაროთ, პრეზიდენტის ქცევას კი პირობითად "პოლიტიკური ქამელეონიზმი" ვუწოდოთ", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით "მუმიებისთვის" გაწვდილი ხელი - "პოლიტიკური ქამელეონიზმი".
"მას შემდეგ, რაც სააკაშვილისა და მისი პარტიის მომცრო ლიდერების წინასაარჩევნო საჯარო გამოსვლებში სიძულვილის ენამ და ოპონენტთა დაუფარავმა შეურაცხყოფამ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე მძაფრი კრიტიკა გამოიწვია, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ დაუკრეფავში გადავიდნენ. შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, სააკაშვილი ზუსტად ქამელეონივით მოიქცა - აგრესიული, შეუწყნარებელი პოლიტიკოსის იმიჯი და რიტორიკა მყისვე შეცვალა ლიბერალური და ტოლერანტული იმიჯითა და რიტორიკით. თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებზე აზრი არ შეუცვლია და მათ კვლავინდებურად "პოლიტიკურ მუმიებად", "უწმინდურებად" და "მტრის დამქაშებად: მიიჩნევს, მაგრამ შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე დაუტკბა და თანამშრომლობის ხელი გაუწოდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"16 სექტემბერს ბაგრატის ტაძრის ეზოდან პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებსაც ქვეყნის დაქცევას, წარსულში დაბრუნებასა და ათასგვარ ცოდვებს აბრალებდა, სააკაშვილმა მოულოდნელად "ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ" მოუწოდა. მისი თქმით, პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ, რომ იბრძოლებენ ქვეყნის დეოკუპაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოში ინტეგრაციისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ააწყობენ ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე და არ დაუშვებენ ქვეყანაში კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დაბრუნებას", - დასძენს გამოცემა.
"შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ, რომ ყველა ჩვენგანი, პირველ რიგში, საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის "ქრისტიან-დემოკრატი", "ლეიბორისტი", "მეოცნებე", "მემარჯვენე" თუ "მემარცხენე", - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია და არ განუმარტავს ერთი რამ: შეუძლიათ კი მიმართვის ადრესატ პოლიტიკურ პარტიებს ერთ დღე-ღამეში შეიცვალონ თავიანთი პოზიციები, ანუ, ქამელეონივით მოიქცნენ და ფერი იცვალონ?! როგორც ჩანს, არა. ბაგრატის ტაძრის საზეიმო გახსნისა და კურთხევის შემდეგ იქ მყოფი არც ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ გამოეხმაურა სააკაშვილის მიწვევას საზეიმო ბანკეტზე", - წერს სტატიის ავტორი.
"ბაგრატის ტაძრის კურთხევას არ დაესწრო სააკაშვილის მთავარი მეტოქე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უარყო სახელისუფლებო არხების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მის გუნდსა და ხელისუფლებას შორის პარლამენტში ადგილების გადანაწილებაზე რამე შეთანხმება არსებობს... "როგორ შეიძლება სააკაშვილს კაცი მოელაპარაკოს, მას დაუჯეროს და ენდოს ხალხის ხმებისა და ნების საფასურად?! არავითარი 60/40-ზე და არავითარი შეთანხმება არ ყოფილა", - აღნიშნა ივანიშვილმა. მოუტანს თუ არა პოლიტიკური ქამელეონიზმი სასურველ შედეგს სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას", ამას შევიტყობთ იმ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან, რომლებმაც ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნები აღმოაჩინეს. სააკაშვილის რიტორიკისა და ქცევის ასეთი მყისიერი ცვლილება კი მიანიშნებს, რომ მან მოახლოებული საფრთხე გააცნობიერა და თადარიგი დაიჭირა", - დასძენს სტატიის ავტორი.