შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ

"შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ზურაბ მალაზონიას დევნის მიზეზი 2009 წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში 200-კაციან ქორწილში დატრიალებული ამბავი გახდა: პოლიციელმა თამადამ სუფრასთან მსხდომთ ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს შესმა სკამზე დადგომით შესთავაზა, რასაც ზურაბ მალაზონიას პროტესტი და მუშტი-კრივი მოჰყვა. სამართალდამცველებმა ეს ამბავი ჩაფარცხეს, თუმცა მალაზონიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე სხვა მუხლით აღძრეს და დევნაც დაიწყო. ზურაბ მალაზონიამ კი თავი საფრანგეთს, კერძოდ, ქალაქ სტრასბურს შეაფარა და ამჟამად "ქართული ოცნების" მხარდამჭერია", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ / "გაცეცხლებულმა სულ კერპთაყვანისმცემლები ვუძახე. დაიწყო გაწევ-გამოწევა და პოლიციის უფროსსაც და მის მოადგილესაც ჩემგან მუშტებიც მოხვდათ”.

"2003 წლიდან ვმუშაობდი ოპერატიული დაზვერვის მე-7 სამმართველოში, რომელიც შსს-ს ექვემდებარებოდა, მაგრამ უფრო უშიშროების ხაზით მუშაობდა. 2005 წლიდან, გურიის რეგიონის ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსად ყოფნის პერიოდში, პრობლემები შემექმნა სოსო თოფურიძესთან, რომელიც იმხანად გენინსპექციის უფროსის მოადგილე იყო. სოსო თოფურიძე და გენინსპექციის თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი გურიაში ბრძანდებოდნენ ვითომ შემოწმებაზე, სინამდვილეში, მუშაობდნენ ხალხის გადასაბირებლად, ცდილობდნენ მოსახლეობაში შიშის დანერგვას, ჩემგან კი მოითხოვდნენ თანამდებობის პირების, მაგალითად, გუბერნატორის, მისი მოადგილისა და სხვების, ასე ვთქვათ "გატელევიზორებას". ჩემს დაქვემდებარებაში იყო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონები. გენინსპექციაში ჰქონდათ ინფორმაცია იმ ადამიანებზე, ვინც თურმე ოდესღაც ნარკოტიკს მოიხმარდა და გურიის გუბერნიის აპარატში მუშაობდა, ვიღაც ოდესღაც ”პლანს” ეწეოდა და მერე პოლიციელი გახდა... მე ისინი უნდა დამეჭირა და გამეკეთებინა სატელევიზიო შოუ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.

"არასდროს ისე არ მიცხოვრია, ჩემს რაიონში მე და ჩემს შვილებს ქუჩაში გასვლის შეგვრცხვენოდა, ამიტომ დავტოვე სამსახური... მაგრამ მათ უჩემოდ მაინც გააკეთეს ის, რაც უნდოდათ - თბილისიდან ჩამოიყვანეს თავიანთი ხალხი, რომლებმაც იმ პირებს ჩაუდეს ნარკოტიკები და დააკავეს. ასე თესავდნენ ხალხში შიშს და აჩვენებდნენ, რომ თითქოს ერთმანეთსაც არ ინდობდნენ. გუბერნატორ ჟანი კალანდაძის მოადგილე, შესანიშნავი ადამიანი, გოგა გეგეჭკორი ამათი დანიშნული იყო. როცა მისი დაჭერა დამავალეს, თოფურიძეს ვუთხარი, თუ გათავისუფლება გინდათ, დავუძახებ და ვეტყვი, წავიდეს, მაგრამ ვერ დავიჭერ-მეთქი. შემდეგ ის კაცი დააქვეითეს. იმხანად რესპუბლიკის სამძებრო განყოფილების უფროსი იყო ირაკლი ქადაგიძე. 2004 წლის ნოემბერში მისი ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ გურიაში სპეცრაზმელები, დაიჭირეს ხუთი-ექვსი კაცი, რომლებიც ერთ კვირაში გაათავისუფლეს. სწორედ ამის გამო წამოვედი სამსახურიდან", - განაგრძობს რესპონდენტი.

"2009 წელს ვმონაწილეობდი "საკნების აქციაში". გურიაში "ეროვნული ფორუმის" ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ, რომლის ბიუროს წევრიც ვიყავი. ამასთანავე, მყავდა სამარშრუტო ტაქსები, რომლებითაც "საკნების აქციისას" ხალხი გადაგვყავდა და დაიწყეს ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა - რეგულარულად მაჯარიმებდნენ, მანქანა დამიყადაღეს... იმავე წელს ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში ერთ-ერთ ოჯახში ქორწილში ვიმყოფებოდი, იქ იყო პოლიციის უფროსი გია ურიდია მთელი განყოფილებით. თამადა გახლდათ პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც სუფრის წევრებს ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს შესმა სკამზე დადგომით შემოგვთავაზა. ეს იყო ჩემთვის ბოლო წვეთი. გაცეცხლებულმა სულ კერპთაყვანისმცემლები ვუძახე. დაიწყო გაწევ-გამოწევა და პოლიციის უფროსსაც და მის მოადგილესაც ჩემგან მუშტებიც მოხვდათ. აგრეთვე მოხვდა სამძებრო განყოფილების უფროსს გურამ ასათიანს, რომელიც დღეს მეძებს. მომხდარის გამო იმხანად ვერ დამაპატიმრეს, რადგან ქორწილში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მიცნობდნენ. ამიტომ პოლიციელებმა ხელის შემობრუნებაც კი ვერ გამიბედეს. აი, შემდეგ დაიწყო ჩემი დევნა-შევიწროება. იძულებული შევიქენი, ქვეყანა დამეტოვებინა. ჩამოვედი საფრანგეთში და 2010 წელს მოვითხოვე პოლიტიკური დევნილის სტატუსი, რომლიც ერთი წლის შემდეგ მომანიჭეს კიდეც", - განმარტავს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი.

"ეს ამბავი მიჩქმალეს, რადგან არ სურდათ, პოლიციის სახელი შებღალულიყო. შეთითხნეს საქმე და წამიყენეს 181-ე მუხლი - სახელმწიფო ქონების გაფლანგვა-მითვისება. საქმეს სამჯერ მისცეს სხვადასხვა კვალიფიკაცია და მოწმეებად შსს-თან შეკრული პირები მოიყვანეს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. შემითითხნეს საქმე, დაუსწრებლად გამომიტანეს განაჩენი და 7,5 წელი მომისაჯეს. მადლობა ღმერთს, საკონსულომ ჩემს ცოლ-შვილსაც გაუგზავნა ვიზები და დღეს ყველანი ერთად ვცხოვრობთ. მე არ მაქვს საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ საკონსულოში შესვლის უფლება, მაგრამ ვარ აქციის ორგანიზატორი სტრასბურში - მოვაგროვე საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები (ოფიციალური მონაცემებით, აქ 300 ქართული ოჯახი ცხოვრობს. ამას თუ დავუმატებთ არალეგალურად მცხოვრებლებს, მათი რიცხვი სამჯერ მეტია) სტრასბურში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, მაგრამ ამაოდ. ამჟამად მხოლოდ პარიზშია საარჩევნო უბანი. საფრანგეთში უამრავი ქართველი სტუდენტია. ცესკოს მივმართე თხოვნით, რომ ისინი საარჩევნო კომისიაში აღრიცხვაზე აეყვანათ, მაგრამ ამაზეც უარი თქვეს", - ამბობს ზურაბ მალაზონია.

"თითოეული პირი ორჯერ უნდა ჩასულიყო პარიზში - ერთხელ დასარეგისტრირებლად, მეორედ - არჩევნებში ხმის მისაცემად. ეს დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს, ლეგალურად ვცხოვრობ თუ არალეგალურად, მე ვარ ქართველი და მაქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს პროტესტი იმის გამო, რომ ეს არჩევნები უკვე არალეგიტიმურია, რადგან დაახლოებით მილიონ ადამიანს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქართველოს ხელისუფლებამ ეს სპეციალურად გააკეთა, არჩევნებში რომ არ მიგვეღო მონაწილეობა. როგორ შეიძლება, სახელმწიფომ მილიონ მოქალაქეზე თქვას უარი? ჩვენ რამდენიმე საპროტესტო აქცია გავმართეთ ევროპარლამენტთან, ევროსაბჭოსთან, ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და გამოვიყენოთ კონსტიტუციური უფლება. ეს საქართველოშიც უნდა გაპროტესტდეს, აქამდეც უნდა ატეხილიყო ერთი ამბავი. დავანებოთ თავი საფრანგეთს. როგორ შეიძლება, რუსეთში არ იყოს საარჩევნო უბანი, როცა იქ უამრავი ქართველი ცხოვრობს? შეიძლება, საქართველოს მოსახლეობის 30%-ს არ ეძლეოდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება?!" - დასძენს ზურაბ მალაზონია და შეკითხვას - "თუკი არჩევნები უკვე გაყალბებულია, გამოდის, "ქართული ოცნება" მეორე ადგილისთვის იბრძვის..." - პასუხობს:

"თუ კოალიცია დათანხმდა მეორე ადგილს, უარს ვიტყვი საქართველოს მოქალაქეობაზე და პროტესტის ნიშნად საჯაროდ დავწვავ საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ქვეყნის სათავეში ნაციონალები თუ დარჩებიან, სამშობლო აღარ გვექნება, ქართველი, როგორც ეთნოსი, აღარ იარსებებს. ამათ თუ არჩევნების გაყალბება მაინც მოახერხეს, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს შესაბამისი. ნაცმოს ლევან გაჩეჩილაძემ მოუგო არჩევნები და დღეს როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ მას 20-25%-ზე მეტი რესურსი აქვს? სტრასბურს არ ახსოვს ქართველების ასეთი ორგანიზებულობა და აქტიურობა, ისინი არასდროს გამოსულან და არ გამოუთქვამთ პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ. დღეს კი ჩვენში დიდი მუხტია".