(იბეჭდება შემოკლებით)
იყო დრო, ქართველი მეფეები, პოლიტიკოსები საკუთარ შვილებს, დედებს მტერს მძევლებად უგზავნიდნენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინათ. თეიმურაზ პირველმა შაჰ-აბასს დედაც, ქეთევანი, გაუგზავნა და შვილებიც. გიორგი სააკაძემ ვაჟი დატოვა მძევლად. დროება შეიცვალა, ახლა საკუთარ ცოლებს, შვილებს, და-ძმებს მტერთან კი არა - პარლამენტში აგზავნიან.
რატომ უჩნდებათ პოლიტიკოსებს შვილების ან მეუღლეების გადეპუტატების სურვილი? რატომ მოდიან პოლიტიკაში ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებს მაღალი თანამდებობები უჭირავთ აღმასრულებელ ან საკანონმდებლო ხელისუფლებაში?
თან არ დაგავიწყდეთ, ისინი ჯერ პოლიტიკურ პროცესებში კი არ ერთვებიან და შემდეგ კარიერას პარლამენტში კი არ აგრძელებენ, არა, პირდაპირი რეისით გარბიან ოჯახიდან პარლამენტში.
მოკლედ, რეალობა ასეთია - თითო მარკშეიდერის პრინციპით ყველა გავლენიან ოჯახს სურს პარლამენტში თითო კაცის გაყვანა. ოჯახებს სჭირდებათ საოჯახო ინტერესების ლობისტები პარლამენტში. ოჯახის ექიმი, ოჯახის ადვოკატი, ოჯახის პარლამენტარი...
ხანდახან ხდება პირიქითაც. მსხვილი ჩინოვნიკები დეპუტატდებიან, თავიანთ თანამდებობებზე კი თავის მემკვიდრეებს ტოვებენ. მაგალითად, მეგზევე ბორის სარალიძემ, ტრასების რა მოგახსენოთ, მაგრამ საკუთარ შვილს კი ნამდვილად გაუკვალა გზა კარიერისკენ, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ საკუთარი ვაჟი - ზურაბ სარალიძე დატოვა.
პარლამენტში მოდიან ბადრი პატარკაციშვილის დები. მისი ერთი და - მზია თორთლაძე საკრებულოს წევრი გახდა „ახლებიდან“. ახლა ის პარლამენტში მოდის „ახლების“ სიით. მეორე და - ნანა პატარკაციშვილი ყვარელში იყრის კენჭს.
თუ შარშან ტრადიციონალისტების კვოტით ქართულ პარლამენტში პირველი ცოლ-ქმარი გამოჩნდა, ზაზა ოქუაშვილისა და ნატო ჩხეიძის სახით, ახალ პარლამენტში ორი წყვილი ცოლ-ქმარი გვეყოლება. ნატო ჩხეიძე და ოქუაშვილი „აღორძინების“ სიით შემოვლენ პარლამენტში, ვახტანგ რჩეულიშვილი და მაია რჩეულიშვილი კი - სახელისუფლებო ბლოკის სიით.
ამბობენ, რომ მაია რჩეულიშვილი გაცილებით გონებაგახსნილი და გამჭრიახია ქმარზე. ასე რომ, ახალ პარლამენტში, რჩეულიშვილს მარტო ბადრი ბიწაძის ცოლი კი არა, უკვე საკუთარი ცოლიც დაჩრდილავს. როგორც ნადეჟდა კრუპსკაია გვიჩრდილავდა თავის დროზე ილიჩს.
დღემდე გაურკვეველია, პარლამენტში კობა ბუჩუკურიც მოვა, თუ საკანონმდებლო ორგანოში მეუღლეს, ქალბატონ მარინა მოლოდინს მარტო გამოუშვებს.
პოლიტიკაში ყოფნის სურვილი ძმებზე, შვილებზე, მეუღლეებზე ერთნაირად გადადის. ამის მაგალითია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას „გაპრემიერმინისტრება.“ მანანა არჩვაძე ახლაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, იმისთვის, რომ დაამტკიცოს გადატრიალების შემდეგ ჩატარებული არჩევნების უკანონობა...
სამაგიეროდ პრეზიდენტის შვილი - გიორგი გამსახურდია მიიღებს მონაწილეობას „უკანონო“ არჩევნებში. ის აბაშის რაიონში „ფაქტობრივი“ ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატი იქნება. „უკანონო“ არჩევნებისთვის ასევე „იმეტებენ“ შვილებს აბსანძის გუნდში მყოფი ზვიადისტებიც.
„ალიას“ ინფორმაციით, აბსანძის სიაში შესაძლოა უზენაესი საბჭოს წარმომადგენლების - ნემო ბურჭულაძისა და რობერტ პეტრიაშვილის ვაჟებიც აღმოჩნდნენ. ამ ინფორმაციას სუკის გავრცელებულად ნათლავს რობერტ პეტრიაშვილი: „ჩვენ, კანონიერი ხელისუფლების დეპუტატები, არ ვმონაწილეობთ ამ არჩევნებში... ჩვენი შვილები არიან აბსანძის პარტიის წევრები. განსაკუთრებით ბიჭი არის დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით, მაგრამ ის არ იქნება საარჩევნო სიაში. დიდი ხანია ამაზე ლაპარაკობენ. ეს არის დეზინფორმაცია, „სუკისგან“ მოგონილი... ჩემი შვილი ჯერ 25 წლისაც არ არის და აქედან გამომდინარე, სიაში ვერ იქნება...“
დემოკრატი ელენე თევდორაძე კი საკუთარი ვაჟის ლობირებაშია შემჩნეული.
„ალია“ ელენე თევდორაძესაც დაუკავშირდა.
ამბობენ, რომ თქვენი შვილის ჩასმა გინდოდათ „ბურჯანაძე - დემოკრატების“ საარჩევნო სიაში.
- არა, ახლა არ მქონია ამაზე საუბარი, იმიტომ, რომ ჩემი კოტე საოცრად აპოლიტიკურია. ისე, ერთი პერიოდი მინდოდა, ისიც ყოფილიყო პოლიტიკაში. მაგალითად, 1995 წელს, როცა სიაში ჩასმას მთავაზობდნენ, ვთქვი, მე ნუ ჩამსვამთ, ოღონდ ჩემი შვილი ჩასვით-მეთქი... ვიფიქრე, ის უფრო ახალგაზრდაა... ჩემმა ვაჟმა თავად თქვა უარი, პოლიტიკა არ აინტერესებს და იმიტომ.
რატომ, ერთი პერიოდი ხომ იყო სმკ-ს წარმომადგენელი?
- ოჰ, ის მაშინ სამეურნეო დარგს ხელმძღვანელობდა... „ზავხოზი“ იყო და მეტი არაფერი. სიმართლე გითხრათ, ჩემი შვილი მართლა არ იქნება საარჩევნო სიაში, მაგრამ ნახავთ თქვენ, როგორ გადეპუტატდებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა ოჯახის წევრები... ბევრს უნდა, პოლიტიკას თავი დაანებოს ბიზნესის ან რაიმე საქმიანობის გამო, პარლამენტში კი ოჯახის წევრი გაიყვანოს.
ასეა, ჯერჯერობით მხოლოდ შევარდნაძის ოჯახის ინტერესებზე ვლაპარაკობთ, ამასობაში კი, თვალსა და ხელს შუა, როგორც თავის დროზე დიღმის ტრასაზე ბუტკები, ისე წამოიჩიტა არაერთი „ოჯახი“. ოჯახური პოლიტიკის დრო დგება და ეგაა.