არჩილ გამზარდია:

არჩილ გამზარდია: "ჯერ ერთმა მხარემ მოიგდო ხელთ ინფორმაცია და რაკიღა ამ ინფორმაციის დამალვა ვეღარ მოხერხდებოდა, ხელისუფლებამ თავისი ვერსია გამოაქვეყნა"

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის არჩილ გამზარდიას აზრით, "სამართალდამცველებმა იგრძნეს რა ჩავარდნა, ყვირილი და ხალხის რისხვის სხვა მხარეს მიმართვა პირველებმა დაიწყეს".

გამზარდია მიიჩნევს, რომ "ჯერ ერთმა მხარემ მოიგდო ხელთ ინფორმაცია და რაკიღა ამ ინფორმაციის დამალვა ვეღარ მოხერხდებოდა, ხელისუფლებამ თავისი ვერსია გამოაქვეყნა".

"საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, საარჩევნო პროცესის შემადგენელ ნაწილს უფრო ჰგავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საზოგადოებასთან ურთიერთობისას გამოყენებულია პროპაგანდისტული ტექნიკა, რომელსაც პირობითად "დაიჭირე ქურდს" უწოდებენ. ამ მეთოდის მიზანია, მიმბაძველებთან არევა. ამ მეთოდს სახელმწიფო უწყებები ხშირად მიმართავენ და ის გამოიყენება დისკრედიტაციისთვის, როდესაც დამნაშავეები, გრძნობენ რა ჩავარდნას, ყვირილს პირველები იწყებენ და ხალხის რისხვას სხვა მხარეს მიმართავენ. ყველაზე ხშირად ამ მეთოდს გამოიყენებენ "სამართალდამცველები", რომელთა ამოცანას მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრიობის დეზორგანიზაცია წარმოადგენს"  - აცხადებს გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირების და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან მიიღეს და დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად - თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხორციელდებოდა.

მოგვიანებით, ტელეკომპანიებმა "მაესტრომ" და "მე-9 არხმა" გაავრცელეს ვიდეო-მასალები, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის მაისში გადაღებული პატიმართა წამების ფაქტები არის ასახული. "მე-9 ახრის" აცხადებს, რომ ეს ვიდეო-მასალა ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს მიაწოდა მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.