ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ხვალ ფეხზე დავაყენებ მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, რათა თამაზ თამაზაშვილს არაფერი დამართონ"

კოალიცია "ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ხვალ ფეხზე დავაყენებ მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, რათა თამაზ თამაზაშვილს არაფერი დამართონ".

‘"ეს იყო პირველი მსხვერპლი, როდესაც მე პოლიტიკაში შემოვედი, ეს გახლავთ თამაზ თამაზაშვილი. ეს გახლავთ ჩემი ძალიან ახლობლის ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი. მოგეხსენებათ, ღარიბაშვილი წლებია, ჩემთან თანამშრომლობს. ახლა ახალ ავანტიურას აწყობენ. მე ხვალ ფეხზე დავაყენებ მთელი მსოფლიოს საზოგადოებას, რათა ამ კაცს არაფერი დამართონ. ეს არის ძალიან წესიერი კაცი და ძალიან ბევრი სიბინძურე აუგორეს მას, არაფერი არ დაიჯეროთ, ის ძალიან წესიერი კაცია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას რაიმე არ ავნონ", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებში კოალიცია "ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამა, ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი ფიგურირებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების საფუძველი გლდანის მე-8 საპყრობილედან მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გახდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე. მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან. ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიების ამ ეტაპზე დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.